შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
625აპ ქ. თბილისი
31 იანვარი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ თ. კ-სა და კ. ფ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის განაჩენით:
1. თ. კ-ლი, გამართლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, ასევე _ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
2. კ. ფ-ნი, გამართლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჯგუფურად და არაერთგზის ჩაიდინა ყაჩაღობა.
თ. კ-სა და კ. ფ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:
F თ. კ-მა დაუდგენელ გარემოებებში, უკანონოდ შეიძინა 6 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---”, რომელიც ასევე უკანონოდ შეინახა შარვლის ჯიბეში.
2005 წლის 10 აპრილს თ. კ-ლი დაუკავშირდა კ. ფ-ნს და შეთანხმდნენ, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს და მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ მისი კუთვნილი ავტომანქანა, ფული და ნივთები.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იმავე დღეს, დაახლოებით 18 საათზე, დანით შეიარაღებული თ. კ-ლი და „მაგნუმის” კონსტრუქციის პისტოლეტით შეიარაღებული კ. ფ-ნი მივიდნენ ნ. ჩ-თან, რომელიც თავისი კუთვნილი „გაზ-24” მარკის ავტომობილით იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, --ის --ზე. ისინი ჩაუსხდნენ მანქანაში ნ. ჩ-ეს და შეთანხმებით მიიყვანეს ---ის ქუჩაზე, სადაც მძღოლს შეაჩერებინეს ავტომობილი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაიტაცეს 1840 ლარად ღირებული ავტომანქანა „გაზ-24”, ფული და სხვადასხვა ნივთები.
თ. კ-ლი იმავე დღეს დააკავეს და მას პირადი ჩხრეკისას შარვლის ჯიბეში აღმოაჩნდა ქაღალდში გახვეული 6 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---”.
თ. კ-ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, შეიკრიბა ნაწილობრივ და თ. კ-ლს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. ფ-ნს მიესაჯა 9 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2005 წლის 10 აპრილიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა და მსჯავრდებულებმა.
პროკურორმა საჩივრით მოითხოვა თ. კ-თვის 12 წლით, ხოლო კ. ფ-თვის _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულებმა მოითხოვეს გამართლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის მოხდის რეჟიმზე მითითება; მსჯავრდებულ კ. ფ-ნს შეუმცირდა სასჯელის ზომა და განესაზღვრა 9 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული თ. კ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; საქმე უნდა შესწავლილიყო სრულად და ობიექტურად, რაც არ მომხდარა; მისთვის არც დანა აღმოუჩენიათ, ხოლო ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, რაც სასამართლო სხდომაზე მოწმეებმაც დაადასტურეს, როცა განაცხადეს, რომ ნივთები ეყარა ფეხებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. კ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
მსჯავრდებული კ. ფ-ნი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ დადგენილი განაჩენი უკანონოა, შემდეგ გარემოებათა გამო: ნ. ჩ-ძე არის მისი ახლობელი და მანქანა ათხოვა ყოველგვარი მუქარის გარეშე; მან საჭესთან დასვა თ. კ-ლი; გზაში პატრულის თანამშრომლებმა მათ ანიშნა, რომ გაეჩერებინათ მანქანა, მაგრამ, რადგან იყვნენ ნასვამები და არ ჰქონდათ მართვის მოწმობები, კ. ფ-მა გადაწყვიტა გაქცევა და მანქანის პატრონის მოყვანა; გაქცევისას ჩავარდა ორმოში, სადაც დააკავეს პოლიციელებმა; მათ წინ დაუყარეს ტელეფონი, დანა და იარაღი, რასაც ადასტურებდნენ მოწმეები _ ნ. კ-ია და ვ. მ-ძე; ნ. ჩ-ემ ამოცნობისას განაცხადა, რომ კ. ფ-ნს მანქანა ათხოვა და იგი არ დაუყაჩაღებიათ; შემდეგ მას მუქარით დააწერინეს ცრუ ჩვენება; სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რადგან არ დაკითხა ჩხრეკის დამსწრეები _ ნ. კ-ია და ვ. მ-ძე; ასევე არ დაკითხეს გამომძიებელი და დაზარალებული ნ. ჩ-ძე. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დაავადებულია, აქვს ცეროზი და ჰყავს ავადმყოფი მშობლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული კ. ფ-ნი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საჩივრების მოტივს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, კერძოდ:
წინასწარი გამოძიებისას დაზარალებული ნ. ჩ-ძე არაერთხელ დაიკითხა და მან განმარტა, რომ მსჯავრდებულებმა ,,დანისა და იარაღის მუქარით" გასტაცეს ფული, ,,მოტოროლას" ფირმის მობილური ტელეფონი და ავტომანქანა, რომელშიც იდო ტექნიკური პასპორტიც (ს.ფ. 30-31; 54).
მოგვიანებით, ნ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მიუთითა, რომ კ. ფ-ნი და თ. კ-ლი ერთიანი განზრახვით არ მოქმედებდნენ და ამ უკანასკნელს ავტომანქანაში ეძინა (ს.ფ. 176).
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ნ. ჩ-ის შუამდგომლობით, გამოქვეყნდა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები, რომელთა სისწორე დაზარალებულმა დაადასტურა. ნ. ჩ-ემ განმარტა, რომ როდესაც ავტომანქანა გასტაცეს, თ. კ-ლს არ ეძინა. ამასთან, კ. ფ-ნს ხელთ ჰქონდა იარაღი და ამ უკანასკნელს შემთხვევამდე არ იცნობდა (ს.ფ. 260-262).
2005 წლის 10 აპრილის ოქმების შესაბამისად, დამსწრეთა მონაწილეობით ჩატარებული პირადი ჩხრეკისას კ. ფ-ნს აღმოაჩნდა ,,მოტოროლას" ფირმის მობილური ტელეფონი, დანა და უცხოური წარმოების პისტოლეტი. თ. კ-ლს შარვლის ჯიბეებში აღმოაჩნდა აღალდში გახვეული, სპეციფიკური სუნის მქონე, ფხვიერი მასა, ასევე _ ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა. აღნიშნული ნივთები ამოღებულ იქნა და დაილუქა. ოქმებს ხელი მოაწერეს დამსწრეებმა, ხოლო თ. კ-მა და კ. ფ-მა ოქმებს ხელი არ მოაწერეს იმ მოტივით, რომ თავს არ ცნობდნენ დამნაშავედ (ს.ფ. 6; 8).
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ჩხრეკის დამსწრე ვ. მ-ემ განმარტა, რომ თ. კ-ლს მისი თანდასწრებით ამოუღეს ჯიბიდან ნარკოტიკული ნივთიერება. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მასზე რაიმე სახის ზემოქმედება არ განხორციელებულა, ჩხრეკის ოქმი შედგა და მას ხელი მოაწერა. ჩხრეკის მეორე დამსწრე ნ. კ-ამ ამავე სასამართლოში მთლიანად დაადასტურა ჩხრეკის ოქმის სისწორე და განაცხადა, რომ მას ხელი მოაწერა. ნ. კ-აც მიუთითა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს თ. კ-საგან (ს.ფ. 264-267).
სასამართლო-ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად, კ. ფ-საგან ამოღებული უცხოური წარმოების ,,მაგნუმის" პისტოლეტი ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას არ მიეკუთვნება. თ. კ-საგან ამოღებული 6 გრამი გამხმარი მასა წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,---" (ს.ფ. 107).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალები გამოკვლეულია სრულყოფილად და სწორადაა შეფასებული, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ დარღვეულა, მსჯავრდებულებს განესაზღვრათ მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელები. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, მსჯავრდებულების ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ თ. კ-სა და კ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ: თ. კ-სა და კ. ფ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულებისათვის სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.