დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.02.2009
საქმის ნომერი
ბს-1569-1524(კ-08)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-1569-1524(კ-08) 12 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. კ-ასა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 11 ივლისს თ. კ-ამ და ნ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თ. კ-ა და ნ. კ-ი ათწლიანი უფლებამოსილების ვადით დანიშნულნი იყვნენ მოსამართლეებად და უფლებამოსილებას ახორციელებდნენ .... სასამართლოში. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹¹972, 992 ბრძანებულებებით მოსარჩელეები გათავისუფლდნენ .... სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებიდან და ჩაირიცხნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ” 2000 წლის 27 ოქტომბერს დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს, სადაც ჩამოთვლილი იყო რეზერვში ჩარიცხული პირის რეზერვიდან გამოყვანის საფუძვლები, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 აპრილის ¹267 ბრძანებულებით დაემატა ,,ე1” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, რეზერვიდან პირი გამოყვანილი იქნებოდა, თუ მან ,,დაიკავა მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას”. ეს ბრძანებულება ამოქმედდა 2007 წლის 1 მაისს, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებისთანავე.

მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2007 წლის 27 ივნისს გამოსცა ¹393 და ¹397 ბრძანებულებები, რომელთა მიხედვითაც ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ» დებულების მე-4 მუხლის ახლად დამტკიცებული «ე1» ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეები გამოყვანილნი იქნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვიდან.

მოსარჩელეებმა საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულებები უკანონოდ მიიჩნიეს და განმარტეს, რომ ხსენებული ბრძანებულებების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, სადავო ბრძანებულებების თანახმად, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვიდან მოსარჩელეთა გამოყვანას იურიდიულ საფუძვლად დაედო ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ” დებულების მე-4 მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტი.

მოსარჩელეთა განმარტებით, ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ” დებულება დამტკიცებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის ¹465 ბრძანებულებით, რომელიც ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა ნორმატიულ აქტს. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენდა ან ამძიმებდა პასუხისმგებლობას, უკუძალა არ ჰქონდა.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 აპრილის ¹267 ბრძანებულებით ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ” დებულების მე-4 მუხლში ,,ე1” ქვეპუნქტის სახით შეტანილი დამატება მოსარჩელეებზე არ უნდა გავრცელებულიყო, ვინაიდან ისინი რეზერვში ჩაირიცხნენ 2005 წლის 29 ნოემბერს და მათი სამართლებრივი მდგომარეობა, როგორც საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული პირებისა, განისაზღვრა ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ” დებულების იმ პერიოდში მოქმედი ნორმებით, რომლებიც არ ითვალისწინებდა რეზერვში ჩარიცხული პირების მიერ მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების გამო, ამ პირების რეზერვიდან გამოყვანას. საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნულ ბრძანებულებაში არ იყო მითითებული, რომ მას უკუძალა ჰქონდა, რაც გამორიცხავდა ამ დამატების ძალაში შესვლამდე რეზერვში ჩარიცხულ პირებზე მის გავრცელებას.

ამდენად, მოსარჩელეთა განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანებულებები ეწინააღმდეგებოდა კანონს, კერძოდ, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ბრძანებულებების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა თ. კ-ას და ნ. კ-ის საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვიდან გამოყვანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის ¹393 და ¹397 ბრძანებულებების ბათილად ცნობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის ¹393 და ¹397 ბრძანებულებების მოქმედების შეჩერება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით თ. კ-ასა და ნ. კ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო მოსარჩელეთა მოთხოვნას გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა დამატებით მოითხოვეს 2007 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოპასუხეებისათვის კომპენსაციის გაცემის დაკისრება, რაც, მათი აზრით, სადავო აქტების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ, მოპასუხის თანხმობით, დასაშვები იყო, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგლი არ ჰქონდა.

მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო: «საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე» საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის ¹465 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 აპრილის ¹267 ბრძანებულებაში, რომლითაც მოსამართლეთა რეზერვიდან გამოყვანის დამატებით საფუძვლად განისაზღვრა მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება, ნამდვილად არ იყო მითითებული მისი უკუძალით მოქმედების შესახებ, მაგრამ აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე მოსარჩელეთა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვიდან გამოყვანა მისი უკუძალით მოქმედების შედეგად არ მომხდარა. მოსარჩელეები რეზერვიდან გამოყვანილ იქნენ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 აპრილის ¹267 ბრძანებულების ძალაში შესვლის შემდგომ, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მათ მიერ მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება. შესაგებლის ავტორის განმარტებით, მოსარჩელეთა რეზერვში ყოფნის პერიოდში უკვე მოქმედებდა აღნიშნული ნორმით დადგენილი შეზღუდვა და შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია იმაზე მითითება, რომ ხსენებულ დებულებაში განხორციელებული ცვლილება არ უნდა გავრცელებულიყო რეზერვში უკვე ჩარიცხულ მოსამართლეებზე.

შესაგებლის ავტორის განმარტებით, რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე ჩვეულებრივ ინარჩუნებდა მოქმედი მოსამართლის სტატუსს. «საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ» დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ რეზერვს შეადგენდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც ვერ ახორციელებდნენ სამოსამართლო უფლებამოსილებას სასამართლოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის გამო, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეზერვის შექმნის მიზანი იყო კანონმდებლობით განსაზღვრული მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ამდენად, რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეებზე ვრცელდებოდა მოქმედი მოსამართლეებისათვის კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელი იყო ნებისმიერ სხვა თანამდებობასა და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისა, ხოლო «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი იყო მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა. შესაგებლის ავტორის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდებოდა მოსარჩელეებზე, როგორც მათ მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას, ასევე რეზერვში ყოფნის დროს, მიუხედავდ იმისა, შეტანილი იქნებოდა თუ არა «საერთო სასამართლოების რეზერვის შესახებ» დებულებაში შესაბამისი დამატება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაგებლის ავტორის განმარტებით, მოსარჩელეებს უარი უნდა თქმოდათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ასა და ნ. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. კ-ამ და ნ. კ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-ასა და ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. კ-ას და ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.

სააპელაციო სასამართლომ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსის შესახებ, აპელანტის განმარტებასთან დაკავშირებით, მიუთითა, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული პირი მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ინარჩუნებდა მოსამართლის სტატუსს და შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით საერთო სასამართლოების მოსამართლისათვის დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 541-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე, რომელიც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და არ ამორიცხულა რეზერვიდან, მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებდა თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით. მას წინასწარი წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერ დროს დაკისრებოდა სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის მითითებული ნორმის სისტემური განმარტებიდან გამომდინარეობდა ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის შესახებ, რომ რეზერვში ჩარიცხული პირი ინარჩუნებდა მოსამართლის სტატუსს, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების, მათ შორის, რეზერვში ჩარიცხული მოსამართლეების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის ¹465 ბრძანებულებით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, რეზერვს შეადგენდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც ვერ ახორციელებდნენ სამოსამართლო უფლებამოსილებას სასამართლოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის გამო.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეებზე ვრცელდებოდა მოქმედი მოსამართლეებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით. ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა დადგენილი იყო საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის მიხედვით, მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელი იყო ნებისმიერ სხვა თანამდებობასა და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისა. იმავეს მიუთითებდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 51-ე მუხლიც. იმავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი იყო მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის ¹465 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ“ დებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 აპრილის ¹267 ბრძანებულებით განხორციელებული დამატებით, კერძოდ, მე-4 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით, მოხდა ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დაზუსტება და იგი შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს კონსტიტუციისა და ორგანული კანონის ზემომითითებულ ნორმებთან. შესაბამისად, აღნიშნულ დამატებას არ მინიჭებია უკუძალა, ე.ი. მას არ დაუდგენია და არ დაუმძიმებია პასუხისმგებლობა მოსარჩელეების მიმართ, ვინაიდან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული პირი, მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე წარმოადგენდა მოსამართლის სტატუსის მქონე პირს და მასზე, ისევე როგორც საერთო სასამართლოს მოსამართლეზე, ვრცელდებოდა მოსამართლის მიერ ნებისმიერი სხვა თანამდებობის დაკავებასთან და ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციითა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვები.

სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული თ. კ-ა და ნ. კ-ი, სადავო ბრძანებულებების გამოცემამდე, ახორციელებდნენ საადვოკატო საქმიანობას. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტები საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვის შემდეგ გაწევრიანდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და სადავო პერიოდისათვის ასოციაციის წევრობა შეჩერებული არ ჰქონდათ. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებულებები არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, ამასთან, დარღვეული არ იყო მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობდა მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. კ-ამ და ნ. კ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. კ-ასა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 12 თებერვლამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ასა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და იგი მოქმედი კანონმდებლობით გათავისუფლებული არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი.

აქედან გამომდინარე, თ. კ-ასა და ნ. კ-ს მოცემულ დავასთან დაკავშირებულ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა _ 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. კ-ასა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;

3. თ. კ-ასა და ნ. კ-ს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 90 ლარის ოდენობით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.