არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-1126-1088(კს-08) 29 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ ,,....”
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 21 ნოემბერს ი/მ ,,....” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას დავალებოდა ადმინისტრაციული აქტის - ,,საგადასახადო მოთხოვნის” გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ი/მ ,,....” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციას დაევალა ი/მ ,,....” ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ,,საგადასახადო მოთხოვნის” წარდგენა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება; ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/659-08 ი/მ ,,....” სარჩელთან დაკავშირებით, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ,,საგადასახადო მოთხოვნის” გამოცემის დავალების თაობაზე – შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სადავო თანხების დარიცხვის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის 13 ივნისის რედაქციით) 235-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ გადასახადის გადახდევინება დაკავშირებულია საგადასახადო დეკლარაციების შევსებასთან, გადასახადის გადახდის ვალდებულებათა ამსახველი დეკლარაციის შევსება განიხილება როგორც: ა. ამ გადასახადის დარიცხვა; ბ. შეტყობინება ამ გადასახადის გადახდის შესახებ და გადახდის მოთხოვნა დეკლარაციის წარდგენასთან ერთად.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძვლებია: ა) იმ გადასახადის დარიცხვის ვალდებულება, რომელთა გაანგარიშებაც აკისრია საგადასახადო ორგანოს; ბ) გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების (საგადასახადო სანქციების ან/და დამატებით დარიცხული გადასახადების) დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხზე გამოტანილი აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2007 წლის 16 იანვარს, შეტყობინება ¹007-846, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა იმავე წლის 18 მაისს. აღნიშნული აქტი მხარის მიერ არ გასაჩივრებულა, მიუხედავად იმისა, რომ სრული უფლება ჰქონდა სადავოდ გაეხადა ამ აქტის კანონიერება. საქმეში წარმოდგენილია ი/მ ,,....” საშემოსავლო გადასახადის პირადი აღრიხვის ბარათების ელექტრონული ვერისა, რომელთა მიხედვითაც უტყუარად დასტურდება როგორც გადასახადების დარიცხვის, ისე გადასახადების გადახდის ფაქტები. ამდენად, მხარის აპელირება იმ გარემოებებზე, რომ მას საგადასახადო ორგანოდან არანაირი შეტყობინება არ მიუღია და არც ერთი დღე არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია, არაა მართებული.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მ. გ-ამ სარჩელი აღძრა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორაგნოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს”. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დააკისრა ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მოცემულ სადავო ურთიერთობებთან დაკავშირებით არ არის გათვალისწინებული მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, რაც სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის უპირობო საფუძველია.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ ,,...”.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინების გაუქმებასა და საქმის სასარჩელო წესით განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ,,...” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით ი/მ ,,...” სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც ის ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციას დავალებოდა მის მიმართ ,,საგადასახადო მოთხოვნის” გამოცემა, შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე მოსარჩელეს არ აყენებდა პირდაპირ და უშუალო ზიანს, ვინაიდან, მას ჰქონდა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა ყადაღის დადების თაობაზე შეტყობინება, რაც, თავის მხრივ, იქცა საქმის შეწყვეტის საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობის თაობაზე ემყარება საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების არასწორ განმარტებას.
საგადასახადო დავის დაწყების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლი, რომელშიც წარმოდგენილია დავის დაწყების როგორც მატერიალური, ისე ფორმალური საფუძვლები. იმისათვის, რომ სახეზე იყო დავის დაწყების მატერიალური საფუძველი, აუცილებელია, ერთ-ერთმა მხარემ მიიჩნიოს, რომ მეორე მხარემ დაარღვია საგადასახადო კოდექსის ნორმები. თუმცა, მარტოოდენ მატერიალური საფუძვლის არსებობას კანონმდებელი არ მიიჩნევს დავის დაწყების საკმარის საფუძვლად და იმავე მუხლში განსაზღვრავს საგადასახადო დავის დაწყების ფორმალურ საფუძვლებს, როგორიცაა, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლით განსაზღვრული ,,საგადასახადო მოთხოვნის” წარდგენა, ან საგადასახადო ორგანოს მიერ ამავე კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” შესრულებაზე უარი და შესაბამისი წერილობითი შესაგებლის წარდგენა, ან მისი წარუდგენლობა.
ამდენად, მითითებული მუხლი საგადასახადო დავის დაწყების აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს ფორმალური საფუძვლების არსებობის სავალდებულობას, რომლის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება წინამდებარე საქმის სწორი გადაწყვეტისათვის.
უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთადერთი აქტი, რომელიც მხარეს გადაეცა, არის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეტყობინება ¹007-846, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობაზეც სააპელაციო სასამართლო აპელირებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული აქტის სამართლებრივ ბუნებას და განმარტავს: ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებას და მისი გაუქმება არ გამორიცხავს საგადასახადო მოთხოვნის შემდგომში წარდგენის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება ასევე საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება ნიშნავს მის საფუძველზე გამოცემული ,,საგადასახადო მოთხოვნის” გასაჩივრებას და პირიქით, ვინაიდან, მიუხედავად მითითებული მუხლის განაწესისა, ყადაღის დადების შესახებ შეტყობინება არ წარმოადგენს ,,საგადასახადო მოთხოვნის” წინმსწრებ დოკუმენტს და აღნიშნული ვერ მოექცევა მითითებული მუხლის რეგულაციის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სარჩელის დაუშვებლობით მოსარჩელეს ერთმევა პროცესუალური შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი უფლებების დაცვა.
საკასაციო სასამართლოს მხრიდან კერძო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლად ასევე ვერ იქცევა საგადასახადო ინსპექციის მოსაზრება აღიარებული საგადასახადო ვალდებულებების არსებობის თაობაზე, რაც გამორიცხავს ,,საგადასახადო მოთხოვნის” წარდგენის შესაძლებლობას.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 23-ე ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისად, აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებად მიიჩნევა გადასახადი ან/და სანქცია, რომელიც წარმოიშობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე.
როგორც წინამდებარე დავიდან ირკვევა, მხარე სადავოდ ხდის სწორედ მითითებული დეკლარაციების მისი მხრიდან წარდგენის ფაქტს, რისი გაბათილების პროცესუალური ვალდებულებაც ეკისრება საგადასახადო ინსპექციას.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს, კერძოდ, მის შესაძლებლობას, რაიმე სხვა ფორმით უზრუნველყოს საკუთარი უფლებების დაცვა და მიიჩნევს, რომ ი/მ ,,.....” კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ ,,....” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.