გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.12.2008
საქმის ნომერი
ბს-1051-1014(კ-08)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-1051-1014(კ-08წ) 23 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა: ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

გ. ილინას მდივნობით კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო, წარმომადგენელი _ ნ. კ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ლ.-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება

დავის საგანი _ კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნ. ლ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანებისა და ზარალის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-5/.

საქმის გარემოებები:

ნ. ლ.-ე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს სამმართველოში, საიდანაც გათავისუფლდა 2005 წლის დეკემბრის ბრძანებით. მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მასთან ანგარიშსწორება არ მომხდარა. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის ¹27/7/3-ლ/21 წერილის მიხედვით, მისი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1160,96 ლარს.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი:

მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების ანგარიშსწორება არ მომხდარა, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მის მიმართ გააჩნია დავალიანება.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ არის.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დარჩა განუხილველად. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიმართ არსებული დავალიანების - 1160,96 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება /იხ. სხდომის ოქმი/.

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, ვინაიდან საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო იყო დამოუკიდებელი ტერიტორიული ორგანო, რომელსაც გააჩნდა დამოუკიდებელი ანგარიში და ბალანსი და დაფინანსებას იღებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შსს მეშვეობით, იმ დროს არ ჰქონდა თანხები, რომლითაც მოხდებოდა ანალოგიური თანხების დაფარვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები ითვალისწინებდა სახსრებს მხოლოდ მიმდინარე საჭიროებისათვის და ზემოაღნიშნული ხარჯების გაწევა გამოიწვევდა ახალი დავალიანების წარმოქმნას, რაც ეწინააღმდეგებოდა “ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-60 მუხლს /იხ. სხდომის ოქმი/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 1160,96 ლარის გადახდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და განმარტა, რომ მოცემული კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). გარდა ამისა, მითითებული კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს.

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელე ნ. ლ.-ის მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ კანონიერი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. ამასთან, მოსარჩელე ითხოვდა თანხას, რომელიც წარმოადგენდა მის მიერ მოპასუხე ორგანიზაციაში შესრულებული სამსახურებრივი საქმიანობის ანაზღაურებას, რაზეც მოპასუხეს უარი არასოდეს განუცხადებია, ამავე დროს, ასანაზღაურებელ თანხას, როგორც დავალიანებას, აღიარებდა და აფიქსირებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კრედიტორულ დავალიანებად /იხ.ს.ფ. 26-27/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობით, რომელშიც არ იყო მოცემული დარიცხული თანხების კლასიფიკაცია მათი სახეებისა და პერიოდულობის მიხედვით, რის შედეგადაც მოხდა მოსარჩელისათვის არა მხოლოდ სახელფასო თანხის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ კვების ულუფის ნაწილშიც, რაც არასწორი იყო. გარდა ამისა, პირველ ინსტანციაში წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლები არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ხელფასი შედგებოდა თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატისაგან. კვების ულუფა და წელთა ნამსახურობის დანამატი წარმოადგენდა დამატებით კომპონენტებს ხელფასზე, რაც, ამავდროულად, წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან საჯარო სამსახურში მათი გაცემა ხდებოდა გარკვეული პერიოდულობით, როგორც წესი, თვის ბოლოს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისაგან, წარმოადგენდა სამ წელს, შესაბამისად, დავის საგნის მიმართ უნდა გავრცელებულიყო სსკ-ის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლებოდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დავის საგნის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობოდა იმ მომენტიდან, როცა მას უნდა მიეღო ხელფასი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ მიუღია. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ. ლ.-ის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაიწყო 1998 წელს და 3 წლის გასვლის გამო, იგი ხანდაზმულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული /იხ.ს.ფ. 32-37/.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად იქნა დატოვებული საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე ნ. ლ.-ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში, საიდანაც გათავისუფლდა 2005 წლის დეკემბრის ბრძანებით. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის ¹27/7/3-ლ/21 წერილის თანახმად, მის მიმართ დავალიანება წარმოადგენდა 1160,96 ლარს. ამდენად, მოსარჩელე იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 37.1 მუხლის მიხედვით, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს ეკისრებოდა გათავისუფლებული მოსამსახურის მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა აღიარებითი ხასიათის იყო, რამდენადაც აღნიშნულ ორგანიზაციას უარი არ განუცხადებია სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე და მიუთითებდა დავალიანების დაფარვის გადავადებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია, იგი გამოტანილია კანონის დარღვევით, საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი შეფასების გარეშე, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობით, რომელშიც არ იყო მოცემული დარიცხული თანხების კლასიფიკაცია მათი სახეებისა და პერიოდულობის მიხედვით, რის შედეგადაც მოხდა მოსარჩელისათვის არა მხოლოდ სახელფასო თანხის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ კვების ულუფის ნაწილშიც, რაც არასწორი იყო. გარდა ამისა, პირველ ინსტანციაში წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლები არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ხელფასი შედგებოდა თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატისაგან. კვების ულუფა და წელთა ნამსახურობის დანამატი წარმოადგენდა დამატებით კომპონენტებს ხელფასზე, რაც, ამავდროულად, წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან საჯარო სამსახურში მათი გაცემა ხდებოდა გარკვეული პერიოდულობით, როგორც წესი, თვის ბოლოს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისაგან, წარმოადგენდა სამ წელს, შესაბამისად, დავის საგნის მიმართ უნდა გავრცელებულიყო სსკ-ის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლებოდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დავის საგნის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობოდა იმ მომენტიდან, როცა მას უნდა მიეღო, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მიუღია. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ. ლ.-ის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაიწყო 1998 წელს და 3 წლის გასვლის გამო, იგი ხანდაზმულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული /იხ.ს.ფ. 32-37/.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიღებულ 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” პუნქტის საფუძველზე /აბსოლუტური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ნ. კ.-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ნ. ლ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 55-64)

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ ნ. ლ.-მ არ ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება (იხ. ს.ფ. 55-64)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება კვების (ულუფის) კომპენსაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ნ. ლ.-ის სარჩელი კვების (ულუფის) კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მოპასუხისათვის კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 596,58 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში არასწორად გამოიყენა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე ნ. ლ.-ე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს სამმართველოში, საიდანაც გათავისუფლდა 2005 წლის დეკემბრის ბრძანებით. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მასთან ანგარიშსწორება არ მომხდარა. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის ¹27/7/3-ლ/21 წერილის მიხედვით, მის მიმართ არსებული 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 1160,96 ლარს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის ცნობით (ს.ფ. 14), რომელიც გაიცა ნ. ლ.-ზე იმის შესახებ, რომ მისი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1160,96 ლარს, მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ნ. ლ.-ის მიმართ არსებული 1160,96 ლარის დავალიანების აღიარება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს სასურსათო ულუფას. საჯარო მოსამსახურე (პოლიციელი) სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი, ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას. ამდენად, ამ შემთხვევაში მთავარი და განმსაზღვრელია ადმინისტრაციული ორგანოს დოკუმენტის შინაარსი, ამასთან, სახეზეა მტკიცებულების შეფასება მისი შინაარსის მიხედვით და არა მტკიცებულებათა კლასიფიკაცია რაიმე ნიშნით.

რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას. ამდენად, საჭიროა სახეზე იყოს ვალის აღიარება და შესაბამისი კონკრეტული თანხის გაცემის დაპირება, რაზედაც გავლენას ვერ მოახდენს მტკიცებულების არარსებობა, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო უარყოფდა დავალიანების არსებობის ფაქტს.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1998-1999 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის _ 596,58 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს კი არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი განსაზღვრავს სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადას, ხოლო ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის _ 596,58 ლარის ნ. ლ.-ის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის _ 596,58 ლარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების თაობაზე ნ. ლ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 257-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება მოსარჩელე ნ. ლ.-სათვის კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

ნ. ლ.-ის სარჩელი კვების ულუფის კომპენსაციის 596,58 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.