შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 23.03.2007
საქმის ნომერი
2კ-552აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹552აპ ქ. თბილისი

23 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-სა და ლ. კ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განაჩენზე, რომლითაც გ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

აბაშის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის განაჩენით გ. ფ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჯგუფურად, არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის აგვისტოში გ. ფ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ რ. ხ-ას და გამოძიებით დაუდგენელ რამდენიმე პირს. მათ განიზრახეს, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ მ. გ-ას ოჯახს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2004 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 22.30 საათზე, გ. ფ-ემ თანამონაწილე პირებთან ერთად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და ყუმბარმტყორცნით შეიარაღებულებმა და სახეზე ნიღაბაფარებულებმა, მ. გ-ას სახლის უკანა კარიდან უკანონოდ შეაღწიეს ბინაში, რის შემდეგ ყაჩაღურად თავს დაესხნენ სახლში მყოფ მ. გ-ას, მის შვილ პ. კ-სა და რძალ ც. ჯ-ას. გ. ფ-ემ და მასთან მყოფმა თავდამსხმელებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებითა და მოკვლის მუქარით სახლიდან გაიტაცეს ოჯახის წევრთა კუთვნილი ნივთები, სულ 2 150 ლარის ღირებულების ქონება, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულებს. თავდასხმის დროს გ. ფ-ემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახი პ. კ-ას ჩაარტყა თავის არეში და მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რის შემდეგაც ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის გ. ფ-ეს მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე, სხვა პირებთან ერთად, სოლიდარულად დაეკისრა დაზარალებულებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის აუნაზღაურებელი ნაწილის _ 1 700 ლარის გადახდა. გ. ფ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 9 იანვრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ადვოკატებმა _ ზ. რ-მა და ლ. კ-ამ. მათ ითხოვეს გ. ფ-ის მიმართ აბაშის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

დაზარალებულ მ. გ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ძ-ამ შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და აბაშის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის განაჩენი გ. ფ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

კასატორები _ მსჯავრდებულის ადვოკატები _ ზ. რ-ლი და ლ. კ-ია საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი გ. ფ-ის მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე _ შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ განაჩენის გამოტანისას იხელმძღვანელა მხოლოდ დაზარალებულების ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ცრუობენ; საეჭვოა გ. ფ-ის სიდედრის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული ოქროს ძეწკვის ამოცნობა მ. გ-ას მიერ, რადგან ჩხრეკის დამსწრე მოწმეების _ ე. ს-სა და ს. სა-ის განმარტებით, ძეწკვი და სხვა ნივთები პოლიციის თანამშრომლებმა ჩადეს ცელოფნის პარკში და წაიღეს ისე, რომ არ დაულუქავთ; საეჭვოა აღნიშნული ძეწკვის წარმომავლობისა და წონის საკითხიც, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ეკუთვნის გ. ფ-ის შვილს და მას აჩუქა ნათლიამ, რაც ვიდეოფირზეც კარგად ჩანს; საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, მოწმეების _ კ. პ-ას, ი. ქ-ას, რ. ბ-ის, დ. ჩ-ას, კ. ჩ-ას ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2004 წლის 26 აგვისტოს ისინი შეკრებილი იყვნენ რ. ბ-ის ოჯახში, ძმის ---ზე დაახლოებით 01.00 საათამდე, სადაც თამადობდა გ. ფ-ძე, ამიტომ ის დანაშაულში მონაწილეობას ვერ მიიღებდა; საქმის მასალებით გ. ფ-ის ბრალი მისთვის შერაცხულ დანაშაულში არ დასტურდება; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მსჯავრდებულის ალიბი და ცალსახად დაეყრდნო ბრალდების დაუსაბუთებელ, არასაკმარის მტკიცებულებებს, რითიც დაარღვია სსსკ-ის მე-10 მუხლის მოთხოვნა და ეჭვი არ გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატები _ ზ. რ-ლი და ლ. კ-ია ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, რასაც ეთანხმება თავად მსჯავრდებულიც.

დაზარალებული მ. გ-ია შესაგებლით მიიჩნევს, რომ განაჩენი გ. ფ-ის მიმართ დასაბუთებულია, კანონიერია, ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს; გ. ფ-ეს ცრუ ალიბი აქვს, ამიტომ სასამართლომ იგი სამართლიანად არ გაიზიარა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებული ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ საქმეში არ მოიპოვება გ. ფ-ის მამხილებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ:

პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სხდომებზე დაზარალებულმა მ. გ-ამ განმარტა, რომ 2004 წლის 26 აგვისტოს მის სახლში შეიჭრა 5 ნიღბიანი პირი. მათგან ერთ-ერთი _ გ. ფ-ძე შევიდა მისი რძლის ოთახში, ხოლო მეორემ მოიხსნა ნიღაბი. ბოროტმოქმედებმა სცემეს მის ფეხმძიმე რძალს, დააჩოქეს და ითხოვდნენ ოქროს. მ. გ-ამ იყვირა, რაზეც მეორე ოთახიდან გამოვიდა გ. ფ-ძე, უთხრა: ,,ეხლა გაჩვენებ სეირსო" და იარაღის კონდახი ჩაარტყა. ერთ-ერთი თავდამსხმელი რ. ხ-ია იყო. გ. ფ-ემ მის რძალს ააგლიჯა ოქროს ყელსაბამი. დაზარალებულმა მიუთითა, რომ თავდასხმისას დააკვირდა გ. ფ-ეს და ამოიცნო. მეორე დღეს ეს უკანასკნელი მივიდა მეზობლად მცხოვრებ ო. ი-ის სახლში და იგი ვიდეოკამერით დააფიქსირა. მ. გ-ამ ასევე განმარტა, რომ გ. ფ-ემ ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები ჩააბარა თავის სიდედრს, რომლის სახლიდანაც ამოიღეს ოქროს ყელსაბამი და იგი მანაც ამოიცნო პოლიციის შენობაში. დაზარალებულმა კატეგორიულად მიუთითა, რომ გ. ფ-ძე მონაწილეობდა ყაჩაღურ თავდასხმაში (ტ. 2, ს.ფ. 15-23).

ანალოგიური ჩვენება მისცა მ. გ-ამ სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას (ტ. 2, ს.ფ. 179-181).

პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სხდომებზე დაზარალებულმა პ. კ-აც კატეგორიულად მიუთითა, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში, სხვებთან ერთად, მონაწილეობდა გ. ფ-ძე (ტ. 2, ს.ფ. 25-27; 29-30; 185-187).

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ც. ჯ-ამ განმარტა, რომ თავდამსხმელებმა ააგლიჯეს ოქროს ყელსაბამი. მეორე დღეს იცნო მეზობელთან მისული ბოროტმოქმედები, რომლებიც დააფიქსირეს ვიდეოკამერით. გ. ფ-ეს თან ახლდა ის პირიც, რომელმაც თავდასხმისას ნიღაბი მოიხსნა. ც. ჯ-აც კატეგორიულად განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო გ. ფ-ძე (ტ. 2, ს.ფ. 33-35).

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ---ის სამმართველოს უფროსის ---ე ლ. დ-ამ განმარტა, რომ მ. გ-ამ იცოდა თავდასხმელთა ვინაობა, მაგრამ განუცხადა, რომ დაელოდებოდა გამოძიების შედეგებს. შემდეგ დაზარალებულმა მიუთითა, რომ სხვებთან ერთად თავს დაესხნენ რ. ხ-ია და გ. ფ-ძე (ტ. 2, ს.ფ. 68-69).

გასაჩივრებული განაჩენი, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ეყრდნობა საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმს. გარდა ამისა, განაჩენის სამოტავაციო ნაწილში სააპელაციო პალატა უთითებს მ. გ-ას განცხადებებზე, ასევე _ დაზარალებულთა და გ. ფ-ის დაპირისპირებებზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მასალები პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სხდომაზე არ წაკითხულა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ ქვეყნდება წინასწარი გამოძიების დროს საქმისათვის დართული წერილობითი მტკიცებულებები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე. სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

როგორც აღინიშნა, საგნის ამოსაცნობად წარდგენისა და დაპირისპირების ოქმები სასამართლო სხდომაზე არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ განხილულა. ამასთან, არ გარკვეულა ამ საგამოძიებო მოქმედებების ოქმების მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის საკითხი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული სხვა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ გ. ფ-ემ ჯგუფურად და არაერთგზის, ასევე _ ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა და ეს გარემოება სააპელაციო პალატამაც სწორად მიიჩნია დადგენილად. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, გარდა ხსენებული შემთხვევისა, არ დარღვეულა, ხოლო გ. ფ-ეს დაენიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი სასჯელი.

ასევე აღსანიშნავია, რომ გ. ფ-ძე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქურდობისათვის გაასამართლა 2001 წლის 2 ივლისს და არა 2004 წლის 8 ივლისს, როგორც ეს საბრალდებო დასკვნასა და გასაჩივრებულ განაჩენშია აღნიშნული. პალატა ითვალისწინებს, რომ ამ განაჩენით გ. ფ-ეს სსკ-ის 177-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით, რაც ---სა და ---ის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 17 მარტის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ არის გადახდილი (ტ. 1, ს.ფ. 221-226; 259). ამდენად, გ. ფ-ის ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითაც.

მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

ამასთან, მსჯავრდებულს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის გადახდა, კერძოდ:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რომლის ასლი გადაეცემა მოსარჩელეს. დაზარალებულები _ მ. გ-ია, პ. კ-უა და ც. ჯ-ია სამოქალაქო მოსარჩელეებად, ხოლო გ. ფ-ძე სამოქალაქო მოპასუხედ არ იქნენ ცნობილი. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულისათვის დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელსა და დაზარალებულის ადვოკატს არ მოუთხოვიათ მსჯავრდებულისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება (ტ. 2, ს.ფ. 92).

იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულებს _ მ. გ-ას, პ. კ-სა და ც. ჯ-ას წარადგინონ სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, ამიტომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ გ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-სა და ლ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განაჩენი შეიცვალოს: გ. ფ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულისათვის დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.