შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
964აპ. 4 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. ჯ-ას მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ჯ-ია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
განაჩენით ტ. ჯ-ას მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 17 თებერვალს, ღამის საათებში, ტ. ჯ-ია იმყოფებოდა ქ. თბილისში, ---ის ქუჩაზე, სადაც განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა რომელიმე მოქალაქის ავტომანქანას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ტ. ჯ-ამ იმავე დღეს ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანნაქონი მორგებული გასაღებით გახსნა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად გაიტაცა ზემოაღნიშნულ მისამართზე განთავსებული, მოქალაქე გ. კ-ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა BMჭ-525, სახ. ¹--, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულ გ. კ-ას მიაყენა 4500 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მანვე 2005 წლის 18 თებერვალს, ქ. თბილისში, ---ის ქუჩაზე ყოფნისას, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა აღნიშნული ქუჩის ¹194-ში გაჩერებულ მოქალაქე ნ. ვ-ის მფლობელობაში მყოფ ავტომანქანა „მოსკვიჩის“, სახ. ¹--, სანომრე ნიშნებს. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი იმავე დღეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ხსენებულ სანომრე ნიშნებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულ ნ. ვ-ეს მიაყენა 35 ლარის ზიანი.
2005 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 15.00 საათზე, ტ. ჯ-ია მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული გ. კ-ას კუთვნილი ავტომანქანით, რომელზედაც ეყენა ასევე მის მიერ 2005 წლის 18 თებერვალს ნ. ვ-ის კუთვნილი ავტომანქანა „მოსკვიჩის“ ფარულად დაუფლებული სანომრე ნიშნები, მოძრაობდა ქ. თბილისში, დიღმის მასივში. ---ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანას დაუზიანდა საბურავი. ტ. ჯ-ამ ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება, რის გამოც გადმოვიდა ავტომანქანიდან და ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, რა დროსაც იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან ამოიღეს მორგებული გასაღები და ქანჩი, ასევე ამოღებულ იქნა გ. კ-ას კუთვნილი ავტომანქანა „BMჭ-525“ და ნ. ვ-ის კუთვნილი ავტომანქანის ხსენებული სანომრე ნიშნები.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ. ჯ-ას დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ-ემ, რომელიც ითხოვდა ამ განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივებით, რომ განაჩენი ემყარება საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვებულ არასარწმუნო მტკიცებულებებს; სასამართლო გამოძიებით ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა სწორად დადგენილი; სასამართლომ ეჭვი არ განმარტა განსასჯელის საარგებლოდ, რომელმაც უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დასდო მსჯავრი მას დანაშაულის ჩადენაში.
საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მსჯავრდებულმა ტ. ჯ-ამ აღიარა პირველი ინსტანციის მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა და მისმა დამცველმა ითხოვეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა მხარი არ დაუჭირა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიიჩნია უსაფუძვლოდ, რის გამოც მან იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ტ. ჯ-ას შეუმსუბუქა სასჯელი და საბოლოოდ მას განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე პროკურორმა გ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას ახალი განხილვისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი, ვინაიდან იგი არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და თვით მსჯავრდებულის პიროვნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ტ. ჯ-ას მიმართ და შეამოწმა საკასციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ტ. ჯ-ას მიერ სასამართლოს განაჩენით შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე მისი ლმობიერებისა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების მოტივით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი მოთხოვნა კასატორის მიერ არ არის ჯეროვნად დასაბუთებული, საჩივარში არ არის მითითებული, რომელი კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე აკეთებს იგი დასკვნას სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომის არაადეკვატურობის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს კანონიერი საფუძველი სასჯელის გადასინჯვისათვის, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ტ. ჯ-ას მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) ქურდობის ჩადენისათვის, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2006 წილს 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნულის შესაბამისად უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ ტ. ჯ-ას მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაც მითითებულ ნაწილში, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა. საკასაციო პალატა, განხილული გარემოებების გათვალისწინებით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ტ. ჯ-ას მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის მთაწმინდა–კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ტ. ჯ-ას მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შეიცვალოს და აღნიშნული ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ტ. ჯ-ას მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.