შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 24.01.2007
საქმის ნომერი
2კ-641აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.01.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

641აპ. 24 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ის დამცველის, ავდოკატ მ. ლ-სა და მსჯავრდებულ ს. კ-ის დამცველის, ადვოკატ ა. გ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კაოლეგიის 2006 წლის 24 იანვრის განაჩენით:

1) მ. შ-ლი,2) ი. ბ-რი,3) ზ. შ-ია,4) ს. კ-ძე, მსჯავრდებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რის გამოც იმავე განაჩენით მათ სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა თითოეულს 9 (ცხრა) წლის ვადით, აქედან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის (2005 წლის 16 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე 6 (ექვსი) წელი _ შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალათ პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენის მიხედვით, მათ მსჯავრი დაედოთ ქურდობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

ს. კ-ძე, ეწეოდა რა პროსტიტუციას, 2004 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 2 საათზე, მოელაპარაკა ინდოეთის მოქალაქეს ა. მ-დს, რომ 30 ლარად გაჰყვებოდა ერთი საათით, მის საცხოვრებელ ბინაში. ა. მ-მა იგი მიიყვანა ქ. თბილისში, ---ის ქუჩა ¹27, ბინა ¹2-ში, სადაც განლაგებულია შპს “----” ოფისი. ბინაში შესვლისთანავე ს. კ-ემ განიზრახა, შეექმნა პირობები ამ ბინის გაქურდვისათვის. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ს. კ-ემ ა. მ-დს სასმელში ჩაუყარა დასაძინებელი წამალი და დაელოდა მის ჩაძინებას. ამის შემდეგ იგი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ივ. ბ-სა და მ. შ-ლს, რომლებსაც შესთავაზა ბინის გაქურდვაში თანამონაწილეობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ამ უკანასკნელებმა, თავის მხრივ, ქურდობაში მონაწილეობა შესთავაზეს მათთან ერთად მყოფ ზ. შ-ას, რომელიც მათ დათანხმდა. იმავე დღეს ს. კ-ემ შეაღო ზემოთ ხსენებული ოფისის კარები, რომელშიც ასევე საცხოვრებლად გამოყოფილი ჰქონდა ფართი ა. მ-დს. მან აღნიშნულ ოფისში შეიყვანა თავისი თანამზრახველები ივ. ბ-რი და მ. შ-ლი, საიდანაც ფარულად გაიტაცეს ა. მა-ის პირადი ნივთები: შავი ფერის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ამ უკანასკნელის სხვადასხვა დასახელების ტანსაცმელი, “ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი, ორი პასპორტი, ფულადი თანხა _ 300 ლარის ოდენობით და შპს “----” კუთვნილი ნივთები _ კომპიუტერის ორი მონიტორი და ორი პროცესორი, ერთი პრინტერი, ქსეროქსის აპარატი და “სიდიპლეერი”. ნაქურდალი ნივთები მათ მოათავსეს ზ. შ-ას ავტომანქანაში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მათ დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ჯ-მა, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-ამ, მსჯავრდებულ ს. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ჯ-მა, მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-მა და მსჯავრდებულ ზ. შ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. კ-ამ.

ი. ბ-ის ადვოკატი ქ. ჯ-ლი საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილებების შეტანას, კერძოდ, აღნიშნული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლასა და მის მიმართ სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულ ს. კ-ის ადვოკატი ა. გ-უა ითხოვდა მის მიმართ სასჯელის მოხდის გადავადებასა და აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, აგრეთვე, 2004 წლის 10 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მ. ნ-ის ბრძანების კანონიერებაზე მსჯელობას, ხოლო ადვოკატი ქ. ჯ-ლი ითხოვდა ს. კ-ის მიმართ სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულ მ. შ-ის ადვოკატი მ. ლ-ნი საჩივრით ითხოვდა განაჩენში მის მიმართ ცვლილების შეტანასა და სასჯელის მოხდისაგან მის გათავისუფლებას.

მსჯავრდებულ ზ. შ-ას ადვოკატი ა. კ-ია ითხოვდა განაჩენში ცვლილებების შეტანას _ მისი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლასა და მის გამართლებას ქურდობის ეპიზოდში.

საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს მსჯავრდებულებმა _ მ. შ-მა, ი. ბ-მა და ს. კ-ემ და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. მათ ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათთვის დანიშნული სასჯელების შემსუბუქება. ამასთანავე, მსჯავრდებულმა ს. კ-ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ითხოვეს მის მიმართ სასჯელის მოხდის გადავადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულებს მოუხსნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული ბრალდება, რომელსაც მოიცავდა იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები. ამავე დროს, მსჯავრდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილ ცვლილებათა გათვალისწინებით, შესაბამისობაში მოიყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან, სახელდობრ: მსჯავრდებულების _ მ. შ-ის, ი. ბ-ის, ზ. შ-სა და ს. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებიდან და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადააკვალიფიცირა საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებზე, რომლებიც ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას შესაბამისად _ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს _ მ. შ-ლს, ი. ბ-რს, Pზ. შ-სა და ს. კ-ეს შეუმცირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, კერძოდ, მათ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, თითოეულს 4 (ოთხი) წლის ვადით.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ მ. შ-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-მა და მსჯავრდებულ ს. კ-ის დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-ამ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის აღნიშნულ მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შეცვლას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ მათთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივებით, რომ მსჯავრდებულებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მათ კმაყოფაზე არიან, ისინი პირველად არიან სამართალში, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია, ამასთან, მ. შ-ლს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულთა მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრების მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, უნდა შევიდეს ცვლილებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატამ განაჩენის კანონიერება შეამოწმა როგორც მსჯავრდებულების _ გ. შ-სა და ს. კ-ის მიმართ, ასევე, სარევიზიო წესით იგი გადაამოწმა სხვა მსჯავრდებულების _ ი. ბ-სა და ზ. შ-ას მიმართ, რომელთაც განაჩენი არ გაუსაჩივრებიათ, რის შედეგადაც პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე სასამართლო გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და სრულად, ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები სწორად არის დადგენილი, რასაც სადავოდ არც ბრალდებისა და დაცვის მხარეები ხდიან. გარდა ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და მსჯავრდებულთა პიროვნების, აგრეთვე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, როგორც მ. შ-სა და ს. კ-ის, ასევე სხვა მსჯავრდებულების _ ი. ბ-სა და ზ. შ-ას მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომების შეცვლის საფუძველი არ არსებობს და ამ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის იმ ნაწილში, რომლითაც ზემოხსენებული მსჯავრდებულების, როგორც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ქურდობა დაკვალიფიცირებულია ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ვინაიდან ამ ახალი სისხლისსამართლებრივი ნორმით გამკაცრდა სასჯელი აღნიშნული ქმედებისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, თუ ახალი კანონი ამკაცრებს სასჯელს, მას უკუძალა არ გააჩნია. ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ახალ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანისას ამ განაჩენით მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) განსაზღვრული კვალიფიკაცია უნდა დაეტოვებინა უცვლელად.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულთა სასიკეთოდ, კერძოდ, მ. შ-ის, ი. ბ-ის, ზ. შ-სა და ს. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 567-ე და 568-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. შ-ის დამცველის, ადვოკატ მ. ლ-სა და მსჯავრდებულ ს. კ-ის დამცველის, ადვოკატ ა. გ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულების _ მ. შ-ის, ი. ბ-ის, ზ. შ-სა და ს. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), შეიცვალოს და ამ ნაწილში მათი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, ასევე, მსჯავრდებულების _ მ. შ-ის, ი. ბ-ის, ზ. შ-სა და ს. კ-ის მიმართ იმავე განაჩენით დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.