არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ბს-574-542(კს-06) 26 დეკემბერი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლ. ჭანტურია
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ე. ს.-ე, წარმომადგენელი რ. პ.-ა
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. ო. ლ.-ა; 2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, წარმომადგენელი ე. მ.-ე
მესამე პირი _ ნ. ლ.-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ლ.-ასა და მ. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2001 წლის 26 დეკემბრის ¹13-215 დადგენილება, რომლითაც დაკანონდა თბილისში, ...-ის ¹1-3-ში მდებარე ე. ს.-ის ბინის შესასვლელში არსებული ტიხარი, ¹43 საცხოვრებელ ოთახსა და ¹44 სათავსს შორის არსებული ტიხარი, ¹42 საცხოვრებელი ოთახის კარის ღიობი; ე. ს.-ს დაევალა თბილისში, ...-ის ქ.¹1-3-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაზე დერეფნის ხარჯზე წარმოებული მიშენებების მონგრევა და დერეფნის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად.
2006 წლის 15 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ე. ს.-მ. განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება და მიღებული განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
განმცხადებლის მითითებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება დანიშნული იყო 2006 წლის 16 ივნისს. სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების დაწყების შემდეგ არსებითად შეიცვალა ფაქტობრივი ვითარება, რამაც შეუძლებელი გახადა გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, განსაკუთრებული ვითარების შექმნის გამო აღსრულება ეწინააღმდეგებოდა მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს. საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მისი ბინა მდებარეობდა, აშენებული იყო XIX საუკუნის 20-იან წლებში და სიძველის გამო იყო ავარიული. აღნიშნულს დაემატა 2002 წლის აპრილში მომხდარი მიწისძვრა, რამაც გამოიწვია სახლის მე-2 კატეგორიის ავარიულობა. ამასთან, სახლიდან რამდენიმე მეტრში წარმოებდა ... კორპუსის მშენებლობა. ამ მშენებლობამ და მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ სახლის ტექნიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა, რასაც დაემატა ცუდი კლიმატური პირობები და 2006 წლის თებერვალში ჩამოიქცა სახლის ფასადის მხრიდან მისი საცხოვრებელი ბინის მზიდი კედელი. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა შენობის დანგრეული ნაწილის სანაცვლოდ მოაწყო დროებითი ფიცრული კედელი, რის შემდეგაც, სახლის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი იყო სახლის მწვავე ავარიულობა. დაზიანების ხარისხის მიხედვით შენობა განეკუთვნებოდა მე-3 კატეგორიას და მწვავე ავარიული სიტუაცია იყო ფორსმაჟორული. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ სახლის უეცარი ჩამოქცევისა და ადამიანთა მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილად მიიჩნია შენობის უსაფრთხო ექსპლოატაცია მის დემონტაჟამდე. სახლის უეცარი ჩამოქცევის საშიშროება დაადასტურა თბილისის მერიამ 2006 წლის 13 მარტის წერილით და მიუთითა, რომ შენობის დაშლა გარდაუვალი იყო, რის გამოც მისი აღდგენა-გამაგრება არარენტაბელურად მიაჩნდათ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ 2006 წლის 30 მაისის წერილით დაადასტურა სახლის მწვავე ავარიულობა (მე-3 კატეგორია) და შენობის კონსტრუქციულ ელემენტებზე რაიმე ნგრევითი სამუშაოების ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნია, რადგან ამ ელემენტების სიმტკიცის მაჩვენებელი მკვეთრად დაქვეითებული იყო და ნგრევითი სამუშაოების ჩატარებას შეიძლებოდა შენობის უეცარი ჩამოზვავება გამოეწვია. სახლის მწვავე ავარიულობა დაადასტურა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმაც, რომელმაც 2006 წლის 30 მაისის წერილში მიუთითა, რომ აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან და როგორც ეკონომიკური, ისე არქიტექტურული თვალსაზრისით, გაუმართლებელი იყო, ხოლო შენობის ავარიულობის ხარისხიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნდათ, შენობის კონსტრუქციების ნებისმიერი სადემონტაჟო სამუშაოები მხოლოდ მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო-მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასკვნის საფუძველზე განხორციელებულიყო. განმცხადებლის მოსაზრებით, სახლის ამგვარ მდგომარეობაში სახლში რეკონსტრუქციის ნებისმიერი მონგრევითი სამუშაოების ჩატარება დაუშვებელი იყო და აღნიშნულს შეიძლებოდა მსხვერპლიც კი მოჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, სასამართლო აღმასრულებელი აპირებდა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას. განმცხადებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლზე, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 31-ე და 35-ე მუხლებზე (ს.ფ. 2-6).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ე. ს.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივებით:
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ს.-ე, მ. დ.-ილი და ო. ლ.-ა ცხოვრობდნენ თბილისში, ...-ის ქ.¹1-3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. სახლი იყო დერეფნული სისტემის. ე. ს.-მ, რომლის ბინაც განთავსებული იყო დერეფნის ბოლოში ერთ მხარეს, ხოლო საპირისპირო მხარეს გააჩნდა სააბაზანო, დერეფნის ბოლო ნაწილში ამოაშენა ტიხარი.
ო. ლ.-მ და მ. დ.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში და მოითხოვეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილების (რომლითაც მოხდა ე. ს.-ის მიერ უკანონოდ აშენებული კედლის დაკანონება) ბათილად ცნობა და ე. ს.-ის მიერ უკანონოდ აშენებული კედლის მოშლა. მათი მითითებით, სარჩელის აღძვრის მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ დერეფანი ხუთი ოჯახის საერთო სარგებლობაში იმყოფებოდა და დერეფნის ბოლოს არსებული ერთადერთი ფანჯარა, რომელიც განათებისა და ვენტილაციის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, აღმოჩნდა ე. ს.-ის მიერ მითვისებულ ფართში, რამაც დერეფნის სრული დაბნელება გამოიწვია. ასევე, აღნიშნულ ფართში დარჩა საცხოვრებელი სახლის კანალიზაცია, ხოლო ვენტილაცია სრულად გაუქმდა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. ლ.-სა და მ. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2001 წლის 26 დეკემბრის ¹13-215 დადგენილება, რომლითაც დაკანონდა თბილისში, ...-ის ქ. ¹1-3-ში მდებარე, ე. ს.-ის ბინის შესასვლელში არსებული ტიხარი სიგრძით 1,84მ, ¹43 საცხოვრებელ ოთახსა და ¹44 სათავსს შორის არსებული ტიხარი, ¹42 საცხოვრებელი ოთახის კარის ღიობი; ე. ს.-ს დაევალა თავის საცხოვრებელ ბინაზე დერეფნის ხარჯზე წარმოებული მიშენების მონგრევა და დერეფნის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ეს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება ჰქონდა, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, გადაედო ან განეწილვადებინა გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეეცვალა მისი აღსრულების საშუალება და წესი. «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 31-ე მუხლის თანახმად, განსაკუთრებული ვითარების გამო, თუ აღსრულება არ შეესაბამებოდა მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს (მოვალის ან მისი ოჯახის წევრების ავადმყოფობა, გარდაცვალება), მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეეძლო, მთლიანად ან ნაწილობრივ გაეუქმებინა აღსრულების ღონისძიება, აეკრძალა, ან დროებით შეეჩერებინა ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს ორი თვის ვადით. ამავე კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, სააღსრულებო საბუთი, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა გადახდევინება, უბრუნდებოდა კრედიტორს, თუ მოვალეს არ გააჩნდა ქონება ან შემოსავალი, რომლიდანაც შეიძლებოდა მომხდარიყო გადახდევინება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განცხადების თანახმად, ე. ს.-ე ითხოვდა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას სახლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე, რაც აღსრულების გადადების ნაირსახეობა იყო და ნიშნავდა აღსრულების სხვა დროისათვის, ანუ უფრო მოგვიანებით გადატანას, კერძოდ, გადაწყვეტილების აღსრულების სახლზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგი დროისათვის გადადებას. ის გარემოება, რომ ვინმე აღნიშნულ სახლზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას გეგმავდა, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა. აქედან გამომდინარე, განმცხადებელი, რომელიც თავის მოთხოვნას აფუძნებდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტზე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილების აღსრულების განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას ითხოვდა. ე. ს.-ის განცხადებას დართული ჰქონდა წერილები და დასკვნები საცხოვრებელი სახლის ავარიულობის შესახებ და იმის თაობაზე, რომ შენობის კონსტრუქციების სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე და რომ შენობის კონსტრუქციულ ელემენტებზე ნგრევითი სამუშაოების ჩატარება მიზანშეუწონელი იყო. იმავდროულად, საქმის მასალების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის აღსრულების შეჩერებასაც ითხოვდა ე. ს.-ე, დადგენილი იყო არა შენობის კონსტრუქციული ელემენტების, არამედ, დერეფანში წარმოებული უნებართვო ტიხრების მოშლა და დერეფნის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული მტკიცებულება (კომპეტენტური დასკვნა) კი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულებით, საცხოვრებელი სახლის დერეფანში უნებართვოდ გაკეთებული ტიხრების აღებით, საცხოვრებელ სახლსა და მის მობინადრეებს საშიშროება ემუქრებოდათ და გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა აღსრულებულიყო სახლზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე, ამასთან, სახლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება საერთოდ გათვალისწინებული იყო თუ არა პერსპექტივაში, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა (ს.ფ. 204-211).
სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ს.-მ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი განცხადების დაკმაყოფილება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ო. ლ.-სა და მ. დ.-ის განმარტება და დადგენილად მიიჩნია, რომ იძულებითი აღსრულება ეხებოდა დერეფანში მოწყობილ ორ ტიხარს. სასამართლოს ეს მოსაზრება არ გამომდინარეობდა საქმეში არსებული მასალებიდან. მართალია, სასამართლომ 2004 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის დადგენილება ე. ს.-ის მიერ წარმოებული ორი ტიხრისა და კარის ღიობის დაკანონების თაობაზე, მაგრამ ამავე გადაწყვეტილებით ე. ს.-ს დაევალა დერეფნის ხარჯზე წარმოებული მიშენებების მონგრევა და დერეფნის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ე. ს.-ის მიერ წარმოებული რეკონსტრუქცია კი მხოლოდ ორი ტიხრისა და კარის ღიობის მოწყობით არ იყო შემოფარგლული. ეს სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა როგორც ზემომითითებული ორი ტიხრის აშენებას, ისე ¹42 ოთახის კარის ღიობის მოწყობას, ¹46, ¹43 ოთახებსა და ¹44 სათავსის მხარეზე არსებული 5 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიმაღლის თაღის გაუქმებას და ამ თაღის ადგილას კედლის მოწყობას. არსებული თაღის ნაცვლად კედლის მოწყობის (აღდგენის) გარეშე ე. ს.-ის ბინა დარჩებოდა არაიზოლირებული და ფაქტობრივად, გადაიქცეოდა დერეფნად, რომელშიც მოხვედრა ნებისმიერ პირს შეეძლებოდა. მითითებული თაღის ნაცვლად კედლის მოწყობა ტიხრების მონგრევით სამუშაოებთან ერთად, ცხადია, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდა ავარიული სახლის მდგომარეობაზე.
კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებდა სახლის მწვავე ავარიულ მდგომარეობაზე, კერძოდ, რომ გახსნილი იყო პირველი სართულის სარტყელი, დაზიანებული იყო ამ სახლის სარდაფ-სართული, გაბზარული იყო მზიდი სვეტი. მისი მოსაზრებით, ასეთ ვითარებაში უსაფუძვლო იყო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება _ მონგრევითი სამუშაოების წარმოება და დერეფნის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა არ იყო დაკავშირებული კონსტრუქციულ ელემენტებთან.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მისი მოთხოვნის უარყოფის საფუძველი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ არ ყოფილა წარდგენილი კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, თუ რამდენად საშიშროებას წარმოადგენდა შენობისათვის მოწყობილი ტიხრების აღება. საქმეში არსებული თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2006 წლის 7 მარტის წერილით და ამავე 2006 წლის 8 ივლისის ¹4225/11 წერილით (რომელიც ეყრდნობოდა საცხოვრებელი სახლების ავარიულობის დამდგენი კომისიის დასკვნას) დასტურდებოდა, რომ სახლზე საერთოდ რაიმე კონსტრუქციული სამუშაოების ჩატარება კონსტრუქტორების მიერ გაცემული ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა, რადგან ამას შეიძლებოდა გამოეწვია შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება და დაშლა.
საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვისას განმცხადებელმა დააზუსტა განცხადების მოთხოვნა და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, მან მოითხოვა აღსრულების შეჩერება 2007 წლის 15 იანვრამდე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ს.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოს განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. აქედან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადადების, შეჩერების საკითხები მკაცრადაა რეგლამენტირებული მოქმედი კანონმდებლობით, გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის, განსაკუთრებულ შემთხვევებში და შეზღუდული ვადით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესაძლებლობას მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, მხოლოდ ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით. «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 31-ე მუხლის თანახმად, განსაკუთრებული ვითარების გამო, თუ აღსრულება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება), მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს, ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს ორი თვის ვადით. ამავე კანონის 36-ე მუხლში მოცემულია აღსრულების შეჩერების სპეციალური შემთხვევები.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს აღსრულების შეჩერებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის საფუძველზე. კანონის მითითებული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება შესაძლებელია განსაკუთრებული ვითარების ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ ღონისძიების გამოყენება შეზღუდულია გარკვეული დროით, კერძოდ, 3 თვით და ატარებს ერთჯერად ხასიათს. განცხადების თანახმად, თავდაპირველად ე. ს.-ე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას ითხოვდა სახლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე, თუმცა საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვისას მან აღნიშნული ვადა განსაზღვრა 2007 წლის 15 იანვრამდე პერიოდით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განმცხადებლის მოთხოვნა სახლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე აღსრულების შეჩერების შესახებ, ასეთი სამუშაოების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, უთანაბრდებოდა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების მოთხოვნას განუსაზღვრელი ვადით, რაც არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, ამ შემთხვევაში ასევე არ არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების განსაკუთრებული გარემოება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული 263-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების საფუძველი იქნებოდა, თუნდაც ნებისმიერი შეზღუდული ვადით.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების განსაკუთრებული ვითარების დამასაბუთებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ასეთი ვითარების არსებობას მოცემულ აღსრულებასთან მიმართებაში. მათ საფუძველზე ირკვევა, რომ სახლი ავარიულია, რომ შენობის კონსტრუქციულ ელემენტებზე ნგრევითი სამუშაოების ჩატარება მიზანშეუწონელია და რომ შენობის კონსტრუქციების სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი აღსრულების საგანია დერეფნის ხარჯზე წარმოებული ტიხრებისა და ღიობის მიშენებების მონგრევა და დერეფნის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ხოლო აღნიშნული კონკრეტული სამუშაოების განხორციელებით შენობის მდგრადობაზე არსებითი ზეგავლენის მოხდენა და მის მობინადრეთა უსაფრთხოების ხელყოფა საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განცხადების შემოტანიდან უკვე გასულია 6 თვეზე მეტი დრო _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით განსაზღვრული 3-თვიანი ვადა ამოწურულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ს.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოს განჩინება;
3. ე. ს.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.