განსჯადობა

ადმინისტრაციული 23.10.2002
საქმის ნომერი
3გ/ად-24-გ-02
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
23.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3გ-ად-24-გ-02 23 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),ბ. კობერიძე,ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სარჩელის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 13 ივნისს საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილმა წამყვანმა ინსპექტორმა დ. ბ.-მ სარჩელი აღძრა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის 2001წ. 21 მაისის ¹გან-91 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე.

საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელმა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე იშუამდგომლა განსჯადობის დაცვით საქმის განსახილველად გადაგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.

ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ, რადგანაც სარჩელი აღძრული იყო კონტროლის პალატის მიმართ, საქმის განხილვა უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად საქმე უნდა განეხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ივლისის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ, მართალია, მოპასუხე იყო ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ აღნიშნული დავა თავისი სამართლებრივი ბუნებით არ იყო ადმინისტრაციული, რადგანაც იგი წარმოიშვა შრომითი ურთიერთობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა სამსახურში აღდგენას.

სასამართლო კოლეგიის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის «ა» პუნქტით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს სამოქალაქო, საოჯახო, შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საოლქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას.

გარდა ამისა, სასამართლო კოლეგიის განმარტებით, მოცემული დავა, აგრეთვე, იმიტომ არ არის საოლქო სასამართლოს განსჯადი, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებისა და არა მათ მიერ ქმედების განხორციელების თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოცემული საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ორივე ინსტანციის სასამართლოს განჩინებების საფუძვლიანობა განსჯადობის თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ დ. ბ.-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სარჩელი არ შეუმცირებია. საქმეში არ არის მოსარჩელის შუამდგომლობა მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე დ. ბ.-ი სარჩელით ითხოვს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001წ. 21 მაისის ¹გან-91 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობას და სამსახურში აღდგენას.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემული დავა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რადგანაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი იძლევა სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, კერძოდ, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა:

ა) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან.

ბ) სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო.

გ) ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.

კონკრეტული დავის შემთხვევაში საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001წ. 21 მაისის ¹გან-91 ბრძანება გამოცემულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის საფუძველზე, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას მიეკუთვნება. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

განსახილველ დავაში მოსარჩელეა საქარვთელოს კონტროლის პალატის ყოფილი წამყვანი ინსპექტორი, რმოელიც «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად საჯარო მოსამსახურე იყო, ხოლო მოპასუხეა საქართველოს კონტროლის პალატა, რომელიც «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონის პირველი მუხლის თანახმად არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო და შესაბამისად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, რადგანაც საქართველოს კონტროლის პალატა მოცემულ დავაში მხარეა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არის განსახილველი.

საქართველოს კონტროლის პალატის სადავო ბრძანება დ. ბ.-სა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას ეხება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლებრივი ხასიათისაა და მისგან წარმოშობილი დავები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილებოდა, მაგრამ 2000წ. 1 იანვრიდან ამოქმედებულმა ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა გაითვალისწინა ახალი სამართლებრივი ინსტიტუტი _ «ადმინისტრაციული გარიგება». ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ პირ დ. ბ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს კონტროლის პალატას, შორის წარმოშობილი საჯარო სამართლებრივი-შრომითი ურთიერთობა შეწყდა სადავო ბრძანებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობა არის ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა-დადება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება.

ადმინისტრაციული დავის საგანს, აგრეთვე, შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. საქართველოს კონტროლის პალატის სადავო ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ბრძანება ადმინისტრაციულმა ორგანომ _ საქართველოს კონტროლის პალატამ გამოსცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის საფუძველზე, იგი ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათისაა და კონკრეტულად დ. ბ.-სა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის ადმინისტრაციული გარიგების, საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის, შეწყვეტას ეხება, მაგრამ, ვინაიდან სადავო ბრძანების სამართლებრივი შედეგი არის დ. ბ.-თან საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტი კი არ არის, არამედ ადმინსტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული გარიგების დადება შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავები კომპლექსურად, ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული, როგორც ადმინისტრაციული გარიგების დადება-შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა. ამიტომ, ამგვარი ბრძანების კანონიერების განხილვისას არ უნდა იქნეს გამოყენებული, არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავის «ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი” და არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბმისი ნორმები. სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე და მის შესაბამისობაზე «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონთან, «შრომის კანონთა კოდექსთან” და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავთან.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტისა და მე-5 თავის თანახმად განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, როგორც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის, აგრეთვე, «შრომის კანონთა კოდექსის» საფუძველზე ფიზიკურ პირთან დადებული საჯარო შრომითი ხელშეკრულება (გარიგება) იმისდა მიუხედავად, ფიზიკური პირი წარმოადგენს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული «საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით» გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობაა ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა. დავის საგანია არა ადმინისტრაციული აქტის _ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანების კანონიერება, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტა და დადება. რადგანაც მოსარჩელეა ფიზიკური პირი დ. ბ.-ი, ხოლო მოპასუხე _ საქართველოს კონტროლის პალატა, ამიტომ პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტისა და მე-6 მუხლის თანახმად, დ. ბ.-ის სარჩელი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ბ.-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

2. დ. ბ.-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.