საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124010699651
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1016აპ-25 ქ. თბილისი
ს. დ., 1016აპ-25 13 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,პროკურორების – თორნიკე მახათაძის, გიორგი კოკაიას,მსჯავრდებულის – დ. ს-ს,ადვოკატის – ე. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ს-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას, კერძოდ, დამნაშავისათვის, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
დ. ს-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 11 ნოემბერს, ღამის საათებში, .... მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, დ. ს-მ თანნაქონი მჭრელი საგნის გამოყენებით, არასრულწლოვან ა. ხ-ს მიაყენა ორი ნაკვეთი ჭრილობა, კერძოდ: ერთი მარცხენა ბეჭის ძვლის ზედა მესამედში, ხოლო მეორე – მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 ივნისის განაჩენით დ. ს., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული და 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული და 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით შემცირებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
გაუქმდა დ. ს-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
დ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2024 წლის 18 ნოემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. მ-მ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულ დ. ს-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. მ-მ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულ დ. ს-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით შერაცხილ ბრალდებაში, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, კასატორის მოსაზრებით, საქმეში არ არსებობს ისეთ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა დ. ს-ს ბრალეულობას; ვიდეოჩანაწერებში ასახულია მხოლოდ ოთხი პირის გადაადგილება, მასში არ ჩანს უშუალოდ დაჭრის მომენტი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაზიანებების სახესა და ხარისხს ადგენს, მაგრამ არა დამზიანებლის ვინაობას; ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტი, ეფუძნება იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც სასამართლოში არ დაადასტურეს გამოკითხვის ოქმებში მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია. კერძოდ, მოწმე გ. ს-მ სასამართლოში განაცხადა, რომ თავად დაჭრის ფაქტს არ შესწრებია. ამასთან, დაზარალებულ ა. ხ-ს განმარტებით, მან გამომძიებელს გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ მიაწოდა, ხოლო მოწმე გ. ბ-მ სასამართლოში უარყო შემთხვევის უშუალო შესწრების ფაქტი.
6. საკასაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა დ. ს-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ე. მ-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო ბრალდების მხარემ – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქმნის თუ არა საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ. ს-ს მიერ ა. ხ-სთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტს. ამ თვალსაზრისით, სასამართლო შეაფასებს, როგორც დაზარალებულისა და მოწმეების სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, ისე − გამოძიების ეტაპზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, ვიდეოჩანაწერს, ნივთიერ მტკიცებულებებსა და ექსპერტიზის დასკვნას, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ურთიერთშეთანხმებულებისა და საკმარისობის თვალსაზრისით.
3. საქმის მასალებითა და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება შემდეგი:
4. დაზარალებულ ა. ხ-ს ჩვენებით, 2024 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, ... შეესწრო ჩხუბს. ვ-ში მეგობართან გ. ბ-თან ერთად იმყოფებოდა და სხვა მეგობრებს ელოდებოდნენ. იქ ადგილზე, დაახლოებით, 7-8 კაცი შეკრებილიყო და ერთმანეთში დაძაბულად საუბრობდნენ. დაზარალებულმა მოჩხუბრებს მოუწოდა „ბიჭებო პოლიციაში დარეკეს და დაიშალეთო“. იმიტომ ჩაერია, რომ არ ეჩხუბათ და პოლიცია არ მისულიყო, რადგან უცნობი ქალბატონი რეკავდა პოლიციაში. ამიტომ უთხრა ბიჭებს, რომ არიდებოდნენ პოლიციას. იმ შვიდ-რვა ბიჭთაგან ორი გამოვიდა, შენ – ვინღა ხარო, – და მ-ს უკან გაიყვანეს სასაუბროდ. ამათგან ერთ-ერთმა დაჭრა. სულ ორი ჭრილობა ჰქონდა, მარცხენა მხარში, წინა და უკანა მხარეს. მარჯვენა ხელით დაარტყა, თავიდან ეგონა, რკინა ჩაარტყა, მის ხელში რაიმე იარაღი არ დაუნახავს. იქ შეკრებილი ბიჭებიდან, ვინმე სხვას მისთვის რაიმე დაზიანება არ მიუყენებია. გ-ი მის უკან ზურგით იდგა, სხვა პირები ესაუბრებოდნენ და მისი დაჭრის ფაქტი დაინახა თუ არა, არ იცის. გ. ბ-მ შემდეგ უთხრა, რომ დაჭრის შემდგომ ეძებდა, მაგრამ ადგილზე, რომ ვერ ნახა, ტაქსით სახლში წავიდა.
დაზარალებულმა პროკურორისა და ადვოკატის კითხვებზე, კატეგორიულად მიუთითა, რომ სასამართლო დარბაზში მყოფი ბრალდებული (დ. ს-ი) არ იყო ის პირი, რომელმაც დაჭრა, რადგან იმას ბევრად გრძელი, ყურამდე თმა ჰქონდა და მასზე დაბალი იყო. დაჭრამდე, მან და გ-მ მ-სთან ორი უცნობი პირი გაიცნეს, ერთმანეთს სახელები უთხრეს და რომელი უბნიდან იყვნენ, მაგრამ არ ახსოვს მათი სახელები.
დაზარალებულმა დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, იმ დაზუსტებით, რომ ვ-ში უცხო ბიჭებს შორის დაძაბულობის დროს, პირველი თვითონ მივიდა მათთან და არა პირიქით. ბიჭებს უთხრა, რომ პოლიციაში დარეკა ვიღაცამ და მორიდებოდნენ ჩხუბს. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე, ოპერაციიდან მალევე გამოიკითხა, რის გამოც, ჯერ ისევ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამიტომ ბევრი რამ რაც გამოკითხვის ოქმში ეწერა, არ ახსოვს. ამოცნობაზე თანხმობა კი განაცხადა, მაგრამ არ შეეძლო ვინმეს ამოცნობა, თუმცა იქვე განაცხადა, მისი დამჭრელი რომ ეჩვენებინათ, შესაძლოა ამოეცნო კიდეც. მის გამოკითხვას მამა − დ. ხ. ესწრებოდა. საავადმყოფოში გამოკითხვის ოქმს გაეცნო და ხელი მოაწერა.
5. მოწმე გ. ბ-ს ჩვენებით, არც ბრალდებულს და არც დაზარალებულს არ იცნობს, ა. ხ.- მომხდარი ფაქტის დღეს მ. სადგურ „...“ გაიცნო. მანამდე უბრალოდ შეხვედრილი იყო დაზარალებულს, ახლოს არ იცნობდა. 2024 წლის 11 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე ა. ხ-მ თ-ში, ვ-ს მ-სთან ტელეფონზე დარეკვა სთხოვა და იმ დროს გაიცნო. შემდეგ დაემშვიდობა და სახლში წავიდა. შემთხვევა როგორ მოხდა, არ იცის, მომხდარ ფაქტს არ შესწრებია. გამოძიების ეტაპზე მისი მოწმის სახით გამოკითხვას ბაბუა ა. ზ. ესწრებოდა. ჩვენება მას არ დაუწერია და არც გასცნობია, უბრალოდ ხელი მოაწერა. გამოკითხვის ოქმი ბაბუამ წაიკითხა თუ არა, არ იცის. გამოკითხვის ოქმზე რაიმე შენიშვნა არ მიუთითებია. მოწმის სახით გამოკითხვისას მის მიმართ გამომძიებლის მხრიდან იძულებას ადგილი არ ჰქონია. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას არ ეთანხმება, ა. ხ. ვ-ში გაიცნო, მასთან ერთად ვ-ს მ-სთან, დაახლოებით, 20-25 წუთი გაჩერდა. ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, თვითონ სახლში წავიდა. ა. ხ. იქ დარჩა და მისი დაჭრის ფაქტს არ შესწრებია. ა-ს გარდა იქ სხვა ბიჭები საერთოდ არ უნახავს.
6. მოწმე გ. ს-ს ჩვენებით, დ. ს. არის მისი მეგობარი, დაზარალებულს არ იცნობს. 2024 წლის 11 ნოემბერს დ. ს-თან ერთად იმყოფებოდა ვ-ში, მ-სთან და აპირებდნენ დ-თან სახლში წასვლას. ამ დროს, შეესწრნენ უცხო პირებს შორის კონფლიქტს. მათი უბნელები არ იყვნენ, ვერავინ იცნეს. დაძაბულობა და გაწევ-გამოწევა იყო. იქვე იმყოფებოდა ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც ყვიროდა: „დაიშალეთ, თორემ პოლიციაში დავრეკავო“. ჩხუბში არ ჩარეულან და ის და დ. სახლებში წავიდნენ. გამოძიების ეტაპზე გამოკითხეს მოწმის სახით. მის მიერ მიცემული ჩვენება ზედაპირულად გადაიკითხა, ბოლომდე არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი.
პროკურორის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ, მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ის და დ. ს. ვ-ს მ-სთან იდგნენ, მათთან მივიდა ორი ბიჭი და სიგარეტი სთხოვეს. უთხრეს, რომ სიგარეტი არ ჰქონდათ. მათ ერთმანეთი გაიცნეს. მხოლოდ სახელები და გვარები ჰკითხეს ერთმანეთს. უცნობმა ბიჭებმა უთხრეს, რომ ავჭალელები იყვნენ. აღნიშნული ბიჭები გამომწვევად და უხეშად საუბრობდნენ, რის გამოც, მათი საუბრის ტონი არ მოეწონათ და საუბარი დაეძაბათ. ვინაიდან მ-სთან ბევრი ხალხი მოძრაობდა, მან და დ-მ უთხრეს, რომ სასაუბროდ გვერდით გასულიყვნენ. ისინი ერთად ავიდნენ ვ-ს მ-ს უკან, მ-ს ქუჩაზე. ერთ-ერთ ბიჭს ხელი ზურგს უკან ჰქონდა დამალული. ისე იქცეოდა, თითქოს დანა ეჭირა. აღნიშნული გახდა კონფლიქტის მიზეზი და ჰკითხა რამე ხომ არ ჰქონდა თან, თუმცა მან უარყო დანის ქონა. ამ დროს, იქვე ერთმანეთში დაძაბულად საუბრობდნენ სხვა, მათთვის უცნობი ბიჭები. უცნობებს შორის გაწევ-გამოწევა იყო, უცხო ქალიც ლაპარაკობდა. იმის გამო, რომ დ. ს. პირობით მსჯავრდებული იყო, გ. დ-ს უთხრა, შარში რომ არ გახვეულიყვნენ, იქაურობას გასცლოდნენ. ამ დროს დაემშვიდობნენ ამ ორ ბიჭს, რომლებიც მ-სთან გაიცნეს და სახლში წავიდნენ. მათ მიერ გაცნობილი ორი ბიჭი ადგილზე დარჩა თუ არა, არ იცის. არც ის იცის, შეემთხვათ თუ არა მათ რამე.
გ. ს-მ მხარეთა მიერ დასმულ კითხვებზე დამატებით განმარტა, რომ როდესაც ორ გაცნობილ ბიჭთან ერთად ვ-ს მ-ს უკან ავიდნენ სასაუბროდ, დ. სახლში საერთოდ არ შესულა, არც უთქვამს, რომ შევიდოდა და მალევე გამოვიდოდა. დ-ს არავისთვის დანა არ დაურტყამს, მას ხელში დანა საერთოდ არ სჭერია და არც დაჭრილი დაუნახავს. დაზარალებულს დაზიანება ვინ მიაყენა არ იცის, რადგან მოწმე დ-თან ერთად წავიდა იქიდან. იქ ვიღაცეებს შორის კონფლიქტი გრძელდებოდა, თუმცა მათი წასვლის მერე რა მოხდა, მისთვის უცნობია.
7. მოწმე ს. ბ-ს ჩვენებით, დაზარალებული ა. ხ. არის მისი შვილი, ბრალდებულს არ იცნობს. ა-მ 2024 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე დაჭრის ფაქტი შეატყობინა მის მეუღლეს დ. ჭ-ს, დამჭრეს და წამიყვანეთო. დ. ჭ-სთან ერთად მივიდა ვ-ში ,,...“ ბენზინგასამართ სადგურთან და ა. იქ ნახა. წამოიყვანეს სახლში. მხოლოდ სახლში მისვლის შემდგომ გაიგო, რომ ა. დაჭრილი იყო. როდესაც გახადეს ტანსაცმელი მარცხენა მხარში მართლაც ჰქონდა ორი ჭრილობა უკნიდან და წინიდან. ა-მ უთხრა, რომ იმყოფებოდა „...“ მ-სთან, რა დროსაც შეესწრო უცნობებს შორის კამათს. უცნობ ბიჭებს უთხრა პოლიციაში დარეკეს და დაიშალეთო. ამის გამო სრულიად უცნობმა ადამიანმა მიაყენა ჭრილობა. ა-ს ჭრილობაზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. სახლში ჭრილობა დაუმუშავეს და თავადვე ავტომანქანით გადაიყვანეს „...“. საავადმყოფოს თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. ა-ს დაზიანებები ვინ მიაყენა, არ იცის.
8. მოწმე ა. ზ-ს ჩვენებით, გ. ბ. არის მისი შვილიშვილი და მის გამოკითხვას ესწრებოდა. გამოკითხვა მშვიდ, წყნარ ვითარებაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. გამოკითხვის ოქმს თავად არ გასცნობია, რადგან სათვალეები არ ჰქონდა თან. ოქმი არც გ–ს წაუკითხავს, ისე მოაწერეს ხელი. გამომძიებელმა წაუკითხათ თუ არა, არ ახსოვს.
9. მოწმე მ. ლ-ს ჩვენებით, გ. ს. არის მისი შვილი და გამოძიების ეტაპზე მის გამოკითხვას ესწრებოდა როგორც კანონიერი წარმომადგენელი. გ-მ ჩვენება მისცა, ჩვენება გამომძიებელმა წაუკითხა და მოაწერეს ხელი. თავად ჩვენება არ წაუკითხავთ. მომხდარი ფაქტის შესახებ შვილის მონაყოლიდან იცის.
10. მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა − ი. გ-მ და კ. გ-მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. გამომძიებელმა კ. გ-მ დამატებით განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და აწარმოა მან, საქმის ძირითადი გამომძიებელი თავად იყო.
11. 2024 წლის 11 ნოემბრის ამოღების ოქმით, გამომძიებლის მიერ ... მდებარე ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან ე. გ-სგან ამოღებული იქნა ა. ხ-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის, სისხლისმაგვარი ლაქები.
12. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2024 წლის 11 ნოემბერს გამომძიებლის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერებული იქნა .... მიმდებარე ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს მოასფალტებული გზის სავალ ნაწილს, საიდანაც ნანახი და ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია კერძო სახლი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომლებიც ერთვის ოქმს.
13. 2024 წლის 11 ნოემბრის ამოღების ოქმით, გამომძიებლის მიერ ს. ბ-სგან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის გრძელსახელოებიანი კაპიუშონიანი ჰუდი წარწერით „UNDER ARMOUR“, რომელსაც მარცხენა წინა და უკანა ზედა მხარეს აღენიშნება დაზიანება, ასევე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.
14. 2024 წლის 11 ნოემბრის ამოღების ოქმით, გამომძიებლის მიერ ... მდებარე ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან ქ. ხ-გან ამოღებულ იქნა ერთი ცალი, თეთრი ,,აიფონის“ მარკის მობილური ტელეფონი, რომელიც მოთავსებული იყო შავი ფერის ბუდეში. მობილურ ტელეფონსა და მის ჩასადებ ბუდეს შორის ნანახი იქნა ა. ხ-ს სახელზე გაცემული ...“ პლასტიკური ბარათი და 1 ცალი ბანქოს ფურცელი.
15. 2024 წლის 11 ნოემბრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, გამომძიებელმა მ. მ–მ ჩაატარა ... მდებარე დ. ს-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც პირველ სართულზე ნანახი იქნა ყვითელი ყუთი წარწერით „...“, საიდანაც ამოიღეს შავი მაისური, რომელსაც მარცხენა მხრის წინა და უკანა მხარეს აღენიშნებოდა დაზიანება და სისხლისმაგვარი ლაქები. მ. მ-ს განმარტებით, აღნიშნული მაისური დაზიანებების მიღების შემდეგ, გაიხადა დაზარალებულმა ა. ხ-მ. ასევე, ამოღებულ იქნა შავ-თეთრ საწვიმარი ქურთუკი, თეთრი მაისური და შუაზე გახეული მწვანე მაისური, რომლებსაც ასევე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.
16. დ. ს-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, 2024 წლის 14 ნოემბერს გამომძიებელმა .... ჩაატარა დ. ს-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წელის მხრიდან, ამოღებულ იქნა წითელტარიანი დანა, წარწერით − „MAX BOSCH”.
17. 2024 წლის 14 ნოემბრის ამოღების ოქმით, გამომძიებელმა დ. ს-სგან ამოიღო ერთი წყვილი შავი სპორტული ფეხსაცმელი, ერთი ცალი შავი სპორტული შარვალი და ერთი ცალი შავი სპორტული კაპიუშონიანი ზედა.
18. გ. ბ-ს 2024 წლის 14 ნოემბრის ხელწერილით, მან კანონიერი წარმომადგენლის − ა. ზ-ს მონაწილეობით თანხმობა განაცხადა ფოტოსურათით ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე.
19. 2024 წლის 14 ნოემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, გ. ბ-მა ამოიცნო №3 ფოტოსურათზე გამოსახული დ. ს. და განმარტა, რომ ის იყო ის პირი, რომელიც 2024 წლის 10 ნოემბერს ნახა .... მიმდებარე ტერიტორიაზე და რომელმაც 2024 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ..., ზ------- მ----------–ის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს მის მეგობარ ა. ხ-ს დანით მარცხენა მხრის და ბეჭის არეში მიაყენა დაზიანებები. ამოცნობის ოქმზე ამომცნობი პირის გ. ბ-ს მიერ მიწერილია შენიშვნა: „გავეცანი ოქმს, სწორია და ვაწერ ხელს“. ამოცნობის ოქმის სისწორე, ასევე დაადასტურა გ. ბ-ს კანონიერმა წარმომადგენელმა − ა. ზ-მ.
20. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, გამომძიებლის მიერ ვითარების აღდგენის მიზნით, გ. ს-თან, მისი კანონიერი წარმომადგენლის − მ. ლ-ს მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მან მიუთითა თბილისში, ვ-ს მ-ს მიმდებარე კვების ობიექტებზე და განმარტა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს ის და დ. ს. იდგნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. ამ დროს მათთან მივიდა ორი პირი, რომელთაც სიგარეტი სთხოვეს, შემდეგ ერთმანეთი გაიცნეს სახელებითა და გვარებით. საუბარში ურთიერთობა დაეძაბათ, რის შემდეგაც, სასაუბროდ ზ. მ-ს ქუჩაზე გადავიდნენ. მათ შორის ურთიერთობა უფრო დაიძაბა. შემდეგ დ. ს. სახლში ავიდა, აიღო დანა და უკან ჩამოვიდა. დ. ს-მ დანა დაარტყა პირს, რომელსაც ეცვა ლურჯი შარვალი. ადგილზე შეიკრიბა ხალხი. შემდეგ მან და დ. ს-მ დატოვეს მიმდებარე ტერიტორია. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების, მათ შორის − გ. ს-ს და მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები ოქმს დაერთო.
21. ბრალდებულის დაკავების ოქმით, გამომძიებელ კ. გ-მ დ. ს. ბრალდებულის სახით დააკავა − 2024 წლის 18 ნოემბერს, 14:40 საათზე, ...
22. 2024 წლის 13 დეკემბრის ამოღების ოქმით, გამომძიებლის მიერ ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან ბ. ა-სგან ამოღებულ იქნა ა. ხ-ს სამედიცინო ისტორია.
23. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, 2024 წლის 5 დეკემბერს გამომძიებლის მიერ ... მდებარე ინდ. მეწარმე ნ-სგან გამოთხოვილ იქნა მისი კუთვნილი აფთიაქ „....“ გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები.
24. მოწმე გ. ს-ს 2024 წლის 23 დეკემბრის ხელწერილით, მან თანხმობა განაცხადა მონაწილეობა მიეღო ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერებაში.
25. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ასევე ვიდეოჩანაწერით, რომელიც გამომძიებლის მიერ ჩატარებულია მოწმე გ. ს-ს და კანონიერ წარმომადგენელ მ. ლ-ს მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ... მდებარე ინდ. მეწარმე ნ-სგან გამოთხოვილი აფთიაქ − „...“ გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. კადრებში ასახულია: ... მდებარე აფთიაქ „...“-ს მიმდებარე ტერიტორია. ჩანაწერის დროით 00:30:15 საათზე, კადრში ჩნდება ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი. რომლებიც გადაადგილდებიან ... მხრიდან ზემოხსენებული აფთიაქის მიმართულებით. აღნიშნული პირები აფთიაქთან მისვლის დროს ჩაივლიან აფთიაქისა და მის წინ მდგარ მოლურჯო ფერის მიკროავტობუსს შორის. მოწმე გ. ს-ს განმარტებით მარცხნიდან პირველი მამაკაცი არის თავად − საშუალო სიმაღლის, სრული აღნაგობის, გრძელი მუქი ხვეული თმით. აცვია შავი შარვალი, მუქი ჟაკეტი, რომელზეც მოცმული აქვს შავი ჟილეტი. ფეხზე აცვია შავი ფეხსაცმელი თეთრი თასმებით. მეორე პირი არის − დ. ს., საშუალო სიმაღლის და აღნაგობის. აქვს მუქი, გრძელი თმა. აცვია შავი შარვალი და შავი ზედა. ფეხზე აცვია შავი ფეხსაცმელი, გვერდებზე თეთრი წარწერით. მესამე პირი არის ა. . საშუალო სიმაღლის, გამხდარი. აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი. შავი კაპიუშონიანი სპორტული ზედა, რომლის კაპიუშონიც თავზე აქვს გადაფარებული, ხოლო ფეხზე აცვია ღია ფერის, სპორტული ფეხსაცმელი. მეოთხე პირი − არის ა. ხ-ს თანმხლები პირი, რომელიც შეესწრო მისი დაჭრის ფაქტს − საშუალო სიმაღლის, გამხდარი, აცვია მუქი ჯინსის შარვალი, დუტის, შავი კაპიუშონიანი ქურთუკი, რომლის კაპიუშონიც გადაფარებული აქვს თავზე, ასევე თავზე ახურავს შავი ქუდი და აცვია ამავე ფერის სპორტული ფეხსაცმელი, რომლის წინა მხარეც არის თეთრი. აღნიშნული პირები კადრიდან გადიან ჩანაწერის დროით 00:30:27 საათზე. ჩანაწერის დროით 00:36:02 საათზე, ზ. მ-ს ქუჩიდან აფთიაქთან მიდის ა. ხ., რომელიც ხელს იკიდებს მარცხენა მხრის მიდამოში და ჩანაწერის დროით 00:36:07 საათზე კვლავ ადის ამ ქუჩის მიმართულებით. ჩანაწერის დროით 00:36:45 საათზე ზ. მ-ს ქუჩიდან ჩამორბის ა. ხ. თანმხლები პირი, რომელიც გარბის „ვ-ს“ მ-ს მიმართულებით. გახსნა-დათვალიერებაში მონაწილე გ. ს-ს განმარტებით, 2024 წლის 11 ნოემბერს, .... ქუჩის 3--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ს–მ ა. ხ-ს დანის მეშვეობით მიაყენა ჭრილობა მარცხენა მხრისა და მარცხენა ბეჭის არეში, რა დროსაც ადგილზე იმყოფებოდა თავად და ა. ხ-ს თანმხლები პირი.
26. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 16 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის №. დასკვნით, ს-ს სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბეჭდით დამოწმებული, N... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ჩანაწერების თანახმად, მოქ. ა. ხ. აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2024 წლის 11 ნოემბერს 04:05 სთ-ზე (გაეწერა- 2024 წლის 12 ნოემბერს, 13:10სთ-ზე). მას დაუდგინდა მარცხენა მხრის ძვლის თავის ლატერალური კიდის (დიდი ბორცვის) მოტეხილობა მხრის სარტყლის კუნთებისა და ზედაპირული ვენების დაზიანებით. ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია სისხლმდენი ჭრილობები (ორი ჭრილობა) მარცხენა მხრის სარტყლის მიდამოში − მხრის სახსრის მიმდებარედ ვენტრალურ (წინა) მიდამოში მცირედ მარჯვნივ და გულმკერდის უკანა ზედაპირზე ბეჭის საპროექციოდ (ერთი ჩანაწერის თანახმად, ნაკვეთი ჭრილობები, ანგიოლოგის ჩანაწერის თანახმად, ნახეთქი ჭრილობები). აღნიშნულია ასევე სახის მიდამოში მარცხენა მხარეს ექსკორიაციები. წარდგენილი CD დისკის შესწავლის შედეგად, დადასტურდა მარცხნივ მხრის ძვლის თავის ლატერალური კიდის მოტეხილობა უმნიშვნელო ცდომით. ჭრილობების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერების (ნაკვეთი/ნახეთქი) არსებობის გამო, დაზუსტდა ასევე ჭრილობების ლოკალიზაცია და ხასიათი − აღინიშნება კანის დეფექტი არასწორი (დაჟეჟილი) კიდეებით, მარცხნივ მხრის მიდამოში და კანის დეფექტი სწორი კიდეებით მარცხნივ ბეჭის ხაზზე გულმკერდის მე-2 მალის დონეზე. მარცხენა მხრის ძვლის ბორცვის (თავის ლატერალური კიდის) მოტეხილობა დაჟეჟილ ჭრილობასთან ერთად. ამავე მხრის სახსრის მიდამოში დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს − 11.11.24 წელს. სწორკიდეებიანი (ნაკვეთი) ჭრილობა მარცხნივ ბეჭის მიდამოში განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს − 11.11.24 წელს. სახის მიდამოში მარცხნივ აღნიშნული ექსკორიაციები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული ექსკორიაციების მორფოლოგიური აღწერილობის არ არსებობის გამო.
27. პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ, მოწმეთა: ქ. ხ., ე. გ-ს, თ. მ-ს, ლ. კ-ს, მ. ქ-ს, გ. ს-ს, ნ. ო-ს, მ. ს-ს, ნ. ხ-ს, ლ. ჩ-ს, გ. კ-ს, გ. ქ-ს, დ. ქ-ს, ე. თ-ს, ნ. ხ-ს, ნ. ვ-ს, ა. მ-ს, ვ. დ-ს, ბ. მ-ს, გ. გ-ს, კ. ჯ-ს, ი. რ-ს, ლ. ო-ს, ქ. მ-ს, გ. მ-ს, გ. ბ-ს, გ. ღ-ს, თ. ნ-ს, ნ-ს, მ. მ-ს, დ. ხ-ს და ნ. ჯ-ს გამოკითხვის ოქმები, გ. ს-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და ნ-სგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ.
28. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოწმე გ. ბ--ს მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, დაზარალებულ ა. ხ--სა და მოწმე გ. ს-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებების ნაწილი, გ. ს-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, ვიდეოჩანაწერი და მის დათვალიერების ოქმში მოწმე გ. ს-ს მიერ მითითებული განმარტებები, ნივთიერ მტკიცებულებებსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ერთობლივად, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ. ს-ს მიერ ა. ხ-სთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებას. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებები ადგენს დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენების ფაქტს და შემთხვევის ზოგად გარემოებებს, თუმცა არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც დ. ს-ს მიმართ ინკრიმინირებულ ქმედებას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს, ხოლო მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულება შეაფასოს მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 259-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ხოლო განაჩენი დასაბუთებულია მხოლოდ მაშინ, თუ იგი ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი, ადგენს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება ვარაუდი.
30. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სამი პირის − დაზარალებულ ა. ხ-ს, მოწმეების − გ. ბ-სა და გ. ს-ს − სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის შედეგად, არ დადასტურდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოება – დ. ს-ს მიერ ა. ხ-ს დაჭრის ფაქტი; მართალია, დაზარალებულმა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ძირითადი ნაწილი დაადასტურა, მაგრამ უარყო, რომ იგი დ. ს-მ დაჭრა; თავის მხრივ, გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან განსხვავებით, მოწმე გ. ბ-მ საერთოდ უარყო შემთხვევის შესწრების, ხოლო – მოწმე გ. ს-მ ასევე არ დაადასტურა დ. ს-ს მიერ დაზარალებულის დაჭრის ფაქტი.
31. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმი თავისთავად ვერ ჩაანაცვლებს მოწმის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ იქნა შემოწმებული საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის უშუალო და ზეპირი დაკითხვით. ამასთან, სსსკ-ის 75-ე მუხლის 1¹-ელი ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
32. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ა. ხ-ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება შემდეგი: დაზარალებულმა დაადასტურა უცნობ პირთან კონფლიქტისას მისთვის დაზიანების მიყენების ფაქტი და აღწერა შემთხვევის ზოგადი ვითარება, თუმცა მისი ჩვენებით ვერ დადასტურდა ბრალდებისათვის გადამწყვეტი გარემოება, რომ დაზიანების მიმყენებელი პირი, სწორედ − დ. ს. იყო. დაზარალებულმა განმარტა, რომ ვ-ს მ-სთან თავდაპირველად, ორ ბიჭთან ჰქონდა კომუნიკაცია, ერთმანეთი თავიანთი საცხოვრებელი უბნების დასახელებით გაიცნეს, თუმცა მათი სახელები და გვარები არ იცის, რადგან ან მათ არ უხსენებიათ, არ თვითონ არ ახსოვს. დაზარალებულის გადმოცემით, ვ-ში, მ-სთან, დაახლოებით, 7-8 მისთვის უცნობი პირი იყო შეკრებილი, რომელთა შორის დაძაბული საუბარი და გაწევ-გამოწევა იყო; იგი ჩაერია მათ საუბარში, კერძოდ, უთხრა, რომ ვიღაც პოლიციაში რეკავდა და აერიდებინათ ჩხუბი. ამ პირებიდან ორი გამოეყო ჯგუფს, რომელთაგან ერთ-ერთმა მიაყენა დაზიანებები. დაზარალებულის ჩვენებით არ დადასტურდა, რომ ეს პირი იყო დ. ს.. პროკურორისა და შემდგომში ადვოკატის კითხვაზე, დაზარალებულმა კატეგორიულად და ცალსახად უპასუხა, რომ სასამართლო დარბაზში მყოფი ბრალდებული (დ. ს.) არ იყო ის პირი, რომელმაც დაჭრა, რადგან იმას ბევრად გრძელი, ყურამდე თმა ჰქონდა და მასზე დაბალი იყო.
33. ამავე დროს, დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაზარალებულ ახ-ს დ. ს-ს იდენტიფიკაცია არც გამოძიების ეტაპზე მოუხდენია. შესაბამისად, დაზარალებულის მონაწილეობით არ ჩატარებულა დ. ს-ს ამოცნობაც, ვინაიდან მისი განმარტებით, თავდამსხმელის ამოცნობას ვერ შეძლებდა. ამავე დროს დაზარალებულმა სასამართლოს განუმარტა, რომ ამოცნობაზე გამოძიების ეტაპზეც ზოგადად არ უთქვამს უარი, უბრალოდ აფექტის მდგომარეობაში, ემოციურ ფონზე ბევრი რამ არ ახსოვდა და ვინმეს სანდოდ ამოცნობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მისი პოზიცია მყარი არ იქნებოდა. ამდენად, დაზარალებულმა როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე − სასამართლოში მიუთითა მხოლოდ დაზიანების მიმყენებელი პირის ზოგად ვიზუალურ ნიშნებზე, მაგრამ კონკრეტულად დ. ს.ი დანაშაულის ჩამდენ პირად არათუ არ დაუსახელებია, არამედ − სასამართლოში აღნიშნული საერთოდ გამორიცხა. შესაბამისად, ბრალდებულის იდენტიფიკაციის ნაწილით, უშუალოდ დაზარალებულისგან მიღებული პირდაპირი ინფორმაცია საქმეში არ არსებობს.
34. დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დააზუსტა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის ის ნაწილი, რომლის მიხედვით, მასზე თავდამსხმელი პირი მასთან მივიდა და შესთავაზა სასაუბროდ გვერდით გასვლა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ვ-ში თავად მივიდა იქ შეკრებილ ბიჭებთან და არა − პირიქით, რადგან მათ შორის დაძაბულობა იყო და სიტუაციის განმუხტვა სურდა. ამასთან, ა. ხ-მ სასამართლოში დაადასტურა გამოკითხვის ოქმის სისწორეც და მასზე ხელის მოწერის ნამდვილობა, თუმცა გამომძიებელმა ოპერაციიდან მალევე გამოკითხა, ჯერ სრულად არც იყო ნარკოზის ზემოქმედების ყოფნის მდგომარეობიდან გამოსული, რის გამოც, ზუსტად არ იცის და არ ახსოვს, გამოძიებას რა სახის ინფორმაცია მიაწოდა.
35. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენება ადასტურებს მისთვის დაზიანების მიყენების ფაქტს, დროს, ადგილსა და შემთხვევის ზოგად ვითარებას, თუმცა არ ადგენს ბრალდებისათვის საკვანძო გარემოებას − იმას რომ აღნიშნული დაზიანება მას დ. ს-მა მიაყენა. პირიქით, დაზარალებულმა სასამართლოში პირდაპირ გამორიცხა, რომ დ. ს. ის პირი, რომელმაც დაზიანება მიაყენა.
36. ამდენად, დაზარალებულის ჩვენებას არ შეიძლება მიენიჭოს ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებითი მნიშვნელობა, ვინაიდან იგი გადმოსცემს დაზიანების ფაქტისა და შემთხვევის ზოგადი კონტექსტის შესახებ ინფორმაციას, თუმცა დანაშაულის ჩამდენ პირად დ. ს-ს იდენტიფიკაციის ნაწილით, ქმნის არა დამადასტურებელ, არამედ პირიქით, გამომრიცხავ საფუძველს.
37. დაზარალებულის ჩვენების ამგვარი შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ შემდგომ უნდა შეაფასოს, ქმნის თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მათ შორის − მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოჩანაწერი, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა, დ. ს-ს იდენტიფიკაციისთვის საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას, იგი დაზიანების მიმყენებელ პირად არ დაასახელა.
38. აღნიშნული საკითხის შეფასებისას, საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ამოწმებს იმ მტკიცებულებებს, რომლებსაც სააპელაციო სასამართლო დ. ს-ს იდენტიფიკაციის ძირითად საფუძვლად უთითებს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოწმეების − გ. ბ-სა და გ. ს-ს − ჩვენებებს, აგრეთვე, მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. კერძოდ, გ. -ს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა მისი მონაწილეობით გამოძიების ეტაპზე ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, ხოლო გ. ს-ს შემთხვევაში − ნაწილობრივ მის ჩვენებას, საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმზე მის მიერ გაკეთებულ განმარტებებს.
39. სწორედ ამ მტკიცებულებითი კონტექსტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თავდაპირველად შეაფასებს მოწმე გ. ბ-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებასა და მისი მონაწილეობით გამოძიების ეტაპზე ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მნიშვნელობას.
40. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ. ბ-მ განმარტა, რომ იგი არც ბრალდებულ დ. ს-ს იცნობს და არც დაზარალებულ ა. ხ-ს იცნობდა ახლოს. მისი ჩვენებით, ა. ხ. შემთხვევის დღეს, ვ-ს მ-სთან გაიცნო, მასთან დაახლოებით 20-25 წუთი გაჩერდა. შემდეგ ა. ხ-ს დაემშვიდობა, ა. წავიდა ჩიხისკენ, ხოლო სხვა პირები მას არ დაუნახავს. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ ბიჭებს, რომლებზეც თავისი გამოკითხვის ოქმშია საუბარი, საერთოდ არ შეხვედრია და მხოლოდ ა. ხ-სთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა. მოწმის განმარტებით, იგი ა. ხ-სთვის დაზიანების მიყენების ფაქტსაც არ შესწრებია, საერთოდ არ იცის, რა მოხდა და მისი წასვლის შემდეგ, როგორ განვითარდა მოვლენები.
41. მოწმე გ. ბ-ს ჩვენების შეფასებისას საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მისი პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ბრალდებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არ დადასტურდა. გ. ბ-მ სასამართლოში არ დაადასტურა არც შემთხვევის ადგილზე სხვა პირების ყოფნა, არც კონფლიქტის განვითარება, არც დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენების ფაქტის ხილვა და არც დ. ს-ზე მიუთითა, როგორც დაზიანების მიმყენებელ პირზე.
42. ამავე დროს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის იდენტიფიკაციისათვის მნიშვნელობა მიანიჭა გ. ბ-ს მონაწილეობით გამოძიების ეტაპზე ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, საკასაციო სასამართლო ცალკე აფასებს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას, სახელდობრ:
43. გ. ბ-ს მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, დადგენილია, რომ მან ამოიცნო დ. ს. როგორც ა. ხ-ზე თავდამსხმელი პირი, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენეს დ. ს-ს ბრალეულობის მადასტურებელ ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად, გ. ბ-ს ჩვენებისგან განცალკევებით და დამოუკიდებლად.
44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამოცნობის ოქმი, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი საპროცესო დოკუმენტი, შეიძლება შეფასდეს დამოუკიდებელ მტკიცებულებად, თუ დაცულია მისი შედგენისა და მტკიცებულებად დამაგრების შესაბამისი საპროცესო წესები, ცნობილია მისი წარმომავლობა და არ არსებობს მისი ავთენტიკურობის ან დასაშვებობის გამომრიცხავი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, პროცესუალური კუთხით სრულად დაცულია ფოტოსურათით ამოცნობის ჩატარებისა და მისი მტკიცებულებად დამაგრების კანონით დადგენილი ყველა წესი, საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ამომცნობმა პირმა სასამართლოში სრულად არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, არ გამორიცხავს გ. ბ-ს მონაწილეობით შედგენილ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, საქმეზე შესაფასებელ მტკიცებულებათა ერთობლიობისგან. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გ. ბ-მ სასამართლოში არ დაადასტურა, შემთხვევის დანახვის, შესწრების, დაზიანების მიყენების მომენტი და მისი მიმყენებელი პირი − დ. ს., მისი მონაწილეობით შედგენილი ამოცნობის ოქმის მტკიცებულებითი წონა, არსებითად, მცირდება, ხოლო ამოცნობის ოქმს ვერ მიენიჭება თვითკმარი და გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევაში, მითითებული ოქმი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად მხოლოდ სხვა პირდაპირ, სანდო, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებთან ერთობლივად. ამასთან, ვინაიდან საქმეში ასევე შესაფასებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მტკიცებულებითი მნიშვნელობა, საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ფოტოსურათით ამოცნობა თავისი შინაარსითა და პროცესუალური დანიშნულებით, განსხვავდება საგამოძიებო ექსპერიმენტისაგან. ამოცნობის, როგორც საგამოძიებო მოქმედების, უშუალო მიზანი არის ამომცნობი პირის მიერ კონკრეტული პირის ან საგნის იდენტიფიცირება, ხოლო მისი შედეგი − სწორედ ამოცნობის ფაქტში გამოიხატება. აღნიშნულისგან განსხვავებით, საგამოძიებო ექსპერიმენტს დამოუკიდებელი მტკიცებულებითი მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მისი ჩატარების შედეგად, ვლინდება მოწმის განმარტებისაგან დამოუკიდებელი − ახალი, ობიექტური მონაცემი.
45. საკასაციო სასამართლო გადადის ბრალდების მხარის შემდეგი მნიშვნელოვანი მტკიცებულების − მოწმე გ. ს-ს ჩვენებისა და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შეფასებაზე. ქვედა ინსტანციის სასამართლოები ბრალდების მადასტურებელ მტკიცებულებად დამატებით ეყრდნობა გ. ს-ს ჩვენების ნაწილს, მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს.
46. გ. ს-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ნაწილობრივ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაცია, კერძოდ, გ. ს-ს მიერ სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი იმყოფებოდა ვ-ს მ-სთან დ. ს-თან ერთად; იქ უცხო პირებს შორის იყო დაძაბულობა, ჩოჩქოლი, გაწევ-გამოწევა; უცნობი ქალი ყვიროდა, დაწყნარდითო; ამის შემდეგ ის და დ. ს. გაეცალნენ დაძაბულობას და წავიდნენ. მისი ჩვენებით, მან გამომძიებელსაც უთხრა მხოლოდ ის, რომ დ-სთან ერთად მ-სთან იმყოფებოდა, სადაც უცნობ პირებს შორის ჩოჩქოლი იყო. გ. ს-მ სასამართლოში ასევე დაადასტურა, რომ მათთან ორი ბიჭი მივიდა, რომელთაც სიგარეტი სთხოვეს, ერთმანეთს თავიანთი სახელები და საცხოვრებელი უბნები უთხრეს. მანვე განმარტა, რომ ამ ბიჭების საუბრის ტონი არ მოეწონათ, რადგან უხეშად საუბრობდნენ. ვინაიდან ადგილზე ისედაც დაძაბულობა იყო, ამიტომ მან და დ. ს-მ გადაწყვიტეს იქაურობის დატოვება. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ დ. ს-ს პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი და არ უნდოდათ რაიმე შარში გახვეულიყვნენ.
47. ამავე დროს, გ. ს-მ სასამართლოში არ დაადასტურა დ. ს-ს სახლში შესვლის, იქიდან დანის აღების, უკან დაბრუნებისა და დანის გამოყენებით ა. ხ-სთვის დაზიანების მიყენების ფაქტი. მოწმემ განმარტა, რომ მას არც ვინმეს დაჭრის ფაქტი და არც დაჭრილი არ დაუნახავს, არც ის იცის, დაზარალებულს დაზიანება ვინ მიაყენა. მისი გადმოცემით, ის და დ. წავიდნენ იქიდან, ადგილზე კი სხვა პირებს შორის კონფლიქტი გრძელდებოდა, ხოლო შემდეგ რა მოხდა, მისთვის უცნობია. გ. ს-მ ასევე განმარტა, რომ გამოკითხვის ოქმი ბოლომდე არ წაუკითხავს და სასამართლოში იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მისი აღქმით ახსოვს.
48. ამდენად, გ. ს-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება მხოლოდ ის ზოგადი გარემოებები, რომ იგი დ. ს-თან ერთად იმყოფებოდა ვ-ს მ-ს მიმდებარედ, სადაც უცხო პირებს შორის დაძაბული ვითარება იყო, ასევე ის, რომ მათთან კომუნიკაცია ჰქონდა ორ უცნობ პირს. თუმცა, მისი ჩვენებით, აგრეთვე არ დასტურდება ბრალდებისათვის გადამწყვეტი ფაქტობრივი გარემოებები − დ. ს-ს სახლში შესვლა, იქიდან დანის აღება, შემთხვევის ადგილზე დაბრუნება და ა. ხ-სთვის დაზიანების მიყენება. შესაბამისად, გ. ს-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებაც, დამოუკიდებლად აღებული, არ წარმოადგენს დ. ს-ს მამხილებელ მტკიცებულებას.
49. სააპელაციო პალატამ გ. ს-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან ერთად, არსებითი მნიშვნელობა მიანიჭა მისი მონაწილეობით გამოძიების ეტაპზე ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომლის მიხედვით, მან მიუთითა ადგილი, სადაც, ორ ახალ გაცნობილ პირთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ სასაუბროდ გადაინაცვლეს, კერძოდ, ზ. მ-ს ქუჩა N... წინ, სადაც, მათ შორის, ურთიერთობა უფრო დაიძაბა, რის შემდგომაც, დ. ს. სახლში ავიდა, დანა აიღო და უკან ჩამოვიდა. შემდეგ დ. ს-მ დანა დაარტყა პირს, რომელსაც ეცვა ლურჯი შარვალი. ამდენად, აღნიშნული ოქმი შეიცავს როგორც დანაშაულის ადგილის მითითებას, ისე − მოწმის განმარტებას დ. ს-ს მოქმედების მექანიზმის შესახებ.
50. საკასაციო სასამართლო ცალკე აფასებს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის მნიშვნელობას, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული ინფორმაცია − დ. -ს სახლში შესვლის, დანის აღებისა და დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენების შესახებ − სასამართლოში გ. ს-მ არ დაადასტურა.
51. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N 561აპ-15 საქმეზე), ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, არ არის მოპოვებული ისეთი ახალი, ობიექტური მტკიცებულება, რომელიც მოწმის განმარტებისაგან დამოუკიდებლად, მიუთითებდა დ. ს-ს მიერ ა. ხ-სთვის დაზიანების მიყენების შესახებ, კერძოდ, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, არ ამოღებულა დანაშაულის იარაღი, ბრალდებულთან დაკავშირებული ნივთი, ბიოლოგიური (გენეტიკური) კვალი, ასევე არ არის მოპოვებული სხვა ისეთი მონაცემი, რომელიც გ. ს-ს მიერ ოქმში აღწერილი განმარტების მიღმა, მიუთითებდა დ. ს-ს ბრალეულობაზე. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ის ნაწილი, რომელშიც გ. ს. დ. ს-ს დაზიანების მიმყენებელ პირად ასახელებს, დამოუკიდებელ მტკიცებულებით წყაროდ ვერ შეფასდება, ვინაიდან იგი არ ეფუძნება აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოვლენილ ახალ, ობიექტურ მონაცემს და თავისი შინაარსით მხოლოდ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმებას წარმოადგენს. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის იმ ნაწილს, რომელშიც გ. ს. შემთხვევის ადგილზე მიუთითებს, აღნიშნული შეიძლება შეფასდეს მხოლოდ შემთხვევის ადგილის იდენტიფიცირების კუთხით, მაგრამ დანაშაულის ჩადენის ადგილი დადასტურებულადაც რომ იქნეს მიჩნეული, ეს გარემოება დამოუკიდებლად ვერ ადგენს, რომ დაზარალებულს დაზიანება სწორედ დ. ს-ა მიაყენა. ამდენად, შემთხვევის ადგილის ცოდნა ან მასზე მითითება, არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც მოწმის სასამართლოში მიცემული ჩვენებისგან დამოუკიდებლად, ახდენს დ. ს-ს დანაშაულის ჩამდენ პირად იდენტიფიცირებას.
52. სწორედ ამიტომ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის მტკიცებულებითი მნიშვნელობის განსაზღვრისას, მის შედეგად დამოუკიდებლად დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ შემთხვევის ადგილი, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებისას, არ გამოვლენილა ისეთი ახალი, ობიექტური მონაცემი, რომელიც დაადასტურებდა დ. ს-ს მიერ ა. ხ-სთვის დაზიანების მიყენებას ან მოახდენდა მის დანაშაულის ჩამდენ პირად იდენტიფიცირებას.
53. საკასაციო სასამართლოს შემდგომი შეფასების საგანია საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმი, რომელშიც გ. ს. მონაწილეობდა და კადრებში ასახული პირების იდენტიფიცირებას ახდენდა. აღნიშნული მტკიცებულების შეფასება აუცილებელია იმის დასადგენად, ასახავს თუ არა ვიდეოჩანაწერი ისეთ ობიექტურ გარემოებებს, რომლებიც გ. ს-ს მიერ სასამართლოში დაუდასტურებელ განმარტებებს, დამოუკიდებლად დაადგენდა და მიუთითებდა დ. ს-ს მიერ დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენებაზე.
54. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს სააპელაციო სასამართლომ მიანიჭა ისეთი მნიშვნელობა, რომელიც მისი რეალური შინაარსიდან არ გამომდინარეობს. კერძოდ, ვიდეოჩანაწერითა და მითითებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, რომელშიც გ. ს. მონაწილეობდა, დგინდება მხოლოდ შემთხვევამდე დ. ს-ს, გ. ს-ს, ა. ხ-სა და გ. ბ-ს ერთად, ხოლო რამდენიმე წუთში, ჯერ ა. ხ-ს, შემდეგ მისი თანმხლები პირის გადაადგილების ფაქტი, თუმცა ჩანაწერში არ ჩანს დ. ს-სა და ა. ხ-ს შორის დაპირისპირების ფაქტი, დაზარალებულისთვის დარტყმის მიყენების მომენტი, მჭრელი საგნის გამოყენება, დანაშაულის შემდგომ განვითარებული მოვლენები, ისევე როგორც არ ჩანს სხვა პირთა შორის დაძაბულობისა და გაწევ-გამოწევის ფაქტი, რომელზეც მიუთითებდნენ მოწმეები – როგორც ა. ხ., ისე − გ. ს.
55. ამდენად, ვიდეოჩანაწერითაც არ დგინდება ის გადამწყვეტი ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებიც უშუალოდ დაადასტურებდა ბრალდების საგანს. ვიდეოჩანაწერი შეიძლება შეფასდეს, როგორც გარკვეული პირების გადაადგილების ქრონოლოგიის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა იგი არ ადგენს კონფლიქტის მხარეებს, დაზიანების მიყენების მექანიზმს და დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობას. ამავე დროს, ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში მონაწილე პირის − გ. ს-ს − სასამართლოში მიცემული ჩვენებითაც არ დადასტურდა დ. ს-ს მიერ დანის გამოყენებისა და დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენების ფაქტი.
56. ამგვარად, არც გ. ს-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და არც ვიდეოჩანაწერი, ცალკე აღებული, ან ერთობლივად, ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა. ხ-ს დაზიანება დ. ს-მ მიაყენა. საგამოძიებო ექსპერიმენტი ეფუძნება გ. ს-ს გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ განმარტებას, რომელიც სასამართლოში არ დადასტურდა, ხოლო ვიდეოჩანაწერი ასახავს მხოლოდ პირთა გადაადგილებას და არა დაზიანების მიყენების მომენტს ან დანაშაულის ჩამდენი პირის მოქმედებას.
57. ამავე მტკიცებულებითი კონტექსტის თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო აფასებს მოწმეების − გ. ბ-სა და გ. ს-ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე დამსწრე პირთა, შესაბამისად, გ. ბ-ს ბაბუის − ა. ზ-სა და გ. ს-ს დედის − მ. ლ-ს ჩვენებებს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებებზე დამსწრე პირთა ჩვენებები, არსებითად ეხება გამოკითხვის ჩატარების პროცესს, სხვადასხვა ოქმზე ხელმოწერასა და საგამოძიებო მოქმედებებში მათ მონაწილეობას. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები; მათ არ დაუნახავთ ა. ხ-სთვის დაზიანების მიყენების ფაქტი; მათ დამოუკიდებლად არ გააჩნიათ ინფორმაცია დ. ს-ს მიერ დანის გამოყენების ან დაზარალებულის დაჭრის შესახებ. შესაბამისად, მათი ჩვენებები დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად, პირდაპირ მტკიცებით მნიშვნელობას ვერ იძენს. რაც შეეხება მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე ხელმოწერას, ხელმოწერა ადასტურებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას და ოქმის ფორმალურ გაფორმებას, მაგრამ თავისთავად არ ადგენს ოქმებში ასახული ფაქტობრივი გარემოებების სანდოობისა და მტკიცებითი წონის საკითხს. ამდენად, ა. ზ-სა და მ. ლ-ს ჩვენებები ვერ აბათილებს გ. ბ-სა და გ. ს-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს იმ ნაწილით, რომელშიც ბრალდებისათვის გადამწყვეტი გარემოებები საკმარისი სიცხადით არ დადასტურდა. ამდენად, მათი ჩვენებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებისა და შესაბამისი პროცესუალური მხარის შესაფასებლად, მაგრამ არა იმ დასკვნის გამოსატანად, რომ ა. ხ-ს დაზიანება დ. ს-მ მიაყენა.
58. აღნიშნულის შემდეგ, საკასაციო სასამართლო გადადის საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებებისა და საექსპერტო კვლევის შედეგების შეფასებაზე.
59. საქმის მასალების მიხედვით, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების − ჩხრეკებისა და ამოღებისას, ამოღებულია: დაზარალებულის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის, სისხლისმაგვარი ლაქები; შემთხვევის ადგილიდან მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები; ს. ბ-სგან (დაზარალებულის დედა) ა. ხ-ს კუთვნილი შავი ფერის ჰუდი დაზიანებებითა და სისხლისმაგვარი ლაქებით; დ. ს-ს სხვადასხვა ტანსაცმელი; დ. ს-ს კუთვნილი წითელტარიანი დანა წარწერით − „MAX BOSCH”.
60. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: მიუხედავად იმისა, რომ ამოღებულია არაერთი მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება ობიექტური კვლევით − ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნით დადასტურებული გარემოება, რომელიც ამოღებულ რომელიმე ნივთს − მათ შორის, დ. ს-სგან ამოღებულ დანას, მის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, დაზარალებულის ტანსაცმელს ან შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ კვალს − ბრალდების საგანთან დააკავშირებდა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი არ არის დასკვნა, რომ დანაზე აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლი, თითის ანაბეჭდი, ბიოლოგიური ან სხვა იდენტიფიცირებადი კვალი; საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დ. ს-სგან დანა ამოიღეს 2024 წლის 14 ნოემბერს, ანუ შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ. შესაბამისად, დ. ს-სგან დანის ამოღება, ექსპერტიზის დასკვნის ან სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, თავისთავად არ ადასტურებს, რომ იგი გამოყენებულ იქნა 2024 წლის 11 ნოემბრის ინციდენტში, რის გამოც, მითითებული დანა ვერ იქნება მიჩნეული დანაშაულის იარაღად. ამასთან, საქმის მასალებით არც ისაა დადგენილი, რომ აღნიშნული დანა ცივ იარაღთა კატეგორიას ეკუთვნის და, ამასთანავე, დ. ს-ს ბრალად არ ედება ცივი იარაღის ტარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, ასევე არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა დ. ს-ს ტანსაცმელზე ან ფეხსაცმელზე დაზარალებულთან, შემთხვევის ადგილთან ან დანაშაულის მექანიზმთან დაკავშირებული კვალის არსებობას; ანალოგიურად, არ წარმოდგენილა დასკვნა, რომელიც დაზარალებულის ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს, ამოღებულ დანას ან დ. ს-ს ქმედებას დაუკავშირებდა. აქედან გამომდინარე, საქმის ვერცერთი ნივთმტკიცება ვერ ადასტურებს დ. ს-ს კავშირს 2024 წლის 11 ნოემბრის ინციდენტთან.
61. რაც შეეხება დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, იგი ადგენს ა. ხ-ს სხეულზე დაზიანებების არსებობას, მათ ხასიათს, ხარისხს და დროის შესაბამისობას 2024 წლის 11 ნოემბერთან, თუმცა აღნიშნული დასკვნა არ შეიცავს არანაირ მონაცემს და ვერ ადგენს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობას.
62. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიჩნია, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა დ. ს-ს ბრალეულობას, კერძოდ: დაზარალებულმა სასამართლოში დ. ს. მისთვის დაზიანების მიმყენებელ პირად არათუ დაასახელა, პირიქით − გამორიცხა; მოწმე გ. ბ-მ სასამართლოში არ დაადასტურა შემთხვევის შესწრებისა და დ. ს-ს მიერ დაზარალებულის დაჭრის ფაქტი, ხოლო მისი მონაწილეობით შედგენილი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, ვერ იძენს თვითკმარი და გადამწყვეტი მტკიცებულების მნიშვნელობას; მოწმე გ. ს-მ სასამართლოში არ დაადასტურა დ. ს–ს სახლში შესვლის, დანის აღების, დაბრუნებისა და დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენების ფაქტი; საგამოძიებო ექსპერიმენტით დამოუკიდებლად დგინდება მხოლოდ შემთხვევასთან დაკავშირებული ადგილი, ვიდეოჩანაწერი კი, პირთა ქუჩაში გადაადგილების გარდა, არ ადასტურებს სხვა მნიშვნელოვან გარემოებას − არ ასახავს კონფლიქტს, დარტყმის მომენტს ან მჭრელი საგნის გამოყენებას; საგამოძიებო მოქმედებებზე დამსწრე პირთა ჩვენებები კი, უკავშირდება მარტოოდენ პროცესუალურ მხარეს, ხოლო ნივთიერი მტკიცებულებები და დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ ადგენს დ. ს-ს კავშირს დაზარალებულის დაზიანებასთან, შემთხვევის ადგილზე არსებულ კვალთან ან მისგან ამოღებულ დანასთან. მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის პირობებში, გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილ სტანდარტს, რაც საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის − „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობისგან.
63. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდეს;
3. დ. ს. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
4. დ. ს. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
5. გაუქმდეს დ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა;
6. დ. ს-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული და 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი, დარჩეს ძალაში.
7. გამართლებულ დ. ს-ს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
8. ნივთმტკიცებები:
კომპიუტერული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ბამბა და ხელსახოცები მოწითალო ლაქებით, ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს;
ა. ხ-ს ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი, დ. ს-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული მაისურები და ქურთუკი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, დ. ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე