დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-1090-931-კ-04 9 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის დადგენილების გაუქმება და ბინის გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ა-მა და რ. ხ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს გამგეობის 2003წ. 26 აგვისტოს ¹208 §10 დადგენილების გაუქმება და ბინის გადაცემა.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ... მდებარე სახლში. ნ. ა-ს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად უკავია 21,4 კვ. მ-ის ორი ოთახი რომელსაც შესასვლელი და სამზარეულო საერთო სარგებლობაში აქვს რ. ხ-ის ოჯახთან, ხოლო ტუალეტი, რომელიც ასევე საერთო სარგებლობაში აქვს, საცხოვრებელი ბინიდან დაშორებულია 50 მ-ით. რ. ხ-ის ვაჟი დაავადებულია ტუბერკულოზით და ამავე დროს მკურნალობს ......... სახელობის ........ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მის და მისი შვილების ჯანმრთელობას. რ. ხ-ი შვილთან _ ნ. ა-თან ერთად ცხოვრობდა ამავე სახლში 16 კვ.მ-ის ერთ ოთახში. ბინის პირობების გასაუმჯობესებელ პირთა აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1975 წლიდან. მათ საცხოვრებელ სახლში, ... მცხოვრები რ. დ-ის გარდაცვალების გამო გამოთავისუფლდა 37 კვ.მ-ის ორი ოთახი. გამგეობის 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით აღნიშნული ორი ოთახი გამოცხადდა უმკვიდრო ქონებად და ჩაირიცხა გამგეობის საბინაო ფონდში. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ფართის გადაცემის მოთხოვნით მათ რამდენჯერმე განცხადებით მიმართეს გამგეობას, მაგრამ გამგეობამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გამგეობის 2003წ. 26 აგვისტოს გასაჩივრებული დადგენილებით გამოთავისუფლებული ფართი გადაეცა ი. ლ-ას იმ მოტივით, რომ გამონთავისუფლებული ბინა და ი. ლ-ას ბინა წარმოადგენდა ერთ იზოლირებულ ბინას, რადგან მათ შორის იყო გამავალი კარი. აღნიშნული საფუძვლით ბინის ლ-ასათვის გადაცემა მოსარჩელეებს უსაფუძვლოდ მიაჩნდათ და მიუთითებდნენ, რომ ეს უკანასკნელი სადავო ბინაში შეიჭრა საყრდენი კედლის გამონგრევის შედეგად, მანამდე ოთახებს შორის გამავალი კარი არ არსებობდა. ასევე მიუთითებდნენ, რომ გასაჩივრებული დადგენილების მიღებისას გამგეობამ არ გაითვალისწინა, რომ ი. ლ-ას _ ერთ სულს ეკავა 2 ოთახი ფართით 37 კვ.მ და მათთან შედარებით უკეთესი საცხოვრებელი პირობები გააჩნდა. ამასთან, სადავო ბინის ი. ლ-ასათვის გადაცემით საერთო სარგებლობის ტუალეტი განიტვირთა ერთი ადამიანით, მაშინ, როდესაც რომელიმე მოსარჩელისათვის ბინის გადაცემის შემთხვევაში, საერთო სარგებლობის ტუალეტი განიტვირთებოდა 3-5 ადამიანით.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2003წ. 26 აგვისტოს ¹208 §10 დადგენილება და გამგეობას სადავო ბინის ნ. ა-ისათვის გადაცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამგეობის გასაჩივრებული დადგენილება გამოცემული იყოს ზაკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მასში არ იყო მითითებული იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტზე, რომლის საფუძველზეც გამოიცა იგი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საწინააღმდეგოდ, ადმინისტრაციული ორგანო დადგენილების აღწერილობით ნაწილში არ უთითებდა, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ა-ი არის მრავალშვილიანი დედა, რაც, სასამართლოს აზრით, არსებითი მნიშვნელობის გარემოებას წარმოადგენდა საკითხის გადაწყვეტისას. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო გასაჩივრებულ დადგენილებაში იმ გარემოებაზე მითითება, რომ ნ. ა-ის ოჯახის გაყოფა შეუძლებელი იყო მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების გამო, რადგან დადგენილად იყო მიჩნეული რომ მეუღლე რეგისტრირებული იყო სხვა მისამართზე და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ვერ დგინდებოდა.
ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია გასაჩივრებულ დადგენილებაში იმ გარემოებაზე მითითება, რომ ი. ლ-ას ბინა და გამოთავისუფლებული ბინა ერთ იზოლირებულ ბინას წარმოადგენდა და ბინის მასზე გადაცემა გამოიწვევდა საერთო სარგებლობის აივნისა და ტუალეტის განტვირთვას, რადგან აღნიშნული მოტივით ბინის მიცემის უპირატესობას არ ითვალისწინებდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი _ ქ. თბილისის საკრებულოს 2000წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის” შესახებ დებულება. ამგვარ უპირატესობას არ ითვალისწინებდა არც სამოქალაქო კანონმდებლობა. ამავე დებულების მე-14 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით მიიღებას ექვემდებარებოდნენ ის პირები, რომელთაც მძიმე საბინაო პირობები გააჩნდათ და ჰქონდათ ქ. თბილისში რეგისტრაციის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, ხოლო დებულების მე-15 მუხლი უპირატესობას ანიჭებდა მრავალშვილიან ოჯახებს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ზემოხსენებული დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სადავო ფართის განაწილებისას უპირატესობა უნდა მინიჭებოდა ნ. ა-ის მრავალშვილიან ოჯახს და დაევალა გამგეობას კანონით დადგენილი წესით მისთვის გადაეცა გამოთავისუფლებული ფართი.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობამ და ი. ლ-ამ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის გამგეობისა და ი. ლ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. თბილისში, ... მდებარე სახლში ნ. ა-ის 4-სულიანი ოჯახი (თვითონ და სამი შვილი) ცხოვრობს კომუნალურ 21.4 კვ.მ ორ ოთახში, რომელსაც შესასვლელი საერთო სარგებლობაში აქვს რ. ხ-ის სამსულიან ოჯახთან. ეს უკანასკნელი ცხოვრობს შვილებთან ერთად 16 კვ.მ-ის ერთ ოთახში. რ. ხ-ის შვილი _ ნ. ა-ი დაავადებულია ტუბერკულოზით და ამავე დროს მკურნალობს ....... სახელობის ......... ინსტიტუტში. ორივე ოჯახი სარგებლობს საერთო სარგებლობის ტუალეტით, რომელიც ბინიდან დაშორებულია 50 მ-ით. ი. ლ-ა, ერთი სული, ცხოვრობს ამავე მისამართზე 36,63 კვ.მ-ის ერთ ოთახში. აღნიშნულ სახლში მცხოვრები რ. დ-ის გარდაცვალების შემდეგ გამოთავისუფლდა 37 კვ.მ-ის ორი ოთახი, რომელზეც პრეტენზია განაცხადეს ... მცხოვრებმა მოქალაქეებმა, მათ შორის – ნ. ა-მა, რ. ხ-მა და ი. ლ-ამ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2003წ. 26 აგვისტოს ¹208 §10 დადგენილებით გამოთავისუფლებული (რ. დ-ის ბინა) დამატებით ფართად გადაეცა ი. ლ-ას. გამგეობის გადაწყვეტილებით ი. ლ-ას სხვა განმცხადებლებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭა იმ მოტივით, რომ იგი ცხოვრობდა გამოთავისუფლებული ბინის მომიჯნავედ, მისი ოთახი და გამოთავისუფლებული ფართობი წარმოადგენდა ერთ იზოლირებულ ბინას და მისთვის ბინის გადაცემით მოხდებოდა საერთო სარგებლობის აივნის როგორც განტვირთვა-ინსოლაცია, ასევე, აივნის მეორე მხარეს მდებარე ტუალეტის განტვირთვა, რომლითაც სარგებლობდა ი. ლ-ა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების დარღვევით და მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული დადგენილება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლების მე-3 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით, ვინაიდან მასში არ არის მითითებული ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტი, ან შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა იგი.
ასევე სწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული დადგენილების მიღებისას მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის მიერ დარღვეულია ქ. თბილისის საკრებულოს 2000წ. 20 დეკემბრის ¹15-5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექნისა და განკარგვის წესის” მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან აღნიშნული ნორმების თანახმად, საცხოვრებელი სადგომის მიღებას ექვემდებარებიან მძიმე საბინაო პირობებში მცხოვრები ოჯახები, რომელთაც გააჩნიათ ქ. თბილისში რეგისტრაციის არანაკლებ 5წ. სტაჟი, ბინის განაწილებისას უპირატესობა მინიჭებულ ოჯახთა შორის გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახები. აღნიშნული დებულების ნორმების საწინააღმდეგოდ, გამგეობამ გადაწყვეტილების მიღებისას ი. ლ-ას უპირატესობა მიანიჭა ისეთი საფუძვლებით, რომლებიც გათვალისწინებული არ არის არც ზემოაღნიშნული დებულებით და არც სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, კერძოდ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ი. ლ-ას მიერ დაკავებული ბინა და გასანაწილებელი ბინა წარმოადგენდა ერთ იზოლირებულ ბინას და ამით საერთო აივნის ფლიგელში მოხდებოდა როგორც განტვირთვა-ისოლაცია, ასევე აივნის მეორე მხარეს საერთო ტუალეტის განტვირთვა, რომლითაც სარგებლობდა ი. ლ-ა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული დადგენილება არ შეიცავს დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ იქნა მიჩნეული ი. ლ-ა მძიმე საბინაო პირობების მქონედ, როდესაც ერთ სულს დაკავებული ჰქონდა 36.63 კვ.მ-ის ბინა და რატომ მიანიჭა მას უპირატესობა ნ. ა-ის 4-სულიან ოჯახთან შედარებით, რომელიც ცხოვრობს 21.4 კვ.მ-ის ორ ოთახში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გასაჩივრებული დადგენილების კანონდარღვევით მიღების თაობაზე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
უსაფუძვლობის გამო, არ უნდა იქნეს გაზიარებული საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ქ. თბილისის საკრებულოს 2000წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის” დებულებები იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გასანაწილებელი ბინა რ. დ-ის მიერ პრივატიზებული იყო და იგი არ წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის საცხოვრებელ ფონდს ზემოაღნიშნული წესები 2-3 მუხლის შესაბამისად. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს, რომ სადავო ბინა რ. დ-ის მიერ ნამდვილად იყო პრივატიზებული, მაგრამ ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება გამოცხადდა უმკვიდრო ქონებად და სკ-ის 1343-ე მუხლის შესაბამისად ჩაირიცხა საბინაო ფონდში. აღნიშნულის თაობაზე მითითებულია გასაჩივრებული დადგენილების სათაურსა და აღწერილობით ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საბინაო ფონდში რიცხული ბინის განაწილებისას გამგეობას უნდა ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნული წესების დებულებებით.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 33-ე მუხლები, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოცემულ შემთხვევაში გამგეობას უარი არ უთქვამს ნ. ა-ისათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამგეობამ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა “ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესი”, რომელიც უნდა გამოეყენებინა სადავო საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნული წესის დებულებებით გაუთვალისწინებელი საფუძვლით უპირატესობა მიანიჭა ი. ლ-ას და მას გამოუყო გამოთავისუფლებული ბინა და დაუსაბუთებელი უარი უთხრა ნ. ა-ს ბინის გადაცემაზე, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს _ გამგეობის კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორის მოსაზრებით, კრწანისი-მთაწმინდის გამგეობას არავითარი ვალდებულება არ წარმოშობია საცხოვრებელი ფართის ნ. ა-ისათვის გადაცემის თაობაზე, რადგან არ არსებობდა ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და აღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითებს სკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსზე: “ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან”. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული კანონის ნორმა კი არ გამორიცხავს გამგეობის ვალდებულებას ნ. ა-ისათვის ბინის გადაცემის თაობაზე, არამედ ავალდებულებს მას, რომ ბინა გაანაწილოს კანონის, მოცემულ შემთხვევაში კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტის _ ქ. თბილისის საკრებულოს 2000წ. 20 დეკემბრის ¹15-5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის” საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტის თანახმად, “დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას გამგეობას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება ჰქონდა შეერჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღებ (ოპტიმალურ) გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, გადაწყვეტილება მიიღოს თავისი შეხედულებისამებრ, ვინაიდან იგი შეზღუდულია კანონის ფარგლებით და ამ ფარგლებში ენიჭება გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას, გასცდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და შესაბამისი კანონის უგულებელყოფით დაუსაბუთებული უარი უთხრას დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. ლ-ას და კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და კასატორებს უარი უნდა ეთქვათ მათ დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და ი. ლ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.