საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.05.2026
საქმის ნომერი
2კ-1098აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1098აპ-25 25 მაისი, 2026 წელი

დ–ი ბ., №1098აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. დ–ისა და მისი ადვოკატის – მ. პ–ას – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. დ–ს (დაბადებულს ...., პირადი №..........) ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის) მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა ან ტარებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

1.2. ბ. დ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევმა ბ. დ–მა, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა დანაშაული. კერძოდ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2022 წლის 13 თებერვალს თავის საცხოვრებელს სახლში, თ–ი, ზ–ში, ....... ქუჩის №.., ბინა №..-ში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ერთ ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის, „AK-74“ მოდელის, 5,45 მმ კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული №.... ავტომატს (რომელიც ვარგისია სროლისათვის, როგორც ცალმაგ, ასევე – ავტომატურ რეჟიმში) და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ, გამოსაყენებლად ვარგის 49 ცალ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ-კალიბრიანი სამხედრო დანიშნულების ვაზნას, მათ შორის 4 ცალ ტრასირებულ (მგეზავი) სამხედრო სპეციალური დანიშნულების ვაზნას, რომლებიც განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ-კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-74“, „AKC-74“, „АКСУ“ ავტომატებისათვის, „РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით:

ბ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. დ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც აეთვალა 2022 წლის 19 თებერვლიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. დ–მა და მისმა ადვოკატმა – მ. ჯ–ამ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ბ. დ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ჯ–ას – სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებული ბ. დ–ი და მისი ადვოკატი – მ. პ–ა – საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით: სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; ბ. დ–ისთვის წარდგენილი ბრალდება პოლიციელთა მხრიდან ინსცენირებულია; დანაშაულის საგანი მას არ ეკუთვნოდა; პოლიციელთა მიერ იარაღის აღმოჩენას მსჯავრდებული ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი არ დასწრებია; ბ. დ–ს დაკავებისას არ განემარტა დაკავების საფუძვლები; ამასთან, პოლიციელები მას აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომლის თვითმხილველიც არის გ. ფ-ე; ბ. დ–ის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა გაგრძელდა პენიტენციურ დაწესებულებაშიც, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება სახალხო დამცველის აპარატში; მოწმეთა ჩვენებები, მათში არსებული ცდომილებების გათვალისწინებით, არადამაჯერებელია; ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე გადაიგზავნა იარაღიდან აღებული ანაწმენდი, რომელიც შედარდა მსჯავრდებულისგან აღებულ ნიმუშს, მაშინ, როდესაც ექსპერტიზისთვის უშუალოდ საკვლევ მასალად უნდა გადაგზავნილიყო თავად იარაღი.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. დ–ის მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ბ. დ–ი, მცხოვრები: თ-ში, თ–ი, ზ–ში, ....... ქუჩის №.., ბინა №..-ში, მის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. გამოძიების დაწყების შემდეგ, ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა სისწორე და კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა სასამართლოში დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა.

4.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაიკითხა ი. მ–ი, ბ. დ–ის დედა. 2022 წლის 13 თებერვალს, სახლში ყოფნის დროს, მას დაურეკა ბ. დ–მა და სთხოვა, აივანზე არსებული ტომარა გადაეგდო. ტომარაში მოთავსებული ნივთები არ უნახავს. თავდაპირველად სცადა ტომრის აივნიდან გადაგდება, თუმცა მისი სიმძიმის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ქვემოთ ავტომობილები იდგა, თავი შეიკავა. ამის შემდეგ ტომარა მეზობლის აივანზე გადააგდო. გამთენიისას გაიგონა კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა. კარის გაღების შემდეგ, მას დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა სურდათ. მან პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა ადგილი, სადაც ტომარა გადააგდო.

4.5. მოწმე ი. მ–ი მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები, მისი მითითებით, მივიდნენ საცხოვრებელი სახლის აივანზე. მოწმემ მიუთითა ტომრებზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე იდო ის ტომარა, რომლის გადამალვაც მისმა შვილმა, ბ. დ–მა, 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით, 06:15 საათზე, დაავალა. ი. მ–ის განცხადებით, მან ქვიშაზე მოთავსებული ტომარა გადააგდო მეზობელ ნ. ს–ის აივანზე.

4.6. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ს. დ–მა.

4.7. ნ. ს–ის საცხოვრებელი ბინის აივნის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ მისი ბინის აივანზე აღმოჩნდა თეთრი ნაჭრის ტომარა, წარწერით – „–“. ტომარაში იდო სამხედრო ქურთუკი, მასში კი – შეხვეული ავტომატის მსგავსი საგანი. ავტომატის მსგავს საგანს შუა ნაწილში რკინის კონსტრუქციაზე ამოტვიფრული ჰქონდა წარწერა – „...... ......“. ქურთუკიდან ამოღებულ იქნა ორი შავი ავტომატის მჭიდი. მათგან ერთს აქვს ამოტვიფრული წარწერა „17“, რომელშიც მოთავსებული იყო 30 ცალი ვაზნა, ხოლო მეორე მჭიდზე ამოტვიფრული იყო წარწერა – „..“, რომელშიც მოთავსებული იყო 19 ცალი ვაზნა. ქურთუკიდან ასევე ამოღებულ იქნა ერთი შავი ნაჭრის ქუდი, ორი მრგვალი ფორმის ჭრილით. ასევე ქურთუკის მკლავზე არსებულ ჯიბეში მოთავსებული იყო ასანთის კოლოფი. აღმოჩენილი ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

4.8. აღნიშნული ბინის აივნის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა, მათ შორის, თავად ნ. ს–მაც, რომელიც დაიკითხა სასამართლოშიც. ჩვენების მიცემისას აღნიშნულმა მოწმემ განმარტა, რომ არის მსჯავრდებულის მეზობელი. 2022 წლის 13 თებერვალს, გამთენიისას, მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც წარუდგინეს ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება და განუმარტეს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის აივანი უნდა გაეჩხრიკათ. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები, ისე – ექსპერტ-კრიმინალისტები. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ტომარა, რომელშიც მოთავსებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი, ვაზნები, ქურთუკი და ნიღაბი. მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ აღნიშნული ტომარა მასში მოთავსებული ნივთებით არც მას და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს ეკუთვნოდა. მისივე განცხადებით, მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში შეხვდა ბ. დ–ის დედას, ი. მ–ს, რომელმაც მოუბოდიშა და დაუდასტურა, რომ ტომარა მის აივანზე თავად გადააგდო.

4.9. ბალისტიკური ექსპერტიზის №.... დასკვნითა და ექსპერტ ე. თ–ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, „AK-74“ 5,45 მმ-კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის №.... ავტომატი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, როგორც ცალმაგ, ასევე – ავტომატურ რეჟიმში; ექსპერტიზაზე წარდგენილ 2 მჭიდი განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ-კალიბრიანი ავტომატებისათვის, მათ შორის, წარდგენილი ავტომატისათვისაც. მჭიდები წარმოადგენდნენ იარაღის მაკომპლექტებელ ნაწილს; ექსპერტიზაზე წარდგენილ 49 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ-კალიბრიანი სამხედრო დანიშნულების ვაზნიდან 4 ცალი არის ტრასირებული (მგეზავი) სამხედრო-სპეციალური დანიშნულებისა და განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ-კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-74“, „AKC-74“, „АКСУ“ ავტომატებისათვის, „РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის, მათ შორის, წარმოდგენილი ავტომატისათვის და სხვა. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

4.10. ქიმიური ექსპერტიზის №..... დასკვნითა და ექსპერტ მ. ჩ–ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ, ნაწარმოებია გასროლა.

4.11. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №........ დასკვნისა და ექსპერტ დ. ლ–ს ჩვენების თანახმად, შერეულია ავტომატის ზედაპირიდან (სახელურიდან, ჩარჩოდან და ტიბჟირიდან) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები, რომელთა ერთი წილი ეკუთვნის ბ. დ–ს. ასევე, ტომარაში მოთავსებულ შავ ქუდზე არსებული თმები ეკუთვნის ბ. დ–ს.

4.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებულია კანონით დადგენილი წესის დაცვით, არის ურთიერთშეთანხმებული და სარწმუნო. საქმის განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. მოწმეთა ჩვენებები არსებით საკითხებთან მიმართებით, სრულად შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე – წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ნ. ს–ის აივანზე აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ეკუთვნოდა ბ. დ–ს, რომლის მითითებითაც გადააგდო დედამისმა ტომარა მეზობლის აივანზე. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელია თავად ი. მ–ის ჩვენებაც, რომელმაც, მიუხედავად შვილის სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტის ბუნებრივი ინტერესისა, პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ბ. დ–მა სთხოვა ნივთის თავიდან მოშორება. ამასთან, სწორედ მისი მითითებით აღმოაჩინეს და ამოიღეს დანაშაულის საგანი. საგულისხმოა, რომ ი. მ–ის ჩვენება სრულად თანხვდება მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტსა და საქმის სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც ერთობლივად ადასტურებს, რომ ბ. დ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ამდენად, კასატორთა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს არ ემყარება და ბ. დ–ისთვის წარდგენილი ბრალდება პოლიციის თანამშრომლების მიერ არის ინსცენირებული, დაუსაბუთებელია.

4.13. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს ბიოლოგიური ექსპერტიზის არასანდოობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ კვლევა ჩატარებულია ნ. ს–ის საცხოვრებელი ბინის აივნის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომატიდან აღებულ ანაწმენდებზე, რომლებიც მოთავსებული იყო სპეციალურ ჩხირებზე. აღნიშნული ჩხირები დალუქული იყო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და ლუქის მთლიანობას რაიმე დარღვევა არ აღენიშნებოდა. აღნიშნული გარემოებები დასტურდება საცხოვრებელი ბინის აივნის ჩხრეკის ოქმითა და საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებებით; საპირისპირო კი არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, თითქოს ბიოლოგიური ექსპერტიზისთვის იარაღის საკვლევ მასალად გადაგზავნის მოთხოვნა ექსპერტიზის დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

4.14. სასამართლოს შეფასებით, ბ. დ–ის მსჯავრის გამორიცხვის საფუძვლად ვერ ჩაითვლება მოწმე გ. ფ–ს ჩვენებაც, რომელსაც დაცვის მხარე მიიჩნევს პირად, ვისაც შეუძლია დაადასტუროს დაკავების დროს ბ. დ–ის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ჩვენება, თავისთავად, ვერ გააბათილებს საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებს. საგულისხმოა, რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მკაფიოდ არის მითითებული, რომ მსჯავრდებულს განემარტა კანონით მინიჭებული საპროცესო უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა ნაიარევები, მათი უმეტესობა ძველი დაზიანებების კვალი იყო. დაკავებულმა ბ. დ–მა ხელმოწერით დაადასტურა დაკავების ოქმი და არ უსარგებლია შენიშვნის დაფიქსირების უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დაკავებულის უფლებების დარღვევის თაობაზე, მით უმეტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს არ დაუდასტურებიათ დაკავებისას იძულების პროპორციული ზომის გადამეტება, ძალადობრივი ქმედებები ან დაკავებულის უფლებების რაიმე ფორმით დარღვევა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაკავებისას, შესაძლო გადამეტებული ზომების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება უნდა დადგინდეს ამ სისხლის სამართლის საქმისგან დამოუკიდებლად, ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

4.15. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული განცხადებების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ბ. დ–ის მიმართ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან მისი უფლებების დარღვევა პენიტენციურ დაწესებულებაშიც გრძელდება, სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს შესწავლა.

4.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. დ–ისა და მისი ადვოკატის – მ. პ–ას – საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე