შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
665აპ. 24 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ხ-ის მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ხ-ლი, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე (2005 წლის 16 დეკემბრის რედაქცია), 2 (ორი) წელი _ შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე იმავე განაჩენით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
განაჩენის მიხედვით, თ. ხ-ლს მსჯავრი დაედო ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში: თ. ხ-მა 2004 წლის 19 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე პერიოდში, აბაზანის ფანჯრიდან მინის ამოღების გზით, ფარულად შეაღწია ქ. ხაშურში, ---ის ქუჩა ¹9-ში მდებარე ნ. ზ-ის მამაპაპეულ ბინაში, სადაც ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთებს: “სიუნსტარის” ფირმის ფერად ტელევიზორს, ღირებულს 300 ლარად; “სამსუნგის” ფირმის ფერად ტელევიზორს, ღირებულს 140 ლარად; გერმანულ მიქსერს, ღირებულს 35 ლარად; ხორცსაკეპ მანქანას, ღირებულს 20 ლარად; ფოტოაპარატს, ღირებულს 25 ლარად; 12 ცალ ვიდეომაგნიტოფონის კასეტას, ღირებულს 60 ლარად; 6 ცალ ვიდეომაგნიტოფონის კასეტას, ღირებულს 18 ლარად; დენის მიკროტალღოვან ჰაერღუმელს, ღირებულს 60 ლარად; დენის თერმოსტატს, ღირებულს 20 ლარად; 20 ლიტრიან ალუმინის ქვაბს, ღირებულს 25 ლარად; 3 ცალ მინის 10 ლიტრიან ბოცას, ღირებულს 30 ლარად; 2 ცალ ცომის მოსაზელ გობს, ღირებულს 35 ლარად; დენის ფარანს, ღირებულს 7 ლარად; მაღვიძარა საათს, ღირებულს 3 ლარად; სამფაზიან ელექტროძრავას, ღირებულს 50 ლარად; 12 ცალ სხვადასხვა ზომის ალუმინის ქვაბს, ღირებულს 70 ლარად; ალუმინის ტაფას, ღირებულს 15 ლარად; ნამცხვრის გამოსაცხობ ფორმებს, ღირებულს 8 ლარად და კიდევ სხვადასხვა დასახელების 20 ლარის წვრილმან ნივთებს, რითაც სულ დაზარალებულს მიაყენა 1041 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული ნაქურდალი ნივთებიდან თ. ხ-მა ჰაერღუმელი 12 ლარად მიჰყიდა ნ. მ-ლს. იგი ამოღებულ იქნა და დაუბრუნდა ნ. ზ-ლს. ალუმინის ნივთები ა. ნ-ის მეშვეობით ჩააბარა ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, რომელიც რეალიზაციის გამო ამოღებული ვერ იქნა, ხოლო თ. ხ-ის ბინიდან ამოღებულ იქნა ვიდეოკასეტები, დანარჩენი ნივთები კი დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მიჰყიდა ძიებით დაუდგენელ პირებს და აღებული თანხა მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. გ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის საუარესოდ შებრუნებას, კერძოდ, ჩადენილი დანაშაულის გამო თ. ხ-თვის 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ქმედების ხასიათისა და პიროვნების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა და 2006 წლის 20 ივნისის განაჩენით თ. ხ-ის მიმართ უცვლელად დატოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენი
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ. ტ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ამ განაჩენის გაუქმებასა და თ. ხ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ახალი განხილვისა და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრების მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნებას იმ მოტივით, რომ დანიშნული სასჯელი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, არის აშკარად ლმობიერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ თ. ხ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით სარწმუნოდ არის დადასტურებული თ. ხ-ის მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მას სასამართლოს განაჩენით შეერაცხა. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის ზომას, საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი სავსებით შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და გარემოებებს, თვით მისი ჩამდენის პიროვნებას, არის სამართლიანი და დასაბუთებული, რის გამოც საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სწორად არის დადგენილი და მათ მიცემული აქვთ სათანადო სამართლებრივი შეფასება, ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონის შესაბამისად. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილ ცვლილებებზე, რომლებითაც შემსუბუქდა სასჯელის მაქსიმალური ზომა ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ისეთი ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, ახალ კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, რის გამოც უნდა შეიცვალოს თ. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, კერძოდ, აღნიშნული ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს შესაბამისად საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, ასევე, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულ თ. ხ-ის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ თ. ხ-ის ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შეიცვალოს და აღნიშნული ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულ თ. ხ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.