კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ბს-911-870(კს-06) 24 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) _ ნ. და კ. ს-ები
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 26 დეკემბერს ნ. და კ. ს-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ და მათთვის ჩამორთმეული ნივთების _ 2250 აშშ დოლარის ღირებულების სანადირო თოფების დაბრუნების მოპასუხისთვის დავალება მოითხოვეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, 1994 წლის 16 იანვარს მათ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ბათუმში, .... ქ. ¹49-ში, .... დასახლების პოლიციის თანამშრომლებმა მოსარჩელეებისგან წაიღეს 5 სანადირო თოფი, რომლებიც აღარ დაუბრუნებიათ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს დაევალა მოსარჩელეებისთვის ჩამორთმეული სანადირო თოფების დაბრუნება ან მათთვის 5 სანადირო თოფის ღირებულების _ 2250 აშშ დოლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 8 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნას _ აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 121 ლარი. აღნიშნული განჩინებით აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს დასახელებული ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა 14 დღის ვადა ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2006 წლის 8 ივნისს და მან გაუშვა ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინება აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს ჩაჰბარდა 2006 წლის 8 ივნისს, ხოლო 2006 წლის 19 ივნისს ¹235 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის თანხა მან შეიტანა ხსენებულ განჩინებაში მითითებულ ანგარიშზე.
აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტმა _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ გაუშვა ხარვეზის გამოსწორებისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ვადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც კერძო საჩივარზე დართული 2006 წლის 19 ივნისის ¹235 საგადასახადო დავალებიდან ირკვევა, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ 2006 წლის 19 ივნისს, ანუ ხარვეზის გამოსწორებისათვის მისთვის მიცემულ ვადაში ¹235 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის თანხა გადაიხადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინებაში მითითებულ ანგარიშზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, აპელანტს _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს 2006 წლის 19 ივნისის ¹235 საგადასახადო დავალება სახელმწიფო ბაჟის თანხის _ 121 ლარის გადახდის შემდეგ (კერძო საჩივრის შეტანამდე) არ წარუდგენია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, სამართლებრივად, ვერ დააფუძნებს აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას დაუშვებლობის _ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 8 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინებით აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს არ განუმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი აპელანტს უნდა წარედგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენისას არ დაუვალებია აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსთვის დასახელებული დოკუმენტის წარდგენა იმავე სასამართლოში, რის გამოც აპელანტს არ დაურღვევია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინება და აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.