შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1150აპ 16 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის განაჩენით ი. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მასვე დაემატა 2005 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი ნაწილობრივ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის სახით და საბოლოოდ სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად განაჩენთა ერთობლიობის წესით ი. კ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით მას მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: ი. კ-ძე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებული იყო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი. ი. კ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 6 თვე და 22 დღე.
2005 წლის 27 ნოემბერს დაახლოებით 21:30 საათზე ი. კ-ძე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ---სა და ---ს ქუჩების გადაკვეთაზე, რა დროსაც განიზრახა სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი მივიდა ამავე ტერიტორიაზე მყოფ ლ. ო-თან, რომელსაც დანის დემონსტრირებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა მობილური ტელეფონის აპარატი. უარის მიღების შემდეგ ი. კ-ემ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მის ხელთ არსებული დანით, ლ. ო-ლს ფეხის არეში მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მას გასტაცა ,,სონი-ერიქსონი”-ს ფირმის 200 ლარად ღირებული ,,K-50” მოდელის მობილური ტელეფონის აპარატი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მანვე, პირთა ჯგუფთან ერთად, განმეორებით განიზრახა ყაჩაღური თავდასხმის გზით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. ამ მიზნით დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ ორ პიროვნებას და 9მმ კალიბრის საფანტის პისტოლეტებითა და საკეცი დანებით შეიარაღებულნი 2005 წლის 29 ნოემბერს, დააახლოებით 22:30 საათზე, ქ. თბილისში ---ის ქუჩაზე, ---ის ქუჩის ასახვევთან, თავს დაესხნენ იქ მდგომ ე. ჯ-ას, გ. ჯ-ას და პ. კ-რს. პისტოლეტებისა და დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაიტაცეს ე. ჯ-ას კუთვნილი ,,პანასონიკი”-ს ტიპის მობილური ტელეფონი ღირებული - 500 ლარად, ,,ნაიკი”-ს ტიპის ქუდი ღირებული - 18 ლარად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გაქცევის დროს ერთერთმა ბოროტმოქმედმა მათი მიმართულებით ოთხჯერ გაისროლა საფანტის პისტოლეტიდან. ერთი ტყვია მარჯვენა ქვედა ყბის არეში მოხვდა გ. ჯ-ას და მიაყენა მას ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა ი. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა და პროკურორმა მ. წ-მა, რომელმაც მოითხოვა დანიშნული სასჯელის დამძიმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დაკმაყოფილდა მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი და ი. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, რასაც დაემატა 2005 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი ნაწილობრივ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის სახით და საბოლოოდ ი. კ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა ე. ჯ-ას, გ. ჯ-ას და პ. კ-ის დაყაჩაღების ეპიზოდში მსჯავრდებულის გამართლება, ხოლო რ. ო-ის დაყაჩაღების ეპიზოდში ი. კ-ის ქმედების სსკ-ის 178-ე მუხლით დაკვალიფიცირება და სასჯელის შემცირება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოცნობის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ი. კ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულ ი. კ-ის სასიკეთოდ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ასევე ცვლილება უნდა იქნას შეტანილი დანიშნული სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენში მიუთითა, რომ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით ი. კ-სათვის დანიშნულ სასჯელს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაუმატა 2005 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ი. კ-ძე მსჯავრდებული იყო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი. ი. კ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 6 თვე და 22 დღე. ამდენად სააპელაციო სასამართლოს, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, დანიშნული სასჯელის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთისთვის ნაწილობრივ უნდა დაემატებინა სასჯელი არა ერთი წლიდან, არამედ 5 თვიდან და 8 დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთას უნდა დაემატოს 2005 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 3 თვე და საბოლოოდ ი. კ-ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 7 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ი. კ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
ი. კ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.