დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-70-68(კ-07) 19 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა თ. ფ-ისა და ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
07.12.05წ. თ. ფ-მ და ლ. ჯ-მ სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ზესტაფონის რაიონის გამგეობისა და საჯარო რეესტრის ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 1979წ. შეიძინეს ქ. ზესტაფონში, ... ქუჩის I შესახვევის ¹9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. სახლი განლაგებული იყო 95 კვ.მ. ფართზე. 17.05.04წ. სახლი დაინგრა და ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. 2004 წლის აგვისტოში საკუთარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობისაგან დახმარების სახით მიიღეს 6000 ლარი. 05.11.05წ. მიმართეს საჯარო რეესტრის ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვეს იმ მიწის ნაკვეთის მათ სახელზე რეგისტრაცია, რომელზეც განთავსებული იყო მათი საცხოვრებელი სახლი. რეგისტრაციის განხორციელებაზე უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ მათი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით 1989 წლიდან ასახლების ზონაში იყო და ზესტაფონის რაიონის გამგეობის 10.08.04წ. ¹93 დადგენილებისა და საკრებულოს 17.08.04წ. ¹14 დადგენილების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად იყო აღრიცხული. მოსარჩელეების აზრით, ზესტაფონის რაიონის გამგეობის 10.08.04წ. ¹93 და ზესტაფონის რაიონის საკრებულოს 17.08.04წ. ¹14 დადგენილება უკანონო იყო და აღნიშნული აქტები ლახავდა მათ კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელეებმა ზესტაფონის რაიონის გამგეობის 10.08.04წ. ¹93 დადგენილების მე-3 ნაწილის, საჯარო რეესტრის 16.12.04წ. ¹716/04 ამონაწერის ბათილად ცნობა და უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნება მოითხოვეს.
ზესტაფონის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ ჯერ კიდევ ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 31.03.89წ. ¹92 გადაწყვეტილებით, ... ქუჩის გაფართოებისა და ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით იქ მცხოვრები მოქალაქეები ასახლებულები იქნენ შესაბამისი კომპენსაციის გადახდით და საცხოვრებელი ფართის გადაცემის პირობით. მოსარჩელეებს არ მისცემიათ სამაგიერო ფართი, თუმცა გაიცა გარანტია, რომ ... ქუჩაზე მშენებარე 52 ბინიან სახლში გამოეყოფოდათ სამოთახიანი ბინა. პირობა ვერ შესრულდა მშენებლობის დაუმთავრებლობის გამო. მოსარჩელეები ავარიულ სახლში ცხოვრობდნენ 2004 წლის 16 მაისამდე. 16.05.04წ. დაინგრა სახლი და ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 10.08.04წ. ¹92 დადგენილებით საკრებულოს თანხმობის მიცემა სთხოვეს რაიონის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 6000 ლარის გამოყოფაზე. საკრებულოს 17.08.04წ. ¹14 გადაწყვეტილებით თხოვნა დააკმაყოფილა და დაზარალებულ ოჯახს სახლის შესაძენად და არა იმავე ტერიტორიაზე ასაშენებლად, გადაეცა 6000 ლარი. ზესტაფონის რაიონის გამგეობის განცხადებით, მოსარჩელეთა საკუთრების უფლება სადავო მიწაზე ვერ დადასტურდებოდა 1964წ. სამოქალაქო კოდექსის ნორმათა საფუძველზე, ვინაიდან მისი მოქმედების დროს მიწა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა მხოლოდ. მოპასუხემ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 09.12.04წ. განჩინებაზე, რომლითაც მოსარჩელეთა მეზობელს უარი ეთქვა მიწის საკუთრების უფლებით გადაცემაზე, ვინაიდან, საკასაციო პალატის განმარტებით, 1989-1991 წწ. მიწა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ფიზიკური პირის ნ. ჩ-ის საკუთრება და ვერც მის სამკვიდრო მასაში შევიდოდა. მოპასუხის აზრით, ვინაიდან სადავო ტერიტორია ასახლების ზონის შემადგენელი ნაწილი იყო, მოსარჩელეები მასზე საკუთრების უფლებას ვერც ,,ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" 28.10.98წ. კანონის საფუძველზე მოიპოვებდნენ. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 24.05.06წ. გადაწყვეტილებით თ. ფ-ისა და ლ. ჯ-ს სარჩელი არ დაკმყაოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.06წ. განჩინებით თ. ფ-ისა და ლ. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 24.05.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 31.03.89წ. ¹92 გადაწყვეტილებით ასახლებული იქნენ ... ქუჩის გაფართოებისა და ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით იქ მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც მიეცათ ახალი საცხოვრებელი ფართები. მოსარჩელეთა დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით ვერ განხორციელდა. ზესტაფონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის სხდომის 29.04.92წ. ¹33 გადაწყვეტილებით მიეცათ გარანტია, რომ ... ქუჩის 52 ბინიან მშენებარე სახლში მიეცემოდათ 3 ოთახიანი ბინა. კორპუსის მშენებლობის დაუმთავრებლობის გამო ოჯახს ბინა არ გადასცემიათ. მოსარჩელეები 2004 წლის 16 მაისამდე, ბინის დანგრევამდე, ... ქუჩაზე ავარიულ სახლში ცხოვრობდა. ზესტაფონის რაიონის გამგეობისა და 110.08.04წ. ¹93 და ზესტაფონის რაიონის საკრებულოს 17.08.04წ. ¹14 გადაწყვეტილების საფუძველზე თ. ფ-სა და ლ. ჯ-ს გამოეყოთ 6000 ლარი ბინის შესაძენად და არა ბინის ასაშენებლად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 1964წ. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რაც გამორიცხავდა მიწაზე კერძო საკუთრების უფლების არსებობის ფაქტს, იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ფიზიკური პირების ფ-ისა და ჯ-ს საკუთრება. სახელმწიფოს, ზესტაფონის გამგეობის სახით, როგორც მესაკუთრეს 1997წ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის საფუძველზე შეუზღუდავი კომპეტენცია გააჩნია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განსაკარგავად. სააპელაციო სასამართლომ აღნშნა. რომ ,,ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების მინიჭება ხდებოდა ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე. სადავო ტერიტორია აღმასკომის გადაწყვეტილებით წარმოადგენდა ასახლების ზონას, იგი არასოდეს ყოფილა კომპეტენტური ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად ფიზიკური პირებისათვის სარგებლობაში უფლებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რის გამოც, საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული კანონის საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეები არ იყვნენ ვალდებულები მიეღოთ სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ზესტაფონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის სხდომის 29.04.92წ. ¹33 გადაწყვეტილებით იყო გათვალისწინებული, თუმცა იგივე ნორმა კრედიტორს არ უზღუდავდა უფლებას, მისი ნების არსებობის შემთხვევაში მიეღო სხვა შესრულება. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა მიიღეს მათთვის გამოყოფილი 6000 ლარი, ამდენად, მათ მიიღეს მოვალის მიერ შეთანხმებული შესრულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ფ-მ და ლ. ჯ-მ.
კასატორთა განცხადებით, მათ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ¹761/04 რეგისტრაციის 16.12.04წ ¹06 კვარტლის და ¹076 მიწის ნაკვეთზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნება, ზესტაფონის გამგეობის 10.08.04წ. ¹93 დადგენილების მესამე პუნქტის ბათილად ცნობა.
მოსარჩელეთა განმარტებით, ზესტაფონის გამგეობის 10.08.04წ. ¹93 დადგენილების პირველი და მეორე პუნქტს და ზესტაფონის რაიონის საკრებულოს 17.08.04წ. ¹14 დადგენილებას სადავოდ არ ხდიდნენ, ვინაიდან ჩანაწერი ,,სახლის შესაძენად 6 ათასი ლარის გაცემის შესახებ თანხმობა" კასატორთა აზრით, მათთვის ნიშნავდა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სახლის გამართვას, დადგმას, აშენებას. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ... ქუჩაზე ეკლესიის მშენებლობა არ განხორციელებულა 1989 წლიდანვე. რამდენიმე ოჯახი გადასახლდა სხვა ადგილას და მიეცა გარანტია. მათი ოჯახი იქ ცხოვრობდა სახლის დანგრევამდე და არც არანაირი გარანტია არ მისცემია 1989წ. კასატორთა განცხადებით, ზესტაფონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის სხდომის 29.04.92წ. ¹93 გადაწყვეტილებას მხოლოდ საქმის განხილვის დროს გაეცვნენ. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთიდან არ გაუსახლებიათ მისი ოჯახი, საკარმიჟამო ნაკვევის კანონიერი მფლობელი და მოსარგებლე 1997 წლის 25 ნოემბრამდე მისი ოჯახი იყო. 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ამავე კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, მათ სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი კანონით მის საკუთრებად ჩაითვალა. ამასთანავე, თ. ფ-ის ტექპასპორტში შეზღუდული უფლებები რეგისტრირებული არ ყოფილა.
კასატორების აზრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.12.04წ. განჩინებას პრეიუდიციული მნიშვნელობა არ შეიძლება ჰქონოდა განსახილველი საქმის მიმართ.
კასატორთა განცხადებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წანააღმდეგობრივია. სასამართლომ მიუთითა, რომ ოჯახი 2004 წლამდე სადავო მიწის ნაკვეთზე ცხოვრობდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორებს უსაფუძვლოდ მიაჩნიათ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გამგეობამ დაზარალებულ ოჯახს 6000 ლარი ბინის შესაძენად და არა ასაშენებლად გამოუყო.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ 1989 წლიდან 2004 წლის 16 მაისამდე არ გამოცემულა არანაირი ადმინისტრაციული აქტი, არ მიუღია რაიმე წერილი, მიმართვა მიწის ნაკვეთიდან გასახლების შესახებ.
კასატორების აზრით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კანონდარღვევით, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 379-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთანავე არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა.
კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.04.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც მიუთითა, რომ მისი აზრით, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ფ-ისა და ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ფ-ისა და ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ფ-ისა და ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.