განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 17.01.2007
საქმის ნომერი
2კ-1აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.01.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1აპ. 17 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჭიათურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე ე. ქ-ის მიმართ.E

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ქ-ე, ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის (2004 წლის 13 თებერვლის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ მას დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

განაჩენის მიხედვით, ე. ქ-ეს ბრალი დაედო ქურდობაში, ჩადენილი არაერთგზის და საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 27 აგვისტოს, ღამის საათებში, ე. ქ-ემ უკანონოდ შეაღწია ქ. საჩხერეში, მდებარე ნ. -ის კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც გაიტაცა სხვადასხვა ნივთი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჭიათურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ტ. ჩ-ემ, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმებას, და მსჯავრდებულმა ე. ქ-ემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის განაჩენში, კერძოდ, მსჯავრდებულ ე. ქ-ეს შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით _ შეუმცირდა 10 (ათ) თვემდე, რაც, წინასწარ პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მას ჩაეთვალა მოხდილად და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ჭიათურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ტ. ჩ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. პროკურორი ტ. ჩ-ე საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ე. ქ-ის მიმართ საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულ ე. ქ-ის მიმართ სასჯელის შეფარდებისას არასწორად გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის დანიშვნის წესები, კერძოდ, როგორც სააპელაციო სასამართლოს განაჩენშია აღნიშნული, რაიონულ სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დაენიშნა ერთი სასჯელი. მხოლოდ ამ დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრის შემდეგ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შესამცირებლად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლი (2004 წლის 13 თებერვლის რედაქცია).

ამავე დროს, მსჯავრდებულ ე. ქ-ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას არასწორად გამოიყენა კანონი ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის ზომად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რასაც წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაუმატა 2 (ორი) თვე და მთლიანობაში განუსაზღვრა 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა. დარღვევა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი მეტი უნდა იყოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე, ხოლო მსჯავრდებულ ე. ქ-ეს წინა განაჩენით დანიშნული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც მას ჩათვლილი ჰქონდა პირობით. ახალი დანაშაული კი მან ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში, ე.ი. მისი მოუხდელი სასჯელი იყო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს თავისი განაჩენით მსჯავრდებულ ე. ქ-ის თავისუფლების აღკვეთა უნდა დაენიშნა ერთ წელზე მეტი ვადით.

ამრიგად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაუშვა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტითა და 564-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა _ სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც მსჯავრდებულ ე. ქ-ეს დაენიშნა არაკანონიერი სასჯელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განაჩენი ე. ქ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის უნდა გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 562-ე, 564-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჭიათურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განაჩენი ე. ქ-ის მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.