შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 22.02.2007
საქმის ნომერი
2კ-820აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820აპ. 22 თებერვალი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 აპრილის განაჩენით ბ. გ-ას, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 28 სექტემბრიდან.

განაჩენით ბ. გ-ას მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 5 საათზე, ბ. გ-ია იმყოფებოდა თბილისში, ---ის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში. განიზრახა რა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, იგი მივიდა თბილისში, ---ის ქუჩა ¹1-ში მდებარე გ. მ-ის საცხოვრებელ ბინაში, უკანონოდ შეაღწია აღნიშნული ბინის სხვენში, საიდანაც მოიპარა გ. მ-ის კუთვნილი ნივთები, კერძოდ: ერთი ალუმინის სასკოლო ზარი, ერთი ქვაბი, თორმეტი ცალი სხვადასხვა სახის ფერადი ლითონის ნაჭერი. ამის შემდეგ იგი დააკავეს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს თანამშრომლებმა. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა პარკში ჩაწყობილი ზემოაღნიშნული ნაქურდალი ნივთები.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. შ-ამ, რომელმაც აღნიშნა, რომ განაჩენი ბ. გ-ას მიმართ არის აშკარად ლმობიერი, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და ითხოვა ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმება და სასჯელის გამკაცრება 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 აპრილის განაჩენი შეიცვალა კვალიფიკაციის ნაწილში და ბ. გ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა (მოქმედი რედაქცია) და 177-ე მუხლის III ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით ( ძველი რედაქცია).

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელშიც აღნიშნა, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, აშკარად ლმობიერი, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას. სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბ. გ-ია წარსულში არის რამდენჯერმე ნასამართლევი, ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მისთვის შეფარდებული 4 წლით თავისუფლების აღკვეთა არ არის სასჯელის ის ზომა, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა განაჩენის გაუქმება, საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. ბ. გ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია როგორც მის მიერ ბრალის აღიარებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პალატა არ ეთანხმება პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმებისა და სასჯელის გამკაცრების შესახებ, უსაფუძვლობის გამო, რადგან სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის შესახებაც საკასაციო საჩივარშია მითითებული და მსჯავრდებულ ბ. გ-ას განუსაზღვრა კანონის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი.

პალატა თვლის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელი დანიშნულია დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე და ამჟამად ბ. გ-სათვის სასჯელის დამძიმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.

ამავე დროს, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის მაქსიმალური ზომა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. გ-ას დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ბ. გ-ას მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.