დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-1144-1106(კს-08) 16 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ლ.-ს” დირექტორი თ. უ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ვ.-ე, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. ვ.-მ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და შპს “ლ.-ს” მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა /იხ.ს.ფ. 1-6/.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ვ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა შპს “ლ.-ს” მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერი 1564 კვ.მ მიწის ნაკვეთის კუთვნილებასთან დაკავშირებით, ხოლო 248 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრება დარჩა უცვლელი /იხ.ს.ფ. 100-104/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ლ.-ს” დირექტორმა თ. უ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ 113-117/.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს “ლ.-ს” დირექტორის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და სააპელაციო საჩივრის ასლების წარუდგენლობის გამო. აპელანტს მიეცა ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 120-121/.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებით შპს “ლ.-ს” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით აპელანტს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა და სააპელაციო საჩივრის ასლების წარდგენა, ხოლო აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება აპელანტს _ შპს “ლ.-ს” დირექტორს და მის წარმომადგენელს ჩაჰბარდათ 2008 წლის 30 ივლისს, ხოლო საპროცესო ვადაში მხარის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 368.5 მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად /იხ.ს.ფ. 127-129/.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ლ.-ს” დირექტორმა თ. უ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარს თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო სააპელაციო საჩივარში მითითებული შპს “ლ.-ს” წარმომადგენელ გ. ს.-სა და შპს “ლ.-ს” შორის მინდობილობა საქმის წარმოების შესახებ კანონით დადგენილი წესით არ შედგენილა, აღნიშნული არც საქმის მასალებში მოიპოვება.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მას სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ჩაჰბარებია, ანუ მისთვის უცნობი იყო აღნიშნული განჩინების არსებობის თაობაზე, რამდენადაც მას გზავნილზე ხელი არ მოუწერია. ამასთან გაურკვეველია, თუ რატომ იქნა დატოვებული ხარვეზზე სააპელაციო საჩივარი ბაჟის გადახდის მოტივით, მაშინ, როცა მის მიერ სააპელაციო სამართალწარმოებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, რაც თან ერთვის სააპელაციო საჩივრის ასლს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები /იხ.ს.ფ. 136-137/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “ლ.-ს” დირექტორის _ თ. უ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, დარღვეულია საპროცესო ნორმები, რის გამოც ზემომითითებული განჩინების მიღებისას დარღვეულია სსსკ-ის 393.2. და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები.
საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს “ლ.-ს” დირექტორის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და სააპელაციო საჩივრის ასლების წარუდგენლობის გამო. აპელანტს მიეცა ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 120-121/.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინების ასლი ადრესატს შპს “ლ.-ს” და წარმომადგენელ გ. ს.-ს გაეგზავნათ 2008 წლის 29 ივლისს /იხ.ს.ფ. 123,124/. გ. ს.-ს აღნიშნული განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 30 ივლისს /იხ.ს.ფ. 125, ხოლო შპს “ლ.-ს” დირექტორისათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა გაურკვეველმა პირმა 2008 წლის 30 ივლისს, რამდენადაც გზავნილზე არ იკითხება მიმღები პირის ვინაობა და მისი კავშირი აპელანტთან /იხ.ს.ფ. 126/.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
საქმის მასალების თანახმად, აპელანტს _ შპს “ლ.-ს” დირექტორს სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის მითითების შესახებ არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით, რამდენადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უწყება (გზავნილი) ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უწყების მეორე ეგზემპლარზე, რომელსაც ხელს აწერს ადრესატი, აღნიშნულია მისი ჩაბარების დრო, იგი დაუბრუნდა სასამართლოს და ჩაკერებულია საქმეში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, საქმის მასალებში ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება, კერძოდ, გზავნილი, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის მითითების შესახებ გაეგზავნა აპელანტს _ შპს “ლ.-ს” დირექტორს, ხელმოწერილია გაურკვეველი პირის მიერ, არ იკითხება გზავნილზე მიმღები პირის ვინაობა, სახელი და გვარი, მისი კავშირი შპს “ლ.-ს” დირექტორთან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
სსსკ-ის 70.1. მუხლის შესაბამისად, მხარეს და მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, რამდენადაც შპს “ლ.-ს” დირექტორსა და გ. ს.-ს შორის მინდობილობა კანონით დადგენილი წესით არ გაფორმებულა, აღნიშნული საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამდენად, გ. ს.-სათვის, სასამართლო გზავნილის ჩაბარების ფაქტი არ გულისხმობს, რომ უწყება ასევე ჩაჰბარდა აპელანტს, სამართალწარმოების მხარეს _ შპს “ლ.-ს” დირექტორს.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 98.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის, სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
გარდა აღნიშნულისა, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა ერთვოდეს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. ამავე კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ადვოკატთა ტესტირება და გაწევრიანებულნი არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო ხარვეზის მითითების შესახებ დაუსაბუთებელია, რამდენადაც, საქმის მასალების თანახმად, შპს “ლ.-ს” დირექტორის მიერ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარს თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით /იხ.ს.ფ. 112/. ამდენად, ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს “ლ.-ს” დირექტორის სააპელაციო საჩივარი ხარვეზზე დატოვა არა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ იყო საკმარისი, ანუ არ შეესაბამებოდა დავის საგნის ღირებულების 4%-ს სსსკ-ის 39.1 ბ) მუხლის საფუძველზე, არამედ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “ლ.-ს” მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური გამოკვლევიდან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა განუხილველად შპს “ლ.-ს” დირექტორის სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, რომ არ გამოიკვლია მთელი რიგი ზემომითითებული გარემოებები, რის გამოც შპს “ლ.-ს” დირექტორის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “ლ.-ს” დირექტორის _ თ. უ.-ის კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ლ.ს” დირექტორის _ თ. უ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.