დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-625-595(2კ-07) 3 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 29 ივნისს დ. ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 31 მაისის ¹149-კ ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 22 ივნისის ¹02-03-09/34-12422 წერილის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 28-29 მაისის ¹12 ოქმის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1998 წელს საკონკურსო შერჩევის საფუძველზე დაიწყო მუშაობა საბაჟო დეპარტამენტში. მუშაობდა ...., ... უფროსად, .... უფროსად.
მუშაობის პერიოდში მის ძირითად მოვალეობაში შედიოდა საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე საბაჟო კონტროლის განხორციელება. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისთვის, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი შრომისათვის გამოცხადებული აქვს მადლობა და დაჯილდოებულია ფასიანი საჩუქრით. წარჩინებით აქვს დამთავრებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით.
სამსახურიდან გათავისუფლებამდე იგი ასრულებდა რისკის ანალიზის სამმართველოს საინფორმაციო განყოფილების ინსპექტორის მოვალეობას. 2005 წლის 18 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 31 მაისის ¹149-კ ბრძანების საფუძველზე, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 31 მაისის ¹49-კ ბრძანება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში გამოცემულია კანონის დარღვევით, ვინაიდან იგი თანამდებობაზე მიღებული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი - კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. კონკურსი არ ჩატარებულა და არც ერთი მოხელე კონკურსის შედეგების მიხედვით არ დანიშნულა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ატესტირებას არ ექვემდებარება პირი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. მოსარჩელე თანამდებობაზე მიღებული იყო განსაზღვრული ვადით, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე და შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა ატესტირებას.
მოსარჩელის განმარტებით, ატესტაცია ჩატარდა მიკერძოებულად, საკონკურსო საატესტაციო კომისიის დასკვნა მის მიმართ არის არაობიექტური, იგი მიღებულია მისი საქმიანი თვისებისა და მოტივაციის არასწორი შეფასების საფუძველზე. საატესტაციო კომისიის წევრების მიერ მის მიმართ დასმული კითხვები არ ეხებოდა სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ ემსახურებოდა მისი პროფესიული ცოდნის, კვალიფიკაციის დონისა და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარის გამოვლენას.
მის მიერ გაპროტესტებულ იქნა ატესტაციის შედეგები საპრეტენზიო კომისიაში. საპრეტენზიო კომისიის სხდომას ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო, თუმცა დასწრება არ იყო სავალდებულო და კომისიას მისი დასწრების გარეშეც შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება. საპრეტენზიო სხდომის ოქმიდან გაირკვა, რომ კომისიას მის პრეტენზიასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია. მან აღნიშნული გარემოების გასარკვევად, 16 ივნისს განცხადებით მიმართა საპრეტენზიო კომისიას, რაზედაც აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით მიიღო 22 ივნისით დათარიღებული ¹02-03-09/34/12422 პასუხი, სადაც მითითებულია, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კომისიამ ვერ დაადგინა თუ რომელი კითხვები იყო გასაჩივრებული, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას, საკონკურსო საატესტაციო კომისიისათვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინა შესაბამისი წინადადება და აღნიშნულის გათვალისწინებით საპრეტენზიო განცხადება დაკმაყოფილებულად ვერ ჩაითვლებოდა.
მოსარჩელის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ დაადგინა კომისიამ თუ რომელი კითხვები იყო გასაჩივრებული, მაშინ როცა ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის" 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრება ტარდება კითხვა-პასუხის ფორმით. დასმული შეკითხვები, გაცემული პასუხები და გასაუბრების მიმდინარეობა შეიტანება გასაუბრების ოქმში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გასაუბრების მიმდინარეობა აგრეთვე შეიძლება დაფიქსირდეს ვიდეოფირზე.
მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან არ მოხერხდა მისთვის გასაუბრების ოქმის გადაცემა, ბადებს ეჭვს, რომ გასაუბრების ოქმები არ არსებობს და საპრეტენზიო კომისიამ ამიტომაც ვერ დაადგინა, თუ რომელი კითხვები იყო მის მიერ გასაჩივრებული.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ გადაწყვეტილება პრეტენზიასთან დაკავშირებით უნდა მიეღო საპრეტენზიო კომისიას კოლეგიალურად და არა საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად. საპრეტენზიო კომისიის 2005 წლის 6 ივნისის სხდომის ოქმიდან ჩანს, რომ კომისიას პრეტენზიასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარემ 2005 წლის 22 ივნისის ¹02-03-09/34/12422 წერილით, ერთპიროვნულად არ დააკმაყოფილა მისი პრეტენზია.
ამგვარად, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2005 წლის 22 ივნისის ¹02-03-09/12422 წერილი, მოსარჩელის აღნიშვნით, გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
ამასთან, მოსარჩელის მითითებით, ატესტაციის შედეგები გამოცხადდა 2005 წლის 2 ივნისს, ხოლო სამსახურიდან გაათავისუფლეს ატესტაციის შედეგების გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, 31 მაისს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 31 მაისის ¹149-კ ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 22 ივნისის ¹02-03-09/34-12422 წერილის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 28-29 მაისის ¹12 ოქმის ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 31 მაისის ¹149-კ ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 22 ივნისის ¹02-03-09/34-12422 წერილი და დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დ. ა-ეს უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 28-29 მაისის ¹12 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს დ. ა-ემ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.
დ. ა-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და დ. ა-ის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
სააპელაციო პალატა დეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 31 მაისის ¹149-კ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა რისკის ანალიზის სამმართველოს საინფორმაციო განყოფილების ... თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველი გახდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 28-29 მაისის ოქმი.
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ოქმის ბათილად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე და მიუთითა, რომ ოქმი არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, მისი ბათილად ცნობა დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე.
კომისიის სხდომის ოქმი ასახავს კომისიის მოქმედებათა მიმდინარეობას და მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, რომლის საფუძველზეც მოხელის თანამდებობაზე დატოვების ან თანამდებობიდან გადაყენების საკითხს წყვეტს ხელმძღვანელი თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესის" მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების, გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიის მუშაობის მიმდინარეობის კანონიერების თაობაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს, როგორც სარჩელის საფუძველზე და არა როგორც დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის, რომ დ. ა-ის საპრეტენზიო განცხადება არ იქნა განხილული საპრეტენზიო კომისიის მიერ იმ საფუძვლით, რომ განცხადებიდან გაურკვეველია, თუ რომელ კითხვებს ასაჩივრებს დ. ა-ე და რომ ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის გამო, კომისია აღნიშნულის გარკვევის შესაძლებლობას მოკლებული იყო.
სააპელაციო სასამართლომ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹409 ბრძანებაზე მითითებით, ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.4 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტების მიმართ ადგილი არ ჰქონდა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება აღნიშნული აქტების მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების მართებულობის თაობაზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დ. ა-ეს უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, ხოლო ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოს მიერ ბათილად არის ცნობილი და შესაბამისად, არ არსებობს ხელფასის გაუცემლობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ" დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო კომისიის მიზანს წარმოადგენს ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს კომისიისათვის სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნის წარდგენა. საპრეტენზიო კომისიის დასკვნა არ არის გადამწყვეტი ძალის მქონე აქტი და მისი გათვალისწინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის პრეროგატივაა. საქმეში წარმოდგენილია დ. ა-ვის დასმული კითხვებისა და გაცემული პასუხების ოქმი და ვიდეოჩანაწერი. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გააანალიზა რა დ. ა-ის მიერ გაცემული პასუხები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული პიროვნება სრულებით არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას და იგი ექვემდებარებოდა გათავისუფლებას.
ამდენად, კასატორის აღნიშვნით, ადმინისტრაციას არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები, რადგანაც საპრეტენზიო კომისიის ოქმის გამოცემამდე, მოხელის გათავისუფლების შეზღუდვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
კასატორის მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოცხადდეს ბათილად მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებითად არის დარღვეული მისი გამოცემის პროცედურები, თუმცა კანონის არსებითი დარღვევა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძვლად, როდესაც ამ დარღვევის არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში გათავისუფლების შესახებ ბრძანება საპრეტენზიო კომისიის დასკვნის შემდეგაც რომ გამოცემულიყო, შედეგი იგივე დადგებოდა, რადგანაც საპრეტენზიო კომისიამ არ განიხილა და შესაბამისად, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის განცხადება. ამდენად, კასატორის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო სადავო ბრძანება ბათილად, რადგანაც აღნიშნული აქტის არანაირი ბათილობის პირობა არ არსებობდა.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ, როდესაც სასამართლო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად აცხადებს სადავო აქტს, ის ამავე დროს ვალდებულია, განსაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები და მისი მოქმედება უნდა შეწყვიტოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღიდან.
სასამართლომ ასევე ბათილად ცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 22 ივნისის ¹02-03-09/12422 წერილი, რომლითაც საპრეტენზიო კომისიამ დ. ა-ეს შეატყობინა, რომ მისი განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული, რადგანაც კომისიამ ვერ გაარკვია, კონკრეტულად რომელი კითხვები იქნა მის მიერ გასაჩივრებული.
აღნიშნული წერილი, კასატორის მოსაზრებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგანაც აღნიშნული წერილი მხოლოდ შეტყობინებით ხასიათს ატარებს. ამასთან, განცხადების განუხილველობის საფუძველი, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმი, მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა.
კასატორი ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება განცხადების განუხილველობის შესახებ გამომდინარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ" დებულების მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნით, კერძოდ, აღნიშნული პუნქტის თანახმად, კითხვათა გაუქმების შესახებ საპრეტენზიო კომისიის ოქმები გადაეცემა კომისიას. ოქმში მითითებული უნდა იქნეს თუ რამდენი კითხვა იქნა გასაჩივრებული მოხელეთა მიერ. ამდენად, კასატორის მითითებით, საპრეტენზიო კომისიას უფლება არ ჰქონდა განეხილა განცხადება, რომელშიც არ იყო მითითებული გასაჩივრებული კითხვები.
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით, რაზედაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიუთითებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.