შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 29.01.2007
საქმის ნომერი
2კ-530აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.01.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

530აპ ქ. თბილისი

29 იანვარი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ", „დ” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის განაჩენით ა. გ-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", „გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ”, ,,დ" ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

1995 წლის 13 ნოემბერს ა. გ-ვი გაასამართლა ქალაქ ქუთაისის სასამართლომ და საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიუსაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. გ-ვი სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, 1997 წლის 22 დეკემბერს. 1998 წლის 18 ნოემბერს ა. გ-ვი კვლავ იქნა გასამართლებული სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კანონით) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლდა 2001 წლის 22 აგვისტოს. ა. გ-ვი 2002 წლის 16 აპრილს გაასამართლა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ და სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლდა პირობით ვადაზე ადრე, 2004 წლის 22 სექტემბერს.

2004 წლის დეკემბრის ბოლოს, ა. გ-ვი მივიდა ქ. ქუთაისში, ---ის ქ. ¹13-ში მდებარე გ. ჩ-ის სახლთან. მან ისარგებლა იმით, რომ გ. ჩ-ძე ოჯახის წევრებთან ერთად საცხოვრებლად გადასული იყო ქ. ---ში, გააღო კარები და შეაღწია სახლში, საიდანაც ფარულად გაიტაცა სხვადასხვა ნივთები და დაზარალებულს მიაყენა 185 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

ამის შემდეგ ა. გ-მა დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგო შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული 200 გრამი ---ი და ,,--" ტიპის ხელყუმბარა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის სახლში. 2005 წლის 12 იანვარს აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს პოლიციელებმა.

აღნიშნული დანაშაულისათვის ა. გ-ვს მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 12 იანვრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მა და მოითხოვა გამართლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენიდან ამოირიცხა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული ა. გ-ვი საჩივარში აღნიშნავს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია; წინასწარი გამოძიებისას, რომელიც არაობიექტურად ჩატარდა, არ მოპოვებულა ნივთმტკიცება და არ მომხდარა დაზარალებულთან დაპირისპირება.

აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი მოითხოვს მის მიმართ საქმის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადასტურებული ა. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულ გ. ჩ-ის, მოწმეების _ ნ. კ-ას, ს. გ-ის, გ. გ-ისა და გ. კ-ის ჩვენებებით, ა. გ-ის ბინის ჩხრეკის ოქმითა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე თვით მსჯავრდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით. წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ დარღვეულა, შეკრებილი მტკიცებულებები სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა და სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ა. გ-მა ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ასევე _ საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

ამასთან, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტები, შესაბამისად, მიეკუთვნებოდნენ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო დღეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულს.

ა. გ-ვს განსაზღვრული აქვს მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ასევე კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესაბამისი, სამართლიანი სასჯელი და ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ა. გ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.