დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.09.2009
საქმის ნომერი
ბს-904-866(კ-09)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.09.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ბს-904-866(კ-09) 21 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. თ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 25 აპრილს ვანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. თ-ძემ მოპასუხების _ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლ. გ-ძისა და ვანის რაიოკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე მ. დ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ ვანის ცენტრალური აგრარული ბაზრის შესაძენად თანხის გადახდის ნამდვილობის დადგენა, აღნიშნული ბაზრის მესაკუთრედ ცნობა და საკუთრების მოწმობის გაცემა.

ვანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ზ. თ-ძეს 2001 წლის 31 დეკემბერს ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი თანხა – 23 000 ლარი ჩაეთვალა აგრარული ბაზრის შესასყიდად შეტანილ თანხად და ცნობილ იქნა ვანის აგრარული ბაზრის მესაკუთრედ, საკუთრების მოწმობის გაცემა დაევალა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით.

2004 წლის 25 ნოემბერს ვანის რაიოკოოპკავშირმა განცხადებით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს ამავე სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განცხადებას დაურთო ვანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ვანის საგადასახადო ინსპექციის ყოფილი უფროსის – ა. ა-ძის მიერ შედგენილ იქნა ყალბი ცნობა ¹282 რ. მ-ელის მიერ აგრარული ბაზრის შესყიდვასთან დაკავშირებით ადგილობრივ ბიუჯეტში 23 000 ლარის გადახდის თაობაზე, რომლის საფუძველზეც 2002 წლის 28 ივნისის ვანის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და ვანის აგრარული ბაზრის მესაკუთრედ აღიარა ზ. თ-ძე.

საქმე აცილების წესით გადაეგზავნა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 სექტემბრის განჩინებით ვანის რაიკოოპკავშირის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ვანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება ზ. თ-ძის ვანის შპს ,,...» მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, აღნიშნულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილებისა და საქმეზე წარმოების განახლების შესახებ ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის გადსაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2005 წლის 2 სექტემბრის განჩინება, ვანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა იმერეთის სააღრსულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით იმერეთის სააღსრულებო ბიუროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განსჯადობით განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება; საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით ზ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2005 წლის 2 სექტემბრის განჩინებაზე, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

2008 წლის 13 ოქტომბერს ზ. თ-ძემ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება ბაღდათის რაიონულ სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 სექტემბრის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ზ. თ-ძეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1150 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 805 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. თ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება;

3. ზ. თ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 805 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.