დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1148აპ ქ.თბილისი 18 მაისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ჯ. ბ-სა და მსჯავრდებულ შ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მარტის განაჩენით შ. კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 8 თებერვალს შ. კ-ძე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹53-ში მდებარე გ. წ-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც აღნიშნავდნენ „დავითობის” დღესასწაულს. დაახლოებით 17 საათზე სუფრას შეუერთდა ზ. ძ-რი, რომელმაც შ. კ-ეს მიულოცა გატაცებული ავტომანქანის შეძენა. აღნიშნულზე განაწყენებულმა, ნასვამმა შ. კ-ემ ღვინით სავსე დოქი განზრახ ჩაარტყა ზ. ძ-რს თავის არეში, რითიც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ზ. ძ-რი იმავე დღეს მოათავსეს ქ. თბილისის ---ის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც 2004 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა.
აღნიშნული ქმედებისათვის შ. კ-ეს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ დაეკისრა 1 800 ლარის გადახდა. შ. კ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2004 წლის 23 დეკემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ჯ. ბ-მა.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ითხოვა შ. კ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 121-ე მუხლით.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ჯ. ბ-მა ითხოვა შ. კ-სათვის, საქმის მასალებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მკაცრი განაჩენის დადგენა, ასევე _ მისი სამოქალაქო სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მარტის განაჩენი შეიცვალა: შ. კ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივარში დაზარალებულის უფლებამონაცვლე ჯ. ბ-ნი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი უკანონოა, რადგან შ. კ-ის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შესაბამისად, მსჯავრდებულს განესაზღვრა მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი. ამასთან, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა საჩივარი ასევე სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჯ. ბ-ნი მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიების ბოლო ეტაპზე შ. კ-ის ქმედების კვალიფიკაცია შეიცვალა, რის შესახებაც დაზარალებულის უფლებამონაცვლესა და მის ადვოკატს არ აცნობეს.
მსჯავრდებული შ. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მისი ქმედების სსკ-ის 121-ე მუხლით დაკვალიფიცირებასა და ისეთი სასჯელის დანიშვნას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან იმ მოტივით, რომ აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რაც, პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად, სასამართლომ არ გაითვალისწინა. გარდა ამისა, სასამართლომ არ მიუთითა, რატომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო ის მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა შ. კ-ის უდანაშაულობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე გ. წ-მა განმარტა, რომ 2004 წლის 8 თებერვალს თავის სახლში აღნიშნავდა ,,დავითობის" დღესასწაულს და მოწვეული ჰყავდა სტუმრები. გ. წ-ლი სახლიდან გავიდა და უკან დაბრუნებისას შეხვდა ზ. ძ-რი, რომელიც სახლში მიიპატიჟა. როდესაც ზ. ძ-მა შეიტყო, რომ წვეულებას ესწრებოდა შ. კ-ეც, გ. წ-ლს უთხრა: ,,შემოვალ და შოთას ვნახავო". სუფრასთან ზ. ძ-მა სასმისი შეავსო და შ. კ-ეს მიმართა: ,,გილოცავ შენაძენს, ამის შემდეგ ბმვეები და მერსედესები გეყიდოსო". შ. კ-ემ ზ-ს უთხრა _ დამცინი კიდეცო და დოქი ჩაარტყა თავში, რაც, გ. წ-ის აზრით ,,მომაკვდინებელი ჩარტყმა არ იყო". ზ. ძ-რს სისხლი სდიოდა და სახლში წაიყვანეს, მაგრამ მცირე ხანში ზ. მობრუნდა ოჯახის წევრებთან ერთად. იქვე მივიდა ზ-ს ძმა ა-იც, რომელიც შ. კ-ეს ესაუბრა (ტ. 1, ს.ფ. 389-392).
ამავე სასამართლოში მოწმე ა. ძ-მა განმარტა, რომ 2004 წლის 8 თებერვალს იმყოფებოდა სახლში, სადაც მივიდა თავისი ძმა _ ზ. ძ-რი. ამ უკანასკნელს თავზე ეკიდა ხელი და სისხლი სდიოდა, უთხრა _ ვიჩხუბე და დოქი ჩამარტყესო. ა. ძ-რი შ-სთან სასაუბროდ გაემართა და ზ-ც გაჰყვა. ამ დროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანაც მოვიდა და ზ. ძ-რი საავადმყოფოში წაიყვანეს (ტ. 1, ს.ფ. 396).
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ზ. ძ-რს აღენიშნებოდა მარცხენა შუბლ-თხემის საფეთქელის მიდამოს მწვავე სუბდურული ჰემატომა, კომატოზური მდგომარეობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, რაც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს. ამავე დასკვნით ,,ზ. ძ-ის სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან არ მომხდარა გვამის სასამართლო-სამედიცინო წესით გამოკვლევა" (ტ. 1, ს.ფ. 77-80).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული, ზემოაღნიშნული და სხვა მასალებით, მათ შორის მოწმეების _ ზ. ხ-ის, ს. ა-ის, გ. ძ-ის, გ. წ-სა და სხვათა ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ შ. კ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება და მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა.
პალატა არ იზიარებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის მითითებას იმის შესახებ, რომ მას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს არ აცნობეს ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, კერძოდ:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ წინასწარი გამოძიებისას დამთავრებისას დაზარალებულის უფლებამონაცვლესა და მის ადვოკატებს შეატყობინეს გამოძიების დამთავრების შესახებ, რა დროსაც განემარტათ უფლება, გაცნობოდნენ საქმის ყველა მასალას. ჯ. ბ-მა განაცხადა, რომ საქმეს გაეცნობოდა ქსეროასლების მეშვეობით, რაც მას გადაეცა (ტ. 1, ს.ფ. 279; 282-283).
რაც შეეხება სამოქალაქო სარჩელს, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილშიც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში აღნიშნული მოტივები, რასაც ასევე იზიარებს საკასაციო პალატა.
მართალია, გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ჩაწერილია, რომ ,,სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მაქსიმუმის განსაზღვრას და სასჯელის 6 თვით დამძიმებას", მაგრამ მოტივაციის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადგილი აქვს მექანიკურ შეცდომას და უნდა ეწეროს _ ,,მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მაქსიმუმის განსაზღვრას". ამავე სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ სასამართლო არ აკმაყოფილებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივარს განაჩენის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან შ. კ-ეს აქვს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებები და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ამის შესაბამისად არის განსაზღვრული სასჯელიც გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად და, შესაბამისად, დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ჯ. ბ-სა და მსჯავრდებულ შ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენი შ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.