შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹323აპ ქ. თბილისი
12 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-სა და ო. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ნ. ე-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» და „გ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ არაერთგზის ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. ე-ვი 1997 წლის 28 ოქტომბერს გაასამართლა ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ და იმ დროს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტებით, 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტებით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით საბოლოოდ მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შემდეგ მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ:
2005 წლის 26 ივლისს ნ. ე-ვი იმყოფებოდა ქ. თელავში, საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის რეგიონული სამსახურის ეზოში, რა დროსაც შენიშნა, რომ იქვე მყოფ, მისთვის იმ დროისათვის უცნობ კ. გ-ლს ქამარში, მარჯვენა მხარეს, თავისივე ბუდით დამაგრებული ჰქონდა მობილური ტელეფონი. ნ. ე-მა განიზრახა კ. გ-ის ტელეფონის ქურდობა, მივიდა მასთან და, მისაკუთრების მიზნით, ბუდიდან ამოაცალა 450 ლარად ღირებული „სამსუნგი-310» მოდელის მობილური ტელეფონი და შეეცადა მიმალვას. დაზარალებულმა კ. გ-მა ხელის მოსინჯვით შეიტყო რა, რომ ტელეფონი აღარ ჰქონდა და მის სიახლოვეს იყო მხოლოდ იმ დროისათვის მისთვის უცნობი ნ. ე-ვი, ეჭვი მიიტანა მასზე, რომელიც მიმალვას აპირებდა, რის გამოც იქვე გაჩერებულ პოლიციის თანამშრომლებს _ ჯ. ა-სა და ვ. ხ-რს მასზე მინიშნებით დაუძახა, რომ მოპარა ტელეფონი. ნ. ე-ვი შემთხვევის ადგილზევე იქნა მხილებული.
აღნიშნული დანაშაულისათვის ნ. ე-ვს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა შინაპატიმრობაში გატარებული დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 26 ივლისიდან. ნ. ე-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული შინაპატიმრობა დარჩა უცვლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ე-მა და ითხოვა გამართლება მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, რადგან დაზარალებული კ. გ-ლი შეეშალა თავის ნაცნობში და უნდოდა გახუმრებოდა.
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გ. ბ-მა შესაგებლით ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ე-ის სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვება უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა ზ. რ-მა შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა, სასამართლოს ემსჯელა მხოლოდ სასჯელთან დაკავშირებით, რასაც დაეთანხმა ნ. ე-ვი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად. ამავე სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის დადგენილებით ნ. ე-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ შინაპატიმრობა _ შეიცვალა პირადი თავდებობით.
კასატორები _ ადვოკატები: ზ. რ-ლი და ო. ს-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ნ. ე-ის მიმართ _ შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: ნ. ე-მა თავი ცნო დამნაშავედ იმაში, რომ მან მართლაც ამოაცალა კ. გ-ლს ტელეფონი, რომელიც მაშინვე დაუბრუნა. მას დაზარალებული შეეშალა თავის ნაცნობში. როდესაც დარწმუნდა, რომ ის სხვა პიროვნება იყო, მაშინვე დაუბრუნა მობილური ტელეფონი; მოსამართლემ ყურადღება არ გაამახვილა საქმეში არსებულ პროცესუალურ დარღვევებზე; ჩხრეკის ოქმში არ არის დაფიქსირებული ჩხრეკის დამთავრების დრო; დაკავების ოქმი ეჭვმიტანილს არ ჩაბარებია; ნ. ე-ვი დაავადებულია ეპილეფსიით, საჭიროებს მკურნალობას; არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი; მის კმაყოფაზე არიან ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე; არ ჰყავს მშობლები და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი; პენსიონერია და ხასიათდება დადებითად.
ადვოკატების განმარტებით, სააპელაციო პალატაში არ დაკითხულან დაზარალებული და მოწმეები, რომელთა დაკითხვა კანონით იყო სავალდებულო, აღნიშნულით კი დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 520-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები ითხოვენ ნ. ე-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის ჯარიმით შეცვლას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, ხოლო მატერიალური კანონი სწორად იქნა გამოყენებული, შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა დასაბუთებული განაჩენი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სათანადოდ გამოიკვლიეს ნ. ე-ის პიროვნების მახასიათებელი მტკიცებულებები, მათ შორის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ის გარემოებებიც, რაც მითითებულია საკასაციო საჩივარში. ამასთან, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით ნ. ე-ვს თავისუფლების აღკვეთის სახით განესაზღვრა სასჯელის მინიმალური ზომა, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა დაეკითხა დაზარალებული და მოწმეები.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, ადრე მოქმედი რედაქციის სსსკ-ის 531-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების შესაბამისად, სასამართლოში იძახებდნენ ყველა მოწმესა და ექსპერტს, რომელთა დაკითხვა მომჩივანისა და პროცესის სხვა მონაწილეთა აზრით აუცილებელი იყო. ამასთან, მხარეებს უფლება ჰქონდათ, საერთოდ უარი ეთქვათ ხსენებულ პირთა გამოძახებაზე. სასამართლო ვალდებული არ იყო, საკუთარი ინიციატივით გამოეძახა და დაეკითხა მოწმეები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე აპელანტმა იშუამდგომლა, რომ სააპელაციო პალატას ემსჯელა მხოლოდ სასჯელთან დაკავშირებით. ამასთან, დაზარალებულმა კ. გ-მა და მოწმე ჯ. ა-მა განცხადებებით მიმართეს სააპელაციო პალატას და იშუამდგომლეს, სასამართლოს ეხელმძღვანელა მათ მიერ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით.
სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნდა დაზარალებულის პოზიცია, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მიუთითა, რომ ნ. ე-მა ტელეფონის მოპარვით მიაყენა 450 ლარის ოდენობის ზიანი, მაგრამ მის მიმართ პრეტენზია არ აქვს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ შეზღუდულა პროცესის მონაწილეთა უფლებები და არც საპროცესო კანონის იმგვარ დარღვევას ჰქონია ადგილი, რაც ხელს შეუშლიდა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას.
ამასთან, ნ. ე-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონით შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
მსჯავრდებულ ნ. ე-ვს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს შინაპატიმრობაში ყოფნის დრო _ 2005 წლის 26 ივლისიდან 2006 წლის 25 აპრილამდე _ აღკვეთის ღონისძიებად პირადი თავდებობის შეფარდებამდე, სულ 9 თვე.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-სა და ო. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განაჩენი შეიცვალოს: ნ. ე-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულ ნ. ე-ვს დანიშნული სასჯელის _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს შინაპატიმრობაში ყოფნის დრო _ 2005 წლის 26 ივლისიდან 2006 წლის 25 აპრილამდე _ 9 (ცხრა) თვე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.