დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.06.2007
საქმის ნომერი
2კ-1231აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1231აპ ქ. თბილისი

8 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ლ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს განაჩენით თ. ლ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თ. ლ-ძე 2004 წლის 16 ივლისს გაასამართლა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის ვადით.

მიუხედავად აღნიშნულისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და, იმყოფებოდა რა პირობითი მსჯავრის პირობებში, კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ:

2005 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 4 საათზე, თ. ლ-ძე მივიდა ქ. ახალციხეში, ---ის ქ. ¹1-ში მდებარე ავ. გ-ის კუთვნილ მაღაზია „---თან” და უკანა მხარეს არსებული ფანჯრიდან შეღწევით მაღაზიიდან მოიპარა ოთხი ბოთლი ლიქიორი, საერთო ღირებულებით 15 ლარი. იმ დროს, როდესაც ცდილობდა აღნიშნული ფანჯრის ცხაურის გამოგლეჯვას ხის ძელაკისა და რკინის ლომის საშუალებით, შეამჩნიეს მოქალაქეებმა და პოლიციის თანამშრომლებმა, მაგრამ თ. ლ-ძე გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და მიიმალა.

აღნიშნული ქმედებისათვის თ. ლ-ეს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა მის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე თ. ლ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. ლ-ემ და მისმა ადვოკატებმა _ კ. მ-მა და ო. კ-მა. მათ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. ლ-ის გამართლება.

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. ჩ-მა შესაგებლით ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: თ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და თ. ლ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 21 აგვისტოდან.

კასატორები _ მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. კ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან არ ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ვინაიდან მასში დაფიქსირებული დამსწრეები, დაცვის მხარის აზრით, ბუნებაში საერთოდ არ არსებობენ; ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ, მიუხედავად არაერთი შუამდგომლობისა, მათი დაკითხვა არ მომხდარა არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიების დროს; მოწმე პოლიციელთა ჩვენებები ტენდენციურია, რადგან ისინი დაინტერესებულნი იყვნენ თ. ლ-ის პატიმრობაში ყოფნით; თავად დაზარალებულმა და მოწმის სახით დაკითხულმა მეზობლებმა სიბნელის გამო ვერ დაინახეს და ვერ ამოიცნეს იმ პიროვნების სახე, ვინც ცდილობდა მაღაზიის გაქურდვას; მათთვის ადვილი იქნებოდა თ. ლ-ის ამოცნობა, რადგან ისინი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ; ბრალდება მსჯავრდებულს ედავება 4 ბოთლი ლიქიორის ქურდობაში, მაშინ, როდესაც დაზარალებული აცხადებს, რომ მაღაზიაში არაფერი აკლია და მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არა აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ თ. ლ-ის გამართლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ თ. ლ-ეს ქურდობის მცდელობა არ ჩაუდენია და უდანაშაულოა, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიგანყოფილების ---მა გ. მ-მა განმარტა, რომ ა. ჯ-სა და თ. ა-თან ერთად იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში და იმყოფებოდა ქ. ახალციხეში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოესმა მტვრევის ხმა და აცნობეს კიდეც, რომ მაღაზიას ქურდავდნენ. თანმხლებ თანამშრომლებთან ერთად მიუახლოვდა მაღაზიას და დაინახა, რომ თ. ლ-ეს რაღაც საგანი ეჭირა, გისოსები გაწეული ჰქონდა და ცდილობდა მაღაზიაში შეღწევას. ამ დროს მოისმა ყვირილი: ,,რას შვრებიო" და თ. ლ-ძე გაიქცა მდინარის მიმართულებით. გ. მ-მა ასევე მიუთითა, რომ თ. ლ-ეს კარგად იცნობს და იგი დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილიდან დაინახა. ამასთან, ის ადგილი, საიდანაც მსჯავრდებული მაღაზიაში შეღწევას ცდილობდა, განათებული იყო (ს.ფ. 268-269).

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა _ თ. ა-მა და ა. ჯ-ემ (ს.ფ. 270-274).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარდა აღნიშნულისა, თ. ლ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული დაზარალებულ ა. გ-სა და მოწმე ო. გ-ის ჩვენებებითაც. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია და ეყრდნობა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო თ. ლ-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული. მსჯავრდებულს დანიშნული აქვს მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი სასჯელი, ამიტომ გასაჩივრებული განაჩენი სამართლიანიცაა და თ. ლ-ის ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საქმეში არსებული ოქმის შესაბამისად, თ. ლ-ძე დააკავეს 2005 წლის 30 ივნისს (ს.ფ. 17; 47). შინაგან საქმეთა სამინიტროს ახალციხის რაიონული განყოფილების გამომძიბელის 2005 წლის 2 ივლისის დადგენილებით გაუქმდა დადგენილება თ. ლ-ის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ და იგი გათავისუფლდა დაკავების ადგილიდან (ს.ფ. 64). 2005 წლის 22 სექტემბერს, 13 საათსა და 31 წუთზე თ. ლ-ძე დააკავეს ბრალდებულის სახით. იმავე დღეს, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებით, თ. ლ-ძე გათავისუფლდა დაკავების ადგილიდან. ამასთან, ამ დადგენილებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა დროს გათავისუფლდა თ. ლ-ძე (ს.ფ. 126-130). ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005 წლის 23 სექტემბრის ბრძანებით, თ. ლ-ეს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა (ს.ფ. 143). ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს განაჩენით, თ. ლ-ის მიმართ გაუქმდა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და იგი იმავე დღეს დააკავეს (ს.ფ. 303; 309).

ამდენად, თ. ლ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკავების დრო _ 2005 წლის 30 ივნისიდან იმავე წლის 2 ივლისამდე და 2005 წლის 22 სექტემბერს _ 4 დღე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ლ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: მსჯავრდებულ თ. ლ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკავების დრო _ 2005 წლის 30 ივნისიდან იმავე წლის 2 ივლისამდე და 2005 წლის 22 სექტემბერს _ 4 (ოთხი) დღე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.