შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 22.02.2007
საქმის ნომერი
2კ-332აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

332აპ. 22 თებერვალი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენით ა. ა-რს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით, დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 18 აგვისტოდან.

განაჩენით ა. ა-რს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 აპრილის განაჩენით ა. ა-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 300 ლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, მან განმეორებით ჩაიდინა ქურდობა, კერძოდ, იცოდა რა, რომ „---ის“ ტერიტორიაზე გათხრილი იყო ---ოს სალიკვიდაციო კომისიის კუთვნილი შიდა სარწყავი სისტემის მილსადენი, გადაწყვიტა ფარულად დაუფლებოდა მას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2005 წლის 10 აპრილს, იგი დაუკავშირდა სოფელ ---ში მცხოვრებ ნ. ჩ-ლს, ისარგებლა მისი ---ით და ---ით, ჩავიდა „---ის“ ტერიტორიაზე და ---ოს ნაკვეთებიდან ამოიღო ---ოს სალიკვიდაციო კომისიის ბალანსზე არსებული 300 მმ დიამეტრის 3 მეტრი სიგრძისა და 1 ცალი - 1 მეტრი სიგრძის, 1650 კგ წონის --- მილები, რომლებიც დააწყო ---ის მისაბმელზე და ამოიტანა სოფელ ---ში. მეორე დღეს იგი კვლავ წავიდა „---ის“ ტერიტორიაზე უკვე ვ. მ-ის მანქანა „---ით“, რომელზედაც დააწყო წინა დღეს დარჩენილი 300 მმ დიამეტრის, 3 მეტრი სიგრძის, 53 ცალი, 6400 კგ წონის --- მილები და წამოიღო სოფელ ---ში. ა. ა-ის მიერ ---ოს ნაკვეთებიდან გატაცებული 8050 კგ --- მილები ამოღებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ა. ა-მა ---ოს სალიკვიდაციო კომისიას მიაყენა 1200 ლარის ზარალი.

2005 წლის 16 აგვისტოს ა. ა-მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა „---ის“ სამელიორაციო სამმართველოს კუთვნილ --- მილს, რომელიც იყო დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ---ს ტერიტორიაზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 15 აგვისტოს დედოფლისწყაროში ნახა ---ლი დ. მ-ლი, რომელსაც მოელაპარაკა სამუშაოს შესრულებაზე, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი წაიყვანა ზემოხსენებულ ტერიტორიაზე და უკვე გათხრილ მიწის თხრილში დააჭრევინა დაზარალებული ორგანიზაციის კუთვნილი 89 მეტრი სიგრძის, 1200 მმ დიამეტრის --- მილი (ერთი მეტრი _ ღირებული 23. 87 ლარად), რომელიც შემდგომ დააჭრევინა 11 მეტრიან ზომის მილებად და ---ის საშუალებით ამოიღო თხრილიდან.

2005 წლის 16 აგვისტოს ა. ა-რი დაუკავშირდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ბ. ც-ლს, რომელსაც მოელაპარაკა მილების გადაზიდვაზე. თავის მხრივ ეს უკანასკნელი ლ. მ-ის კუთვნილი ა/მანქანა „კრაზით“ სახ. ¹-- წავიდა ---ს მიმდებარე ტერიტორიაზე და თან გაიყოლა ამწე, რომლის მძღოლი იყო ი. ა-ვი. მითითებულ ადგილზე ჩასულებმა ხსენებული ამწეთი ა/მანქანა „კრაზზე” დადეს ა. ა-ის მიერ 16 ცალად დაჭრილი, 11 _ მეტრიანი 1200 მმ დიამეტრის მილი წონით _ 31 ტონა და 800 კგ და გაიტაცეს შემთხვევის ადგილიდან. 2005 წლის 17 აგვისტოს ზემოაღნიშნული გატაცებული ტვირთი დაკავებულ იქნა და ჩაჰბარდა დაზარალებულ ორგანიზაციას.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ა-მა.

აპელანტმა, მსჯავრდებულმა მიიჩნია, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, რადგანაც აღიარებს დანაშაულს, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა და ითხოვა მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ა-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, აღნიშნა, რომ ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი, ცხოვრობს პაპა-ბებიასთან, არის ოჯახის მარჩენალი, აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას ან პირობითი მსჯავრის შეფარდებას, ასევე _ ჯარიმის მოხსნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. ა. ა-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია როგორც მის მიერ ბრალის აღიარებით, ისე დაკავების, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით.

პალატა არ ეთანხმება მსჯარდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების ან პირობითი მსჯავრის შეფარდების ან კიდევ ჯარიმის მოხსნის შესახებ, უსაფუძვლობის გამო, რადგან სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რის შესახებაც საკასაციო საჩივარშია მითითებული და მსჯავრდებულ ა. ა-რს განუსაზღვრა კანონის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი.

პალატა თვლის, რომ ამჟამად ა. ა-სათვის სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.

ამავე დროს, პალატა თვლის, რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებები:

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის მაქსიმალური ზომა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ა-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ა-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

ა. ა-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე.

სხვა ნაწილში განაჩენი, მათ შორის, მსჯავრდებულ ა. ა-სათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.