დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.01.2011
საქმის ნომერი
ბს-1646-1604(კ-10)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-1646-1604(კ-10) 10 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, შპს “...” მიმართ და მოითხოვა მოსარჩელისათვის მოპასუხის სასარგებლოდ თანხის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული შეგებებული სარჩელით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, შპს “...” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, მოპასუხის მიერ უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლება და სახელმწიფოსათვის დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “...” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “...” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 69677,76 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა, გადახდის დროსათვის არსებული კურსის შესაბამისად. ქ. თბილისში, ... ¹17ა-ში მდებარე შენობის მე-10 და მე-11 სართულების (საერთო ფართით 1220 კვ.მ) გამოთავისუფლებამდე შპს “...” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ 2009 წლის 1 აპრილიდან, ყოველთვიურად დაეკისრა 1087,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად. ამასთან, შპს “...” დაევალა ქ. თბილისში, ... ¹17ა-ში მდებარე შენობის მე-10 და მე-11 სართულების (საერთო ფართით 1220 კვ.მ) გამოთავისუფლება და სახელმწიფოსათვის დაბრუნება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “...” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს “...” გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 6167 (ექვსიათას ას სამოცდაშვიდი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 6167 (ექვსიათას ას სამოცდაშვიდი) ლარის 70% _ 4316,9 (ოთხიათას სამას თექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს _ შპს “...” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6167 (ექვსიათას ას სამოცდაშვიდი) ლარის 70% _ 4316,9 (ოთხიათას სამას თექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი..

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.