შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
780აპ. ქ. თბილისი
12 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 მარტის განაჩენით, გ. ვ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქციით). მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2002 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 11 საათზე, გ. ვ-ძე, მ. ა-სთან, ნ. ნ-სთან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად თავს დაესხა --- თბილისის მიმართულებით მოძრავ ზ. ლ-ის მართვის ქვეშ მყოფ “ფოლკსვაგენ-გოლფის” მარკის სახ. ¹-- მანქანას, რომელშიც იმყოფებოდა აგრეთვე ბ. ლ-ძე. აღნიშნულმა პირებმა ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ზ. და ბ. ლ-ბს მიაყენეს სხეულის მსუბუქი დაზიანება და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 4800 ლარი და 127000 რუსული რუბლი, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
აღნიშნული დანაშაულისათვის გ. ვ-ეს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 16 აპრილიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ვ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ფ-ამ და მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მარნეულის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ გ. ვ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ფ-ვა ითხოვს გ. ვ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ დაზარალებულების ზ. ლ-ის და ბ. ლ-ის ჩვენებებით, ზ. ლ-ის მიერ გ. ვ-ის ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გ. ვ-ის მიერ მასზედ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ გ. ვ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას.
ამასთან საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ვ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:
გ. ვ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე.
სხვა ნაწილში განაჩენი, მათ შორის, მსჯავრდებულ გ. ვ-სათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.