დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 17.12.2008
საქმის ნომერი
ბს-932-896(კ-08)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-932-896(კ-08) 17 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ჭ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

08.12.06წ. ლ. ს.-მ, ნ. ჭ.-მ და დ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საჯარო ინფორმაციის გაცემა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.07.06წ. განჩინებით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო განცხადება ცალკე წარმოებად გამოიყო და განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე – სსიპ ,,კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს” დაევალა გასცეს საჯარო ინფორმაცია, ლ. ს.-ის მიმართ, როგორი იყო ინსტიტუტის ბიუჯეტი 2002-2006 წლებში და ამავე წლებში რესტავრაციაზე გახარჯული სახსრები, ,,კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის” მოქმედი და მანამდე არსებული წესდების დამოწმებული ასლი. ლ. ს.ის და ნ. ჭ.-ს მიმართ, 20.07.06წ. დამოწმებული ასლი და დ. გ.-ის მიმართ, ,,კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის” მიერ 2006 წლის გამოცემული ბრძანებები ¹1-22 და ¹26-ს შემდგომი და ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ,,კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს” შორის 2006 წლის მიმოწერის დამოწმებული ასლები, უარი ეთქვა მოსარჩელეებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სსიპ ,,კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის” სტრუქტურული ერთეულების დროებითი დებულების, წესდების პროექტის და ინსტიტუტის შინაგანი წესის გაცემის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.07წ. დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების – ლ. ს.-ის, დ. გ.-ისა და ნ. ჭ.-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე – სსიპ ,,კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს” დაევალა გასცეს საჯარო ინფორმაცია, დავის გ.-ის მიმართ, სარესტავრაციო საბჭოს წევრთა (სპეციალისტთა) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლი, ინფორმაცია სარესტავრაციო საბჭოს წევრებს აქვთ თუ არა ატესტაცია, როგორც რესტავრატორებს, დადგენილი წესით განსაზღვრულია თუ არა მათი, როგორც რესტავრატორების კვალიფიკაციისა და ცოდნის დონე, მინიჭებული აქვთ თუ არა ამ დარგში საკვალიფიკაციო კატეგორიები – ვის მიერ, როდის და ვისი შუამდგომლობით, აქვთ თუ არა გავლილი სტაჟირება ყდისა და ქაღალდის რესტავრაციაზე, მათი, როგორც რესტავრატორების მუშაობის სტაჟი და მათ მიერ შესრულებული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ნუსხა, ხოლო ნ. ჭ.-ს მიმართ, მე-12 ოთახის სიტუაციის შემსწავლელი კომისიის 2006 წლის 21 ივლისის ოქმი და დასკვნა – დამოწმებული სახით, უარი ეთქვა ნ. ჭ.-ს მოთხოვნას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც შეეხებოდა მის მიერ რაიმე ხელნაწერის განადგურების ფაქტს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ,,კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტმა” და ნ. ჭ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.08წ. გადაწყვეტილებით სსიპ ,,კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოიფლდა ნაწილობრივ, აპლანტ ნ. ჭ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.07წ. დამატებითი გადაწყვეტილება სსიპ ,,კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტისათვის” სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ ,,კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი” გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ.-მ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ჭ.-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ჭ.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ჭ.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.