შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹333აპ ქ. თბილისი
30 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განაჩენზე ა. ფ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის განაჩენით ა. ფ-რი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა და რაც გამოიხატა შემდეგში:
2002 წლის 27 მარტს ა. ფ-რი გაასამართლა გორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2003 წლის 29 ივლისს იგი პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა არაერთგზის, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა.
2005 წლის 7 იანვარს, დილით ა. ფ-რი მივიდა ქ. გორში, ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც დალია ალკოჰოლური სასმელი და დათვრა. დაახლოებით 12 საათისათვის იმავე ტერიტორიაზე მოძრაობისას მან შენიშნა ავტოსადგომზე გაჩერებული ზ. ხ-ის კუთვნილი „ვაზ-2105” მარკის ავტომანქანა, რომლის მარცხენა კარის მინა ჩაწეული იყო. დაინახა რა აღნიშნული, ა. ფ-მა განიზრახა, ღია ფანჯრიდან კარი გაეღო და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ზ. ხ-ის 5500 ლარად ღირებულ ავტომანქანას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, რადგანაც მანქანის სიახლოვეს არავინ იყო, იგი მივიდა მასთან, ჩაწეული ფანჯრიდან ხელი გადაყო და შუშა ბოლომდე ჩასწია. ამის შემდეგ ა. ფ-მა ვერ შეძლო კარის გაღება და ჩაწეული ფანჯრიდან ავტომანქანის სალონში შეაღწია. ა. ფ-მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან მისი ქმედება აღკვეთა ზ. ხ-ემ, რომელმაც ა. ფ-რი ძალით ამოიყვანა მანქანის სალონიდან.
აღნიშნული დანაშაულისათვის ა. ფ-რს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ა. ფ-რი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი. მ-მა და ითხოვა ა. ფ-სათვის გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით შეფარდებული სასჯელის დამძიმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ა. ფ-რს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
კასატორი _ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ. ლ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ა. ფ-ის მიმართ ლმობიერია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი რამდენიმე ნასამართლობა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ქმედების მართლსაწინააღმდეგო ნება, სიმძიმე, მისი განხორციელების სახე და ხერხი, საზოგადოებრივი საშიშროება. პროკურორს მიაჩნია, რომ ა. ფ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით შეუძლებელია სასჯელის მიზნების მიღწევა, რის გამოც ითხოვს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განაჩენი და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულ ზ. ხ-სა და მოწმე გ. ე-ის ჩვენებებით, ეჭვმიტანილის დაკავების ოქმით უდავოდ დასტურდება და ეჭვს არ იწვევს, რომ ა. ფ-მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედება.
მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ა. ფ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად (ს.ფ. 31), მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში. ამასთან, იგი პატიმრობაში იმყოფებოდა 7 თვისა და 11 დღის განმავლობაში.
პალატა აღნიშნავს, რომ ა. ფ-ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მისი ნასამართლობის მიჩნევა დაუშვებელია, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. ამდენად, მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ამასთან, ა. ფ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდ 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონით შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ დარღვეულა, ამიტომ გარდა მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციისა, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განაჩენი შეიცვალოს: ა. ფ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.