ახალად აღმოჩენილი გარემოებები
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ბ-200-03(ა-08) 20 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი (მოპასუხე) _ ქ. ქუთაისის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები): დ. ლ.-ე, ნ. ხ.-ი, ჯ. ხ.-ი, გ. ს.-ე, თ. ჩ.-ე, ი. ბ.-ე, თ. ო.-ე, ჟ. ლ.-ი, ჯ. ა.-ი
მოპასუხე სარჩელში _ სს “რ” (უფლებამონაცვლე _ სს “ე”)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1999 წლის 14 სექტემბერს დ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიისა და სს “რ.-ის” მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის საფუძველზე, მისთვის მიყენებული ზიანის _ 80000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება მოითხოვა.
მოგვიანებით, ჯ. ხ.-მ, ჟ. ლ.-მ და ჯ. ა.-მ სასარჩელო განცხადებებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმავე მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიისა და სს “რ.-ის” მიმართ და იმავე საფუძვლებით, მდინარე ...-ის მიერ კალაპოტის შეცვლისა და მათი საცხოვრებელი სახლების დანგრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს, კერძოდ: ჯ. ხ.-მ _ მოპასუხეებისათვის 60000 აშშ დოლარის, ჟ. ლ.-მ _ 50000 აშშ დოლარის, ხოლო ჯ. ა.-მ _ 60000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დ. ლ.-ის, ჯ. ხ.-ის, ჟ. ლ.-ისა და ჯ. ა.-ის სარჩელების გამო აღძრული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა დააზუსტეს სარჩელი და მოითხოვეს: დ. ლ.-მ მოპასუხეებისათვის _ 45650 აშშ დოლარის, ჟ. ლ.-მ _ 28563 აშშ დოლარის, ჯ. ა.-მ _ 23800 აშშ დოლარის, ხოლო ჯ. ხ.-მ _ 32800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს _ სს “რ.-სა” და ქ. ქუთაისის მერიას ჟ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 28563 აშშ დოლარის, ჯ. ა.-ის სასარგებლოდ _ 23800 აშშ დოლარის, ჯ. ხ.-ის სასარგებლოდ _ 32800 აშშ დოლარის, დ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 45650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრათ; ამასთან, სს “რ...-სს” უნდა გადაეხადა მთლიანი გადასახდელი თანხის 70%, ხოლო ქ. ქუთაისის მერიას _ 30%.
აღნიშნული გადაწყვეტილება სს “რ.-მა” სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 23 იანვრის განჩინებით სს “რ.-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2001 წლის 10 სექტემბერს ი. ბ.-მ, ნ. ხ.-მ, თ. ჩ.-მ, გ. ს.-მ და თ. ო.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმავე მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიისა და სს “რ.-ის” მიმართ და მიუთითეს იმავე საფუძვლებზე. მოსარჩელეებმა _ ი. ბ.-მ, ნ. ხ.-მ, თ. ჩ.-მ, გ. ს.-მ და თ. ო.-მ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის საფუძველზე, მიყენებული ზიანის _ თითოეულისათვის 50000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 30 აპრილის განჩინებით დ. ლ.-ის, ჯ. ხ.-ის, ჯ. ა.-ის, ჟ. ლ.-ისა და ი. ბ.-ის, ნ. ხ.-ის, თ. ჩ.-ის, გ. ს.-ისა და თ. ო.-ის სარჩელების გამო აღძრული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოპასუხე სს “რ.-მა” შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიისა და დ. ლ.-ის მიმართ. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ 26000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიას და სს “რ.-სს” სოლიდარულად დაეკისრათ ნ. ხ.-ის სასარგებლოდ _ 50000 ლარის, ჟ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 50000 ლარის, ჯ. ხ.-ის სასარგებლოდ _ 47000 ლარის, გ. ს.-ის სასარგებლოდ _ 37000 ლარის, ი. ბ.-ის სასარგებლოდ _ 50000 ლარის, ჯ. ა.-ის სასარგებლოდ _ 50000 ლარის, თ. ო.-ის სასარგებლოდ _ 50000 ლარის, თ. ჩ.-ის სასარგებლოდ _ 50000 ლარისა და დ. ლ.-ის სასარგებლოდ 70000 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანომ _ ქ. ქუთაისის მთავრობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მისთვის თანხის დაკისრების ნაწილში. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სს “რ.-მაც” გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მისი არასათანადო მოპასუხედ ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, რომლითაც ქ. ქუთაისის მერიას დაეკისრებოდა სს “რ.-ის” მიერ დ. ლ.-თვის გადახდილი 2600 ლარის, ასევე მოცემულ საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზაზე სს “რ.-ის” მიერ დახარჯული _ 3928 ლარისა და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის, სულ _ 11528 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს _ ქ. ქუთაისის მთავრობის და სს “რ.-ის” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება; სს “რ.-ის” შეგებებული სარჩელი ქ. ქუთაისის მერიისა და დ. ლ.-ის მიმართ, 2600 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრები, თუმცა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იმსჯელა სს “რ.-ის” შეგებებულ სარჩელზე, მოცემულ საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში კი დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით სს “რ.-მაც” გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიისა და სს “რ.-ის” (უფლებამონაცვლე _ სს “ე”) საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ლ.-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ქუთაისის მერიასა და სს “რ.-სს” (უფლებამონაცვლე _ სს “ე”) მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ნ. ხ.-ის სასარგებლოდ _ 25000 ლარი, ჟ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 25000 ლარი, ჯ. ხ.-ის სასარგებლოდ _ 37000 ლარი, გ. ს.-ის სასარგებლოდ _ 18500 ლარი, ი. ბ.-ის სასარგებლოდ _ 25000 ლარი, ჯ. ა.-ის სასარგებლოდ _ 40000 ლარი, თ. ო.-ის სასარგებლოდ _ 40000 ლარი, თ. ჩ.-ის სასარგებლოდ _ 25000 ლარი, დ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 35000 ლარი; სს “რ.-ის” (უფლებამონაცვლე _ სს “ე”) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2008 წლის 1 თებერვალს ქ. ქუთაისის მერიამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით ფოსტის მეშვეობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება.
განმცხადებლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ქ. ქუთაისის მერიის მიერ მოპოვებულ იქნა მტკიცებულება, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა ქ. ქუთაისის მერიისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 2008 წლის 30 იანვარს ქ. ქუთაისის მერიისათვის ცნობილი გახდა თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ ,,რ.-ის” წყალსაცავის მარჯვენა სანაპიროზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე მცხოვრებ მოქალაქეთა _ ნ. ხ.-ის, გ. ს.-ის, ი. ბ.-ის, ჯ. ა.-ის, თ. ო.-ის, გ. ჩ.-ის, დ. ლ.-ის საცხოვრებელი სახლებიდან, იმავე სამსახურში დაცული ინფორმაციით მხოლოდ სამი მოქალაქის _ გ. ს.-ის, დ. ლ.-ისა და ჯ. ა.-ის საცხოვრებელი სახლებია ექსპლუატაციაში მიღებული, რაც დასტურდება სათანადო აქტებით. დანარჩენი საცხოვრებელი სახლები ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ დანარჩენი სახლების მშენებლობა იმ დროისათვის არ იყო დასრულებული და ისინი არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საცხოვრებლად. საგულისხმო და გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქუთაისის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნიეს ქონებრივი ზიანის არსებობა დ. ლ.-ის, ჟ. ლ.-ის, ჯ. ხ.-ის, ჯ. ა.-ის, ი. ა.-ის, ნ. ხ.-ის, თ. ჩ.-ის, გ. ს.-ის, თ. ო.-ის სასარგებლოდ. ხსენებულ ექსპერტიზის დასკვნაში (2005 წლის 19 მარტი, ¹1674/15) მითითებულია, რომ ჩათვლილ იქნა, რომ სახლები იყო დამთავრებული და კეთილმოწყობილი და საცხოვრებელი სახლები შეფასებულ იქნა (საქართველოს ქალაქებსა და დასახლებაში მოქალაქეთა კუთვნილებაში არსებული შენობა-ნაგებობების გაფასების კრებულით). ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ მხოლოდ აღნიშნული სამი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი იყო დამთავრებული და კეთილმოწყობილი, ამასთან, შესაბამისი წესით ექსპლუატაციაში სათანადო წესით მიღებული. ამდენად, ქ. ქუთაისის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ცვლის საქმის გარემოებას, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას და ქ. ქუთაისის მერიის მიმართ ნ. ხ.-ის, ჟ. ლ.-ის, ჯ. ხ.-ის, გ. ს.-ის, ი. ბ.-ის, ჯ. ა.-ის, თ. ო.-ის, თ. ჩ.-ის, დ. ლ.-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თანხების განსაზღვრისა და დაკისრებისას დაეყრდნო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, რაც არასწორია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად, ქ. ქუთაისის მერიის მიერ დაცულია განცხადების წარმოდგენის ერთთვიანი ვადა, რადგან ზემოხსენებული მტკიცებულება მოპოვებულ იქნა 2008 წლის 30 იანვარს, ამასთან, მანამდე აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მან ვერ მოიპოვა, რადგან ქ. ქუთაისის მერიაში არაერთგზის განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა მას ხელი შეუშალა აღნიშნული დოკუმენტის მოპოვებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ქუთაისის მერიის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და ამ განცხადების განხილვა დაინიშნა 2008 წლის 20 მარტს, მხარეთა დასწრების გარეშე; ქ. ქუთაისის მერიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა დროებით _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ქუთაისის მერიის განცხადების განხილვამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ქუთაისის მერიის განცხადებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. იმავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისის მერიამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას დაურთო თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 31 იანვრის ¹01-44 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,რ.-ის” წყალსაცავის მარჯვენა სანაპიროზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე მცხოვრებ მოქალაქეთა _ ნ. ხ.-ის, გ. ს.-ის, ი. ბ.-ის, ჯ. ა.-ის, თ. ო.-ის, გ. ჩ.-ის, დ. ლ.-ის საცხოვრებელი სახლებიდან ექსპლუატაციაში იყო მიღებული გ. ს.-ის, დ. ლ.-ისა და ჯ. ა.-ის საცხოვრებელი სახლები, რაც დასტურდება ამავე წერილში მითითებული შესაბამისი აქტებით, დანარჩენი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტები კი იმავე სამსახურში არ მოიპოვებოდა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერია თავის განცხადებას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხოლოდ სამი მოქალაქის _ გ. ს.-ის, დ. ლ.-ისა და ჯ. ა.-ის საცხოვრებელი სახლებია ექსპლუატაციაში მიღებული, რაც დასტურდება სათანადო აქტებით, ხოლო დანარჩენი საცხოვრებელი სახლები ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ დანარჩენი სახლების მშენებლობა იმ დროისათვის არ იყო დასრულებული და ისინი არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საცხოვრებლად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოს არ დაუფუძნებია მოსარჩელეთა სახლების მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება განმცხადებელს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული გადაწყვეტილების მიღებისას საკასაციო სასამართლოს არ უხელმძღვანელია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და ამ დასკვნით განსაზღვრული ოდენობის მიხედვით არ გადაუწყვეტია მოსარჩელეთათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. გარდა ამისა, განმცხადებელი სარწმუნოდ ვერ ადასტურებს დასახელებული სახლების ექსპლუატაციაში მიუღებლობას, ხოლო საკასაციო სასამართლომ 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილება, ძირითადად, დააფუძნა იმაზე, რომ მოსარჩელეებს რეალურად გააჩნდათ საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ზოგიერთ მათგანს ჩაექცა, ხოლო ზოგიერთმა შეძლო სახლების გადატანა, რის გამოც მათ მიადგათ შესაბამისი ზიანი. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ჯ. ხ.-მ, ჯ. ა.-მ და თ. ო.-მ ვერ შეძლეს სახლების გადატანა და იმავე სხდომაზე მანვე დაადასტურა, რომ მოსარჩელეთა არც ერთი სახლი არ იყო უკანონო ნაგებობა, ყველა მათგანი იყო ნებართვით აშენებული და გაცემული მათზე შესაბამისი საბინაო წიგნები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”-”ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლება იურიდიულად შეუძლებელია, თუ მხარე ვერ დაამტკიცებს, რომ ბრალის გარეშე, ანუ ობიექტური მიზეზით არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, ამასთან, მხარის მიერ მითითებული მიზეზი რეალურად, თავისი ხასიათით სრულად უნდა გამორიცხავდეს გადაწყვეტილების მიღების დროს მხარის მიერ შესაბამის ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისის მერიამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მიუთითა, რომ მან ზემოთ მითითებული მტკიცებულება ვერ მოიპოვა 2008 წლის 30 იანვრამდე იმ მიზეზით, რომ ქ. ქუთაისის მერიაში არაერთგზის განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, რამაც მას ხელი შეუშალა აღნიშნული დოკუმენტის მოპოვებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ აღნიშნულ გარემოებაზე მითითება ვერ დააფუძნებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის განახლებისათვის აუცილებელი ელემენტის _ ამავე მხარის არაბრალეულობის არსებობას, რადგან, ჯერ ერთი, ქ. ქუთაისის მერია ვერ ასაბუთებს, თუ რატომ შეუშალა ხელი იმავე მერიაში განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა მას დასახელებული მტკიცებულების მოპოვებაში და მეორეც, იგი ახალ მტკიცებულებად მიიჩნევს თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 31 იანვრის ¹01-44 წერილს, ანუ იმ სამსახურის დოკუმენტს, რომელიც სტრუქტურულად შედის ამავე მერიის შემადგენლობაში, როგორც მისი ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული და სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მთლიანობაში ქმნის ქ. ქუთაისის მერიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ქუთაისის მერიის განცხადება არის უსაფუძვლო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა დროებით _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ქუთაისის მერიის განცხადების განხილვამდე, ხოლო მოცემული განჩინებით არ დაკმაყოფილდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ქუთაისის მერიის განცხადება, შესაბამისად, აღარ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ქუთაისის მერიის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹ბს-473-450(2კ-07) გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.