შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 13.04.2007
საქმის ნომერი
2კ-1003აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1003აპ. 13 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-ძე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, სამი წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 63-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით.

განაჩენით გ. კ-ეს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 9 დეკემბერს გ. კ-ემ განიზრახა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. მან, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2005 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 20 საათზე, უკანონოდ შეაღწია სს “---ის” ტერიტორიაზე, სადაც ფარულად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქარხნის ტერიტორიიდან გაიტანა სამი ცალი 4 მეტრი სიგრძის შველერი, ორი ცალი 2 მეტრი სიგრძის რკინის პროფილი, 1 ცალი 40 სმ სიგანისა და სამი მეტრი სიგრძის ლისტი, სამი ცალი 25 სმ სიგანისა და 2 მეტრი სიგრძის რკინის ლისტი, რითაც მან ავტოქარხანას მიაყენა 50 ლარის ზიანი. აღნიშნული ნივთების თავის საცხოვრებელ სახლში გადაზიდვის მიზნით, 2005 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 8 საათზე, გ. კ-ემ ითხოვა მეზობლის _ დ. ს-ის ცხენის საზიდარი, რომლითაც მივიდა ავტოქარხნის ჩრდილოეთ ღობესთან და დაიწყო მოპარული ნივთების აღნიშნულ საზიდარზე დატვირთვა, რა დროსაც იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. კ-ემ, რომელსაც მისთვის დამატებითი სასჯელის დაკისრება მიაჩნდა ზედმეტად მკაცრად მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რის გამოც აპელანტი ითხოვდა დამატებითი სასჯელის _ 2000 ლარის ოდენობით განსაზღვრული ჯარიმის მოხსნას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა და 2006 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელიც, იმავე მოტივით, რაც მას წინათ მითითებული ჰქონდა ამავე საქმეზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში, ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული დამატებითი სასჯელის მოხსნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ის მიერ სასამართლოს განაჩენით მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია წინასწარი გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ დაცვის მხარე არ ხდის და განაჩენის გადასინჯვას ითხოვს მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

კასატორი თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს შემდეგზე: მის სასარგებლოდ არსებობს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ამასთან, მის ოჯახს აქვს მძიმე სოციალური მდგომარეობა, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, რის გამოც მასზე დამატებითი სასჯელის სახით 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება წარმოადგენს ზედმეტ სიმკაცრეს და უსამართლო ღონისძიებას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანი და დასაბუთებელია გამომდინარე შემდეგი გარემოებებიდან: გ. კ-ძე პირველადაა სამართალში, მისი წარსული ხასიათდება დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის ქმედებას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი, ზარალი ფაქტობრივად არ დამდგარა. ამასთან ერთად, მხედველობაშია მისაღები მისი ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობა: ოჯახი შედგება ხუთი სულისაგან, ამათგან, თვითონ გ. კ-ძე მე-2 ჯგუფის ინვალიდია, შვილი უმუშევარია, გ. კ-ის დედა პენსიონერია, ხოლო მამა _ ინვალიდი. ოჯახი იმყოფება ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში და იგი აყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების აღრიცხვაზე. აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალისა და ქუთაისის მთავრობის მართვის ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული ცნობებით, რომლებიც წარმოდგენილია საქმის მასალებში. ასეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს გ. კ-ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, საკასაციო პალატას შესაძლებლად და სამართლიანად მიაჩნია დამატებითი სასჯელისაგან განთავისუფლების თაობაზე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. კ-ის სასიკეთოდ, კერძოდ: აღნიშნული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება 2000 ლარის ოდენობით დამატებითი ჯარიმის დანიშვნის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 აგვისტოს განაჩენში მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ შევიდეს შემდეგი ცვლილება: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება დამატებითი სასჯელის სახით 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნის თაობაზე.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.