შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 14.05.2007
საქმის ნომერი
2კ-1157აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1157აპ. 14 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ჯ-ვი, გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 21 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებისა (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, ზ. ჯ-ვს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ჩადენილი არაერთგზის და საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ. ჯ-ვი წარსულში ნასამართლევი იყო სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, რის შემდეგაც მან არაერთგზის კვლავ ჩაიდინა ქურდობა, კერძოდ: ზ. ჯ-მა განიზრახა ქურდობის ჩადენა, რის გამოც 2006 წლის 29 იანვარს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. გორში, ---ის გზატკეცილზე მდებარე “---ის” ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ფარულად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა წყლის სადინარი მილები _ ღირებული 80 ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ფარულად დაუფლებული ნივთები მან მიიტანა და შეინახა ქ. გორში, ---ის გზატკეცილზე, მე-- კილომეტრზე, ¹48-ში მდებარე სათავსში.

ამის შემდეგ ზ. ჯ-მა კვლავ განიზრახა უკანონოდ შეეღწია “-ის” ადმინისტრაციულ შენობაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა იქ არსებულ ქონებას. 2006 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, მან უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ შენობაში, სადაც ფარულად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა: 2 ცალი მანათობელი, ე.წ. პროჟექტორი _ ორივე ღირებული 50 ლარად; რკინისფეხებიანი მაგიდა თავისი ერთი ცალი სკამით _ ორივე ღირებული 50 ლარად; 5 ცალი ხის სკამი _ სულ ღირებული 75 ლარად; ფანჯრის ჩარჩოები, ღირებული 750 ლარად; საწერი მაგიდა, ღირებული 50 ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მან მოპარული ნივთები მიიტანა და შეინახა ქ. გორში, ---ის გზატკეცილზე, მე-- კილომეტრზე, ¹48-ში მდებარე სათავსში.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჯ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ თვითონ არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, თავის კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი და ავადმყოფი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი და, რომელიც არის მარტოხელა დედა, ასევე ზრდის არასრულწლოვან ძმისშვილს, რომლებიც იმყოფებიან ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში.

საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა და მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის მიმართ უცვლელად დატოვა გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ჯ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც იმავე მოტივების საფუძველზე, რაც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში, ითხოვს მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, მსჯავრდებულის პირადი აღიარებით, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ამოღებული ნივთმტკიცებებითა და სხვა უტყუარი მტკიცებულებებით უდავოდ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ზ. ჯ-მა ნამდვილად ჩაიდინა ის ქმედებები, რომლებიც მას ბრალად შეერაცხა სასამართლოს განაჩენით.

რაც შეეხება ზ. ჯ-ის მიმართ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რომელსაც ასაჩივრებს კასატორი, უნდა აღინიშნოს, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათის, ასევე მისი ჩამდენის პიროვნების გათვალისწინებით, იგი არის სამართლიანი, რომელიც წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის ამჟამად მოქმედი კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმს და რომლის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო სწორედ ყველა ის შემამსუბუქებელი გარემოება, რაც მითითებულია საკასაციო საჩივარში. ვინაიდან არ არსებობს აღნიშნული სასჯელის ზომის შეცვლის კანონიერი საფუძველი, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ზ. ჯ-ის მიერ ჩადენილი ქმედების იმ კვალიფიკაციაზე, რომელიც დადგენილია განაჩენში, კერძოდ: აღნიშნული ცვლილებით შემცირდა იმ სასჯელის მაქსიმალური ზომა, რომელიც 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი კანონით იყო გათვალისწინებული ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულის გამო ზ. ჯ-ის ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ზ. ჯ-ვის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.