არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 16.07.2008
საქმის ნომერი
ბს-534-512(კს-08)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.07.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-534-512(კს-08) 16 ივლისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 18 ივლისს ნ. მ-ემ, ი. ა-ამ და ლ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი შეიცვალა სათანადო მოპასუხით - თბილისის იუსტიციის სააღსრულებო ბიუროთი.

Aამავე განჩინებით საქმეში ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება გ. დ-ე.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ნ. მ-ის, ი. ა-სა და ლ. ბ-ას სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ გ. დ-ის სახელზე ქ. თბილისში, .....ქ. ¹34, კორპ. 5ა, ბინა ¹32-ში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ისა და ი. ა-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა 2007 წლის 22 თებერვლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე განმეორებითი საჯარო აუქციონის ჩატარება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-ემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე” პუნქტის მოთხოვნებს, ამასთან, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი არ იყო იმდენი ასლით, რამდენი მხარეც იყო საქმეში და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორმა ნაწილობრივ გამოასწორა ხარვეზი, თუმცა მის მიერ კვლავ არ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით აპელანტ გ. დ-ეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად.

2008 წლის 28 მარტს გ. დ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე განხილვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით გ. დ-ეს განემარტა, რომ განცხადებაში მითითებული ნორმა არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების საფუძველს. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების კანონით განსაზღვრული არც ერთი წინაპირობა, რის გამოც აპელანტს კიდევ ერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დაწესებული საპროცესო ვადა.

2008 წლის 11 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით აპელანტმა მხოლოდ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. დ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმებასა და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მის მიმართ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე და თვლის, რომ მისი მხრიდან კერძო საჩივარში წარმოდგენილი მსჯელობა ეფუძნება ზემოაღნიშნული ნორმის მცდარ განმარტებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის კონსტრუქციას და აღნიშნავს, რომ მითითებულ მუხლში საუბარია პროცესის ხარჯებზე, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორს განუმარტოს შემდეგი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯები, თავის მხრივ, შესდგება სახელმწიფო ბაჟისაგან და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან. სახელმწიფო ბაჟი _ ესაა საქართველოს ბიუჯეტში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სასამართლოში საქმის განხილვისათვის.

რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს ესაა ის ხარჯები, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის.

განსხვავება სახელმწიფო ბაჟსა და საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო ბაჟი _ ესაა სავალდებულო გადასახადი სასამართლოში საქმის განხილვისათვის, რაც წინასწარაა განსაზღვრული სახელმწიფოს მიერ და რომელსაც პირი იხდის იმ მიზნით, რომ მისი საქმე განხილული იქნეს სასამართლოში, ხოლო საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები განისაზღვრება ცალკეული საპროცესო მოქმედებისათვის და დამოკიდებულია ფაქტობრივად გაწეულ დანახარჯებთან.

იმის გათვალისწინებით, რომ პროცესის ხარჯები მოიცავს ორივე ზემოაღნიშნულ კომპონენტს დამატებული სასამართლოს გარეშე მხარის მიერ გაწეული დანახარჯები, მისი დაანგარიშება ხდება პროცესის დასრულების შემდგომ და კერძო საჩივრის ავტორის მიერ მოხმობილი მე-10 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს ადმინისტრაციული ორანოს მხრიდან შესაბამისი პროცედურების უგულვებელყოფის შემთხვევაში, მხარისათვის პროცესის დასრულების შემდგომ, ამ ხარჯების სრულად ანაზღაურებას, რაც, თავისთავად არ ნიშნავს მხარის წინასწარი სასამართლო ხარჯებისაგან _ სახელმწიფო ბაჟისაგან _ გათავისუფლების შესაძლებლობას.

სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 47-ე მუხლები და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, საგულისხმოა, რომ გ. დ-ე არ წარმოადგენს და არ უთითებს კანონით განსაზღვრულ არცერთ საფუძველს, რაც შესაძლოა ქცეულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების მოტივად.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გ. დ-ის მხრიდან გადახდილი არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობაც კი, რათა საკასაციო სასამართლოს, მისი უფლებების რეალიზების უზრუნველსაყოფად, ემსჯელა მინიმალური ბაჟის პირობებში სააპელაციო საჩივრის დაშვების შესაძლებლობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები არ იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაშვების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.