შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
424აპ. 22 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 24 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის განაჩენით მ. ო-ლს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით სასჯელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით მ. ო-ლს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 11 ოქტომბერს, მ. ო-ლი მეგობრის _ ო. შ-ის კუთვნილი ავტომანქანით (უაზ -- სახ. ¹--) მოძრაობდა ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე. ავტომანქანა და მასში მსხდომი პირები შეამოწმეს ახალგორის შს რაიგანყოფილების თანამშრომლებმა, რა დროსაც მ. ო-ლს უკანონოდ აღმოაჩნდა კო-38 სისტემის ¹--- შაშხანა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ო-მა, რომელმაც ითხოვა სასჯელის შემსუბუქება და პირობითი მსჯავრის შეფარდება. მან აღნიშნა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის განაჩენი უკანონოა და სასჯელი მკაცრი, რადგან დანაშაული, რომელიც მას ბრალად ედება, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას; იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს თავის მიერ ჩადენილ ქმედებას, ჰყავს ოჯახი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი არის ავადმყოფი, გადატანილი აქვს უმძიმესი ოპერაცია და საჭიროებს ინტენსიურ მკურნალობას, ჰყავს მოხუცებული მშობლები, ინვალიდი მამა, რომლებიც საკუთარ ოჯახთან ერთად მის კმაყოფაზე იმყოფებიან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 24 მაისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის განაჩენი შეიცვალა სასჯელის ნაწილში, კერძოდ: მსჯავრდებულ მ. ო-ლს სასჯელი შეუმცირდა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ო-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან აღნიშნა, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს თავის მიერ ჩადენილ ქმედებას, ითხოვს პირობითი მსჯავრის შეფარდებას ან ჯარიმის სახით 3000 ლარის დაკისრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. მ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, ჩხრეკის ოქმით, სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულ მ. ო-ის ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივრის ავტორი ხდის.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის პიროვნებას, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, პირველივე დღიდან აღიარებს და გულწრფელად ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ჰყავს ოჯახი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი არის ავადმყოფი, გადატანილი აქვს უმძიმესი ოპერაცია და საჭიროებს ინტენსიურ მკურნალობას, ჰყავს მოხუცებული მშობლები, ინვალიდი მამა, რომლებიც საკუთარ ოჯახთან ერთად მის კმაყოფაზე იმყოფებიან, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსჯავრდებულის საჩივრის დაკმაყოფილებას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ და საქართველოს სსკ-ის 63-66-ე მუხლების გამოყენებით მ. ო-სათვის დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაინიშნოს 2 (ორი) წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 24 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
მ. ო-ლს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ ამავე კოდექსის 63-66-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
Mმსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.