დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-1148-1110(კ-08) 16 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. კ.-ისა და მისი წარმომადგენლის – მ. პ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 22 თებერვალს რ. ვ.-მ და მ. ს.-მ სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირის – მ. კ.-ის მიმართ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2000 წლის 31 იანვრის ¹52 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მ. კ.-ს ქ. ზესტაფონში, ...-ის ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გამოეყო ბინა ¹5.
2007 წლის 12 მარტს მ. კ.-მ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირის – რ. ვ.-ს მიმართ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2005 წლის 26 აპრილის ¹11 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც რ. ვ.-ს ქ. ზესტაფონში, ...-ის ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹5 ბინაზე გამოეწერა ორდერი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება რ. ვ.-სა და მ. ს.-ის სარჩელზე და მ. კ.-ის შეგებებულ სარჩელზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მ. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინება მოსარჩელე მ. კ.-ის სარჩელის გამო მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირის რ. ვ.-ს მიმართ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2005 წლის 26 აპრილის ¹11 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან შესამოწმებლად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მ. კ.-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დასაშვებად ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებით მ. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინება და საქმე წარმოებაში მიღების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით მ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინებით მ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. კ.-მ და მისმა წარმომადგენელმა – მ. პ.-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მ. კ.-ისა და მისი წარმომადგენლის – მ. პ.-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ იყო დასაბუთებული და არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, კასატორს დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ 2008 წლის 3 ნოემბერს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურებიდან ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელს – მ. პ.-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 6 ნოემბერს, როგორც პირადად, ასევე მ. კ.-ზე გადასაცემად, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მ. კ.-ს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 17 ნოემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. კ.-ისა და მისი წარმომადგენლის – მ. პ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ.-ისა და მისი წარმომადგენლის – მ. პ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.