გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 19.02.2007
საქმის ნომერი
ბს-93-91(კ-06)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ბს-93-91(კ-06) 19 თებერვალი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ც. ს-ე, წარმომადგენლები: ქ. უ-ი, ნ. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და მიუღებელი სხვაობის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 26 ოქტომბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. ს-ემ მოპასუხე ქალაქ თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 2004 წლის 27 სექტემბრის ¹341-კ ბრძანების არაკანონიერად აღიარება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ც. ს-ე 1971 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში, ჯერ ........ ქვეგანყოფილების ექიმის თანაშემწის, ხოლო 2000 წლიდან _ .............. ჯგუფის სპეციალისტის თანამდებობაზე. 2004 წლის სექტემბრის დასაწყისში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რის შედეგადაც ინსპექციის 2004 წლის 27 სექტემბრის ¹341-კ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მოსარჩელის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ, ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იქნებოდა დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. გარდა ამისა, სადავო ბრძანებაში მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო “ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის პრემიერის 2004 წლის 31 აგვისტოს ¹393 განკარგულება. განკარგულებას თან ერთოდა ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა, რომელშიც გათვალისწინებული იყო სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული, მაშინ როდესაც სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსმა მოსარჩელეს 2004 წლის 20 სექტემბრის ¹189-05/7 წერილის პასუხად აცნობა, რომ იმ დროისათვის ინსპექციის საშტატო განრიგში იყო სპეციალისტის 3 საშტატო ერთეული, რომელიც არ იყო ვაკანტური და შევსებული იყო ფიზიკური პირებით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის წერილი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. განკარგულებას ასევე თან ერთოდა ქალაქ თბილისის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის სტრუქტურა, სინამდვილეში გადაანგარიშების შედეგად ირკვეოდა, რომ ამ სტრუქტურაში ნაცვლად 134-ისა, შედიოდა 138 საშტატო ერთეული.

სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნას მოსარჩელე აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში “ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹12-8 გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 90 ლარს, ადმინისტრაციის მიერ კი ეძლეოდა ხელფასი თვეში მხოლოდ 28 ლარის ოდენობით (ს.ფ. 2-5, 32-34).

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ქალაქ თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას ც. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 3411,85 ლარის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:

რაიონული სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და შრომის კანონთა კოდექსი ითვალისწინებდა მუშაკის აღდგენას იმ თანამდებობაზე, რომელზედაც მუშაობდა გათავისუფლებამდე. მოსარჩელე ც. ს-ე გათავისუფლებამდე მუშაობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში ............ ჯგუფის სპეციალისტად. რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემდეგ აღნიშნული ჯგუფი აღარ იქნა გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო წინანდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ც. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან აღარ არსებობდა საშტატო ერთეული, რომელზედაც იგი მუშაობდა გათავისუფლებამდე, შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდებოდა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

რაც შეეხებოდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნას, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული საფუძვლიანად მიიჩნია, ვინაიდან “ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹12-8 გადაწყვეტილების მიხედვით, სპეციალისტის სარგო განისაზღვრებოდა თვეში 90 ლარის ოდენობით. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკრებულოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენდა ნორმატიულ აქტს, რომელიც ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოქმედებდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს ნორმატიული აქტი მოქმედებდა და სავალდებულო იყო შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) მთელ ტერიტორიაზე. ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹12-8 გადაწყვეტილებაში ცვლილება შევიდა 2000 წლის 21 სექტემბრის ¹10-12 და 2004 წლის 28 ივნისის ¹11-2 გადაწყვეტილებებით, ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს 2005 წლის 7 თებერვლის ¹2-3 გადაწყვეტილებით იგი ძალადაკარგულად გამოცხადდა. მიუხედავად ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, 1999 წლიდან მოყოლებული 2005 წლის 7 თებერვლამდე სპეციალისტის ხელფასი შეადგენდა 90 ლარს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ¹20-1/06-1261 ცნობის მიხედვით, ც. ს-ეს მიღებული ჰქონდა 2.438.15 ლარის ოდენობით ხელფასი, ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹12-8 გადაწყვეტილებით, ც. ს-ის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით (თვეში 90 ლარის ოდენობით), 1999 წლის მაისიდან 2004 წლის სექტემბრის ჩათვლით (მთლიანობაში 65 თვე) ც. ს-ის ხელფასი შეადგენდა 5850 ლარს (ს.ფ. 125-129).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციამ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. აპელანტმა მოითხოვა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის განმარტებით, “ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების _ პენსიებისა და დახმარებების შემდგომი სრულყოფის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 ივნისის ¹373 დადგენილების მესამე პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 1995 წლის 27 ივნისს მიიღო “სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მუშაკთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ” ¹1 დადგენილება და “ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების სრულყოფის შესახებ” ¹2 დადგენილება, რომლებშიც ცალსახად იყო გამიჯნული მმართველობის სფეროსა და სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული მუშაკების თანამდებობრივი თანრიგები. შრომის ანაზღაურება მმართველობის სფეროში განისაზღვრა ¹1 დადგენილებით, ხოლო სანიტარულ-პროფილაქტიკური დაწესებულებების მუშაკთა თანამდებობრივი თანრიგები _ ¹2 დადგენილებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული _ ქ. თბილისის საკრებულო ამტკიცებდა ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებსა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, რომლებიც ვრცელდებოდა მხოლოდ მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებზე და არა სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებზე. აქედან გამომდინარე, ქ. თბილისის საკრებულოს ზემოხსენებული დადგენილება ვერ გავრცელდებოდა სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სანიტარული ფუნქციების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციებზე. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ც. ს-ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების სახით 3 411,85 ლარის ანაზღაურების შესახებ (ს.ფ. 132-133).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით ქალაქ თბილისის მერიის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მერია (ს.ფ. 142).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ც. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის დარღვევით, კერძოდ, გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმაოდ დასაბუთებული, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნას ც. ს-ე ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ 2000 წლიდან მუშაობდა მერიის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში სპეციალისტის თანამდებობაზე, იმ პერიოდში “ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹12-8 გადაწყვეტილების თანახმად, მისი ხელფასი შეადგენდა 90 ლარს, ადმინისტრაცია კი უხდიდა თვეში 28 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის აღნიშნული არგუმენტი არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ “ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების _ პენსიებისა და დახმარებების შემდგომი სრულყოფის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 ივნისის ¹373 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 1995 წლის 27 ივნისის “სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მუშაკთა შრომის ანაზღაურების შესახებ” ¹1 დადგენილებისა და “ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების სრულყოფის შესახებ” ¹2 დადგენილების მიხედვით, ცალსახად იყო გამიჯნული მმართველობის სფეროსა და სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული მუშაკების თანამდებობრივი თანრიგები. შრომის ანაზღაურება მმართველობის სფეროში განისაზღვრა ¹1 დადგენილებით, სანიტარულ-პროფილაქტიკური დაწესებულების მუშაკთა თანამდებობრივი თანრიგები _ ¹2 დადგენილებით. ამდენად, ქ. თბილისის საკრებულოს ¹12-8 გადაწყვეტილება ვრცელდებოდა მხოლოდ მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებზე და არა სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებზე. “თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის პრემიერის 2000 წლის 22 მაისის ¹288 განკარგულებითა და “ქ. თბილისის მერიის სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” 2003 წლის 3 მარტის ¹241 განკარგულების მიხედვით, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მმართველობითი აპარატის საშტატო ერთეულის და ქ. თბილისის მერიის სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მმართველობითი აპარატის საშტატო ერთეულის ნუსხაში სპეციალისტის თანამდებობა გათვალისწინებული არ იყო, ორივე განკარგულების ¹3 დანართების მიხედვით, სპეციალისტის თანამდებობა განსაზღვრული იყო ნუსხაში _ მმართველობითი აპარატის გარდა. რამდენადაც აღნიშნული ნუსხების კანონიერება სადავოდ არ გამხდარა, ქ. თბილისის საკრებულოს ¹12-8 გადაწყვეტილება კი ვრცელდებოდა მხოლოდ მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების და არა სხვა საბიუჯეტო დაწესებულებების მიმართ, ამდენად, ც. ს-ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 192-196).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, “ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების _ პენსიებისა და დახმარებების შემდგომი სრულყოფის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 ივნისის ¹373 დადგენილება, რომელსაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას, გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ბრძანებულებით. მოცემული დავა დაიწყო 1999 წლის წლიდან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ძალადაკარგული ნორმატიული აქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

“ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹12-8 გადაწყვეტილების 1-ლი მუხლით დამტკიცდა ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებები და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, თანახმად დანართისა; გადაწყვეტილების მე-3 მუხლის შესაბამისად, დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოების მიხედვით მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების განხორციელება დადგინდა მიმდინარე წლის 1 აპრილიდან; ამავე გადაწყვეტილების დანართის თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 90 ლარით.

ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹12-8 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის საკრებულოს 2005 წლის 7 თებერვლის ¹2-3 გადაწყვეტილებით.

დადგენილია, რომ ც. ს-ეს ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში სადავო პერიოდში ხელფასი არ ეძლეოდა ქ. თბილისის საკრებულოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს _ 90 ლარის გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოარკვია, თუ, კონკრეტულად, რამდენი ხელფასი ეძლეოდა ც. ს-ეს სადავო პერიოდში და რის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მუშაკთა შრომის ანაზღაურების სრულყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 1995 წლის 27 ივნისის ¹1 დადგენილებასა და “ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების სრულყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 1995 წლის 27 ივნისის ¹2 დადგენილებაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, თუ კონკრეტულად, მითითებული დადგენილებების რომელი ნორმის სუბიექტია მოსარჩელე. სააპელაციო სასამართლო ასევე არ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა გავრცელდეს სადავო ურთიერთობის მიმართ აღნიშნული დადგენილებები, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე დადგენილება გამოცემულია “ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების, პენსიებისა და დახმარებების შემდგომი სრულყოფის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 ივნისის ¹373 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე, რომელიც ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 იანვრის ¹9 ბრძანებულებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის მიმართ ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹12-8 გადაწყვეტილების გამოყენების შეუძლებლობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო მოსარჩელის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილების გავრცელებას გამორიცხავს იმ მოტივით, რომ მითითებული გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების და არა სხვა საბიუჯეტო დაწესებულებების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ მიიჩნია ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებად და განიხილა იგი “სხვა საბიუჯეტო დაწესებულებად”, რომლის სპეციალისტის მიმართ დაუშვებელი იყო მოცემული გადაწყვეტილების გავრცელება.

სააპელაციო სასამართლო ასევე საუბრობს “თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის პრემიერის 2000 წლის 22 მაისის ¹288 განკარგულებისა და “ქ. თბილისის მერიის სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” 2003 წლის 3 მარტის ¹241 განკარგულების დანართებზე, მაშინ როდესაც ისინი საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, კონკრეტულად, რამდენი ხელფასი ეძლეოდა მოსარჩელეს სადავო პერიოდში და რის საფუძველზე, აღნიშნული საფუძველი გამორიცხავდა თუ არა მოსარჩელის მიმართ ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის ¹12-8 გადაწყვეტილების გავრცელებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ ც. ს-ე ითხოვს სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით ხელფასის განსაზღვრას თვეში 90 ლარის ოდენობით 1999 წლის მაისიდან, მაშინ როდესაც, როგორც თვითონვე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს 2000 წლიდან. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ უნდა უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელის სპეციალისტად დანიშვნისა და მანამდელ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებები.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, რომლის მიხედვითაც მას უანგარიშდებოდა ყოველთვიური ხელფასი. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, როდის გახდა მოსარჩელისათვის ცნობილი მისთვის თანამდებობრივი სარგოს არასწორი განსაზღვრის თაობაზე და სარჩელი მის მიერ აღიძრა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, ამ თვალსაზრისით კასატორის მიერ წამოყენებულია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად, არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.