საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.05.2026
საქმის ნომერი
2კ-194აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №194აპ-26 27 მაისი, 2026 წელი

ბ-ა გ., №194აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 17 თებერვლის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის გ. აღლემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ბ-ა ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2025 წლის 09 იანვარს, ღამის საათებში, ბ-ის მუნიციპალიტეტის -ბ-ში, ბ-ის ქ.N--ში მდებარე სასტუმრო “ვ. კ-ის“ N--ე ოთახში, დასასვენებლად მყოფმა გ. ბ-ამ, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ: ქალის როლის სტერეოტიპული დამოკიდებულების, საზოგადოებაში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, რომ იგი ოჯახის უფროსია, ქალს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც თვითონ ეტყოდა, მეუღლე მისი საკუთრებაა და მას უნდა დაემორჩილოს, როგორც ქალს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა, საერთოდ ადამიანს არ წარმოადგენდა, მისი ნებართვის გარეშე არავისთან არ უნდა დაემყარებინა როგორც პირადი, ასევე ტელეფონით კომუნიკაცია, სულ სახლში უნდა ყოფილიყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ა. გ-ას და დაემუქრა მას ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ: თვალების დათხრით, რითაც ა. გ-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2024 წლის 31 დეკემბერს, დილის საათებში ქ. თ-ში, ჭ-ას ქ. N-, ბინა N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ-ამ, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ: ქალის როლის სტერეოტიპული დამოკიდებულების, საზოგადოებაში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, რომ იგი ოჯახის უფროსია, ქალს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც თვითონ ეტყოდა, მეუღლე მისი საკუთრებაა და მას უნდა დაემორჩილოს, როგორც ქალს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა, საერთოდ ადამიანს არ წარმოადგენდა, მისი ნებართვის გარეშე არავისთან არ უნდა დაემყარებინა როგორც პირადი, ასევე ტელეფონით კომუნიკაცია, სულ სახლში უნდა ყოფილიყო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ა. გ-ას, რა დროსაც მარჯვენა ხელის თმებში ძლიერად ჩავლებით დაითრია თმებიდან, შემდეგ კი მიანარცხა კედელზე და მარჯვენა ხელი ხელუკუღმა დაარტყა მას მარჯვენა თვალის არეში, რითაც ა. გ-ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 26 აგვისტოს განაჩენით, გ. ბ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.

2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 26 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ბ-ას წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 17 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 26 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2026 წლის 23 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 17 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილემ გ. აღლემაშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გ. ბ-ას წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე გამართლებულ გ. ბ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები ადატურებენ გ. ბ-ას მიერ ჩადენილ ქმედებებს. კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერის ოქმი და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ ასევე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ. ბ-ამ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც საქართველოს სსკ-ის 531 მუხლით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ბ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. ბ-ას მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. მათ დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია. რაც შეეხება სვეტლანა მოისეევას (დის) ჩვენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმე ოჯახში ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს თავად დაზარალებულის მონათხრობიდან. შესაბამისად, მისი ჩვენება ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად გ. ბ-ას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.

5.8. რაც შეეხება, შემაკავებელ ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად შეფასებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მათში დაფიქსირებული რამდენიმესიტყვიანი ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს ქმედებების კონკრეტულ აღწერილობას, შეუძლებელია საკმარისად იქნეს მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გ. ბ-ას ბრალეულობას ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა იძლევა მხოლოდ იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ა. გ-ას სხეულზე აქვს დაზიანება - მარჯვენა ზემო ქუთუთოზე არსებული ნაჭდევის სახით, თუმცა დაზიანების ხანდაზმულობა მითითებულია ერთიდან ორ დღემდე, რომელიც ცდება ძალადობის ეპიზოდში წარდგენილ ქმედების თარიღს.

5.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

5.11. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მოწმემ მიუთითა საცხოვრებელ სახლზე, სადაც მისი განმარტებით, გ. ბ-ამ იძალადა მასზე. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში – დაზარალებულთან.

5.12. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სააკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებულ გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.13. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის გ. აღლემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე