გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 20.04.2006
საქმის ნომერი
ბს-1121-699(კ-05)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ბს-1121-699(კ-05) 20 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ვაჩაძე,ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

31.03.03წ. ჯ. ჯი-მა სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეებისთვის 15 240 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 01.11.94წ. საიჯარო ხელშეკრულებით შპს “გ...-ს” გადასცა სატვირთო ავტომანქანა “კამაზი-5320”, თვეში 220 აშშ დოლარი ქირის გადახდის პირობით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ჯ. ჯი-ის სარჩელის საფუძველზე, თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 03.08.95წ. გადაწყვეტილებით, შპს “გ...-ს” დაეკისრა ავტომანქანა “კამაზი-5320-ის” მოსარჩელისთვის პირვანდელი სახით დაბრუნება და გადაუხდელი საიჯარო ქირის _ 1330 აშშ დოლარის გადახდა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას შეგნებულად უშლიდა ხელს შპს “გ...”-ი, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, 1996წ. 8 აგვისტოსაAდა იმავეწ. 4 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებებით მიმართა ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს “გ...-ის” ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნით. სასამართლომ არანაირი რეაგირება განცხადებებზე არ მოახდინა, რითაც ისარგებლა შპს “გ...-ის” დირექტორმა მ. ს-მ და ქონება გადააფორმა სიძის _ პ. ც-ის სახელზე, მაგრამ შპს “გ...-ის” ხელმძღვანელობას ფაქტობრივად თავად ახორციელებდა. გარდა აღნიშნულისა, წლების განმავლობაში გაჭიანურდა სასამართლოებში საქმის განხილვა, რამაც მოპასუხეს მისცა შესაძლებლობა არ აღესრულებინა სასამართლო გადაწყვეტილება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს “გ...-სა” პ. ც-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ტექინვენტარიზაციის ბიუროში შპს “გ...-ის” უფლებამონაცვლედ აღირიცხა შპს “მ...”. თბილისის საოლქო სასამართლოს 05.11.01წ. გადაწყვეტილებით მოპასუხე “მ...”-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა “კამაზი-5320-ის” მარკის სატვირთო ავტომანქანის ღირებულების _ 6000 ლარისა და ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზარალის _ 9240 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა იმის გამო, რომ იმ დროისთვის შპს “გ...-ის” ქონება აღრიცხული იყო პ. ც-ის სახელზე. სასამართლოს უმოქმედობამ და მისი უფლებამოსილების არაჯეროვანმა განხორციელებამ, გამოიწვია მოსარჩელის უფლებების დარღვევა და მიაყენა მას მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა იშუამდგომლეს მათი არასათანადო მოპასუხეებად ცნობის თაობაზე. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი და საქართველოს იუსტიციის საბჭო არ იყვნენ სადავო ურთიერთობების მონაწილენი და წარმოადგენენ არასათანადო მოპასუხეებს. სასამართლომ მოსარჩელეს შესთავაზა არასათანადო მოპასუხეების სათანადო მოპასუხით შეცვლა. მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა მხოლოდ საქართველოს იუსტიციის საბჭოს არასათანადო მოპასუხედ ცნობაზე, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მიიჩნია სათანადო მოპასუხედ, რის გამოც თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 05.08.03წ. გადაწყვეტილებით ჯ. ჯი-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჯი-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 24.03.04წ. საოქმო განჩინებით, აპელანტის თანხმობით საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი შეიცვალა სათანადო მოპასუხე ფინანსთა სამინისტროთი. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.07.04წ. გადაწყვეტილებით ჯ. ჯი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 05.08.03წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჯ. ჯი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.07.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჯი-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.12.04წ. განჩინებით ჯ. ჯი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.07.04წ. გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან სააპელაციო პალატამ გამოიყენა ადრე მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სხვა უწყების მოპასუხედ ჩართვაზე და ამჟამად მოქმედი 1005-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობაზე.

სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას ჯ. ჯი-ის მიერ მოპასუხეებად დასახელდნენ ფინანსთა სამინისტრო და საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. მოპასუხეებმა დავის გადაწყვეტა ამჟამად მოქმედი სკ-ის ნორმები საფუძველზე არ ისურვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.06.05წ. გადაწყვეტილებით ჯ. ჯი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჯ. ჯი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ჯ. ჯი-ის მოთხოვნა დაკავშირებულია იმ ურთიერთობებთან, რომელიც წარმოიშვა ახალი სკ-ის ამოქმედებამდე, სააპელაციო პალატამ საქმის გადაწყვეტისას გამოიყენა 1964წ. სამოქალაქო კოდექსი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 1964 წ. სკ-ის 458-ე მუხლის მიხედვით სახეზე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანი, მუშაკის ბრალეული მოქმედება და უნდა არსებობდეს კავშირი მუშაკის ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ჯ. ჯი-ი მიიჩნევს, რომ მას ზიანი მიაყენეს მოსამართლეებმა, მაგრამ მათ არ ასახელებს მოპასუხეებად და ბრალეულად თვლის საერთო სასამართლო სისტემას. აპელანტი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს, რომ რეაგირება არ მომხდარა მის 08.08.96წ. და 04.10.96წ. განცხადებებზე, რომლებითაც იგი ითხოვდა შპს “გ...-ის” ქონებაზე ყადაღის დადებას, განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვების შედეგად მოპასუხემ მოახერხა ქონების გასხვისება. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 17.06.99წ. განჩინებით ჯ. ჯი-ის სარჩელი მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით დარჩა განუხილველად, რაც მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჯ. ჯი-ის განცხადება ყადაღის დადების შესახებ, რაზეც სასამართლოს მიერ ღონისძიებები არ გატარებულა და რაც მოსარჩელეს მისი დაზარალების ძირითად საფუძვლად მიაჩნია, ვერ ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების საფუძველად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში გაუქმებას ექვემდებარებოდა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინებაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რადგან სარჩელის განუხილველად დატოვებით ფაქტობრივად დასრულდა საქმის წარმოება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას იმპერატიულად არ ადგენდა იმჟამად მოქმედი საქართველოს სსრ სსკ-ის 141-ე მუხლი და შესაბამისად, არც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ვალდებულება არსებოდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 10.05.2000წ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებით ჯ. ჯი-ის განცხადება დაკმაყოფილდა და შპს “გ...-ის” უფლებამონაცვლეს _ შპს “მ...-ის” ქონებას დაედო ყადაღა. მეორე განცხადებას არ აქვს კავშირი სარჩელის უზრუნველყოფასთან, ვინაიდან იგი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას ეხება.

ახალი სარჩელის შეტანისას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა. მოგვიანებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მოთხოვნა სააპელაციო პალატის 10.05.2000წ. განჩინებით დაკმაყოფილდა და შპს “გ...”-ის უფლებამონაცვლეს შპს “მ...-ის” ქონებას დაედო ყადაღა. ამდენად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ჯ. ჯი-ის მოთხოვნა სასამართლო სისტემის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფღუძვლები. ჯ. ჯი-ის ზიანი მიადგა შპს “მ...-ის” და არა სასამართლოს მიერ, რაც დასტურდება სააპელაციო პალატის 05.11.01წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და, აგრეთვე, თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 03.08.95წ. ნაწილობრივ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

სააპელაციო პალატისგადაწყვეტილება ჯ. ჯი-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. საქმის განხილვის პროცესში კასატორმა შეცვალა საკასაციო განაცხადი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილ სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ვერ უთითებს ზიანის მიმყენებელ პირებს. კასატორის მიერ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის იქნა წარდგენილი ორი განცხადება, რომლითაც ის მოითხოვდა ჩუღურეთის რაიონის სამაართლოსაგან მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადებას. პირველი განცხადება განსახილველად გადაეცა მოსამართლე მ. გ-ს, ხოლო მეორე განცხადება მოსამართლე მ. ჭ-ს. ამდენად, უმართებულოა საოლქო სასამსართლოს მითითება ბრალეული პირების არ დასახელების შესახებ. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩუღურეთის რაიონის სასამართლო ვალდებულება შესაბამისი საპროცესო დოკუმენტით ეპასუხა მის განცხადებებზე, რომლითაც იგი ითხოვდა მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადებას, განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება მოუსპო მას აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, ვინაიდან არანაირი საპროცესო დოკუმენტი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან არგამოყენების შესახებ სასამართლოს არ მიუღია.

კასატორი აღნიშნავს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა როგორც 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის, ასევე სადღეისოდ მოქმედი სკ-ის მიხედვით საფუძვლიანია, ვინაიდან აშკარაა მოსამართლეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მას პასუხი არ გაეცა სასამართლოს წინაშე სათანადო განცხადებებით დასმულ კონკრეტულ საკითხზე, თუმცა საპროცესო კანონმდებლობით მის განცხადებას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყოლოდა. ამასთან, მას სერიოზული ზიანი მიადგა, ვინაიდან სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, რომელიც არ აღსრულებულა, ეკუთვნოდა 15240 ლარი. ამდენად, აღნიშნული თანხა შეადგენდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებულ ზიანს.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უკანონო ქმედებებსა და მიყენებულ ზიანს შორის არსებობდა მიზეზობრივი კავშირი, ვინაიდან სასამართლოს ჯეროვნად რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულება და ყადაღა დაედო მოპასუხის ქონებაზე, იგი ვერ გაასხვისებდა მას და შესაძლებელი გახდებოდა ჯ. ჯი-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება. ამდენად, კასატორმა ზიანის მიმყენებელ პირად მიუთითა მოსამართლეებზე _ მ. გ-სა და მ. ჭ-ზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმატებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერების და დასაბუთებულობის შეფასება ხორციელდება პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური პროცედურების მეშვეობით, მართლმსაჯულების განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სასამართლოს განჩინებით მოსამარჩლის ბრალის დადგენის შემთხვევაში (წინააღმდეგ შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი იქცეოდა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების კიდევ ერთ დამატებით პროცედურად, შექმნიდა პირის მიხედულებისდამიხედვით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის შეცვლის შესაძლებლობას დელიქტური სარჩელის წარდგენის გზით). აღნიშნული არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, უკეთუ სარჩელი ეხება ზიანის ანაზღაურებას, მიყენებულს არა საქმის არსებითად გადამწყვეტი სასამართლო აქტის მიღებით, არამედ მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობით. ასეთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება არ უკავშირდება ძალაში შესული განაჩენით მოსამარჩლის ბრალის დადგენას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ჯ. ჯი-ის სარჩელი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების, მართლმსაჯულების განმხორციელებელი ორგანოს _ სასამართლოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას, რაც სასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზიანის მიყენებაში ბრალეულად თვლის საერთო სასამართლო სისტემას და არ ასახელებს კონკრეტულ მოსამართლეებს, არ ადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ვინაიდან სააპელაციო პალატას მოსარჩელისათვის არ შეუთავაზებია სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის შეცვლა. ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმას არ ასაბუთებს, აგრეთვე, მოსარჩელის მიერ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ რაიონული სასამართლოს განჩინების არ გასაჩივრება, ვინაიდან მოთხოვნას საფუძვლად უდევს მოსაზრება იმის შესახებ, რომ განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება არ მისცა მოსარჩელეს სასამართლოს პროცესუალური აქტის გასაჩივრების შესაძლებლობა. ვინაიდან პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა განცხადების რეაგირების გარეშე დატოვების შესაძლებლობას, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ 1964წ. საქართველოს სსრ სსკ-ის 141-ე მუხლი არ ითვალისწინებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების იმპერატიულ აუცილებლობას. იმჟამად მოქმედი საპროცესო კოდექსი ავალდებულებდა სასამართლოს, განეხილა უზრუნველყოფის შესახებ განცხადება პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (1964წ. სსკ-ის 142-ე მუხ.). სარჩელის უზრუნველყოფა დასაშვებად ითვლებოდა, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას (1964წ. სსკ-ის 141-ე მუხ.), წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო, მიეღო განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შესახებ, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებდა სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოტანილ ყველა განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას. ამდენად, ის გარემება, რომ 1964წ. სსკ-ის 141-ე მუხლი არ ითვალისწინებდა ყველა შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარსი თქმის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზიანის ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანი, მუშაკის ბრალეული მოქმედება (უმოქმედობა), მიზეზობრივი კავშირი მუშაკის ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა დადგენილი ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო პირობების არსებობა. პასუხისმგებლობის დაკისრების უმთავრესი პირობათაგანია ზიანის არსებობის დადგენა. ამდენად, საქმეზე მართლზომიერი გადაწყვეტილების გამოტანის ინტერესები მოითხოვდნენ ზიანის არსებობის, მისი ოდენობის დადგენას. ვინაიდან ზიანის მიყენებას მოსარჩელე უკავშირებს კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა თუ რა ნაწილში და რის გამო ვერ მოხერხდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 03.08.95წ. გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 1330 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდა. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 05.11.01წ. გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს “მ...-ს” დაეკისრა ჯ. ჯი-ის სასარგებლოდ ავტომანქანის ღირებულების 6000 ლარის გადახდა და ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის 9240 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება 15240 ლარის (6000ლ+9240ლ) ოდენობით. სააპელაციო პალატამ საღსრულებო წარმოების გამოთხოვისა და გაცნობის გარეშე განიხილა საქმე (საქმეში მოიპოვება მხოლოდ თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღმასრულებლის 20.03.03წ. წერილი ჯ. ჯი-ის მიმართ), რის გამო არ არის ზუსტად დადგენილი, თუ რა ნაწილში არ მოხდა სააპელაციო პალატის 05.11.01წ. გადაწყვეტილების აღსრულება. ჯ. ჯი-მა საკასაციო პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ მოპასუხემ მას ნებაყოფლობით აუნაზღაურა სააპელაციო პალატის გადაწყვტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ნახევარი. მიუხედავად აღნიშნულისა ჯ. ჯი-ი მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით ითხოვს 15240 ლარის ანაზღაურებას. ამდენად, საქმეზე დასადგენია 05.11.01წ. გადაწყვეტილების აღუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ოდენობა. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოპასუხე შპს “გ...-ის” უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება შპს “მ...”, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 07.06.02წ. განჩინებით უცვლელად დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 05.11.01წ. გადაწყვეტილებით ჯ. ჯი-ის სასარგებლოდ დაეკისრა ავტომანქანა “კამაზ-5320-ის” ღირებულების _ 6000 ლარისა და ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის 9240 ლ. ანაზღაურება. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 44-ე მუხლის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით. შპს არის კაპიტალური საზოგადოება, ე.ი. კაპიტალის გაერთიანების შედეგად შექმნილი საზოგადოება, რის გამო გარკვევას საჭიროებს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზი თუნდაც შპს-ის საწესდებო კაპიტალის ოდენობის ნაწილში, მით უფრო, რომ მინიმალური საწესდებო კაპიტალის არსებობის უპირველეს მიზანს სწორედ კრედიტორების დაცვა წარმოადგენს.

ჯ. ჯი-ი ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, კერძოდ მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 08.08.96წ. და 08.10.96წ. განცხადებების ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვებას, რამაც შემდგომში შეუძლებელი გახადა საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ხსენებული განცხადებებიდან პირველი (08.08.96წ.) შეტანილია არა სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, არამედ სასამართლო განხილვის დამთავრებისა და გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კარნონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საზედამხედველო წესით გაუქმებამდე, ანუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზე. ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 03.08.95წ. გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, ჯ. ჯი-ის 08.08.96წ. განცხადება ეხებოდა არა სარჩელის უზრუნველყოფას, არამედ უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რაიონის სასამართლოს 03.08.95წ. გადაწყვეტილების აღსრულება გაიყო, კერძოდ 1330 აშშ დოლარის გადახდის და ავტომანქანის აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულება გადაეცა საბურთალოს რაიონის, ხოლო ბაჟის ნაწილში _ ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს აღმასრულებელს. იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად (26.12.64წ. სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლი) ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენდა იძულებითი აღსრულების ზომას, რომელიც განეკუთვნებოდა აღმასრულებლის და არა მოსამართლის კომპეტენციას. ხსენებული კოდექსის 381-ე მუხლის მიხედვით მოსამართლე განიხილავდა სააღსრულებო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის, სააღსრულებო დოკუმენტის დაბრუნების საკითხებს. ჯ. ჯი-ის მიერ ყადაღის დადების შესახებ განცხადების წარდენისას სააღსრულებო სამსახური სასამართლოებთან ფუნქცინირებდა და სასამართლოებთან ერთად იუსტიციის სამინისტროს სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. შემდგომში სასამართლო ორგანოები გაყვანილ იქნა იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ყადაღის დადების შესახებ 08.08.96წ. განცხადებაზე ზომების მიუღებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით (სსკ-ის 85-ე მუხ.), სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტით) შეცვლაზე.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 05.09.96წ. დადგენილებით საზედამხედველო წესით ავტომანქანის აღდგენისა და მისი დაბრუნების ნაწილში ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 03.08.95წ. გადაწყვეტილების გაუქმების და ამ ნაწილში საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე რაიონის სასმამართლოში დაბრუნების შემდეგ ჯ. ჯი-ის მიერ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე 08.10.96წ. შეტანილ განცხადებას, რომლითაც ჯ. ჯი-ი ითხოვდა შპს “გ...” ქონებაზე ყადაღის დადებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ 08.10.96წ. განცხადების რეაგირების გარეშე დატოვების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საჭიროა საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სასამართლოს მიერ ჯ. ჯი-ის 08.10.96წ. განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება. ამ მიმართებით სააპელაციო პალატას არ მოუხდენია მტკიცებულებათა გამოკვლევა სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, აღნიშნული ნორმის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულია მოპასუხე მ. ს-ის განცხადება მოსამართლის აცილების შესახებ, საქმის განმხილველი მოსამართლის მ. გ-ს აცილების პირველ საფუძვლად განმცხადებელი იმ გარემოებას უთითებს, რომ მოსარჩელემ წინასწარ, საქმის მასალების შესწავლისა და განხილვის გარეშე, დაადო ყადაღა შპს “გ...”-ის ქონებას. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ქონებას ყადაღა დაედო სსკ-ის 85-ე, 86-ე, 134-ე, 137-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, მოსარჩელის მიერ სარჩელის ფასის განსაზღვრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე, რის გამო მ. ს-ის აზრით არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების საფუძველი. საქმის განხილვის ოქმის თანახმად მოსარჩელე ჯ. ჯი-მა მხარი არ დაუჭირა მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებას მოსამართლის აცილების შესახებ. სახალხო მსაჯულის მიერ 24.12.96წ. მიღებული განჩინების თანახმად მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა შპს “გ...-ის” ქონებაზე ყადაღის დადების და ექსპერტიზის მოპასუხის გარეშე ჩატარების გამო სხდომის თავმჯდომარის მ. გ-ს აცილების შესახებ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ მოსამართლე მ. ჭ-ის მიერ საქმის განხილვისას ფირმის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საკითხის გასარკვევად გამოთხოვილ იქნა ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს და საბურთალოს რაიონის სასამართლოს სააღსრულებო წარმოებები. სააპელაციო პალატას ხსენებული მასალების შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალების, მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობა ან არარსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილ შემოწმებას. საოლქო სასამართლოს მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ იძლევა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების, საქმის სამართლებრივი ასპექტების შეფასების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევას, საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რის გამოც ჯ. ჯი-ის საკასაციო საჩივარი სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ჯი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.06.05წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.