დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.03.2007
საქმის ნომერი
2კ-1295აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1295აპ ქ. თბილისი

14 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ ნ. ნ-ის,ადვოკატ _ მ. დ-ის,მსჯავრდებულ _ მ. დ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც მ. დ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 აგვიტოს განაჩენით მ. დ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 9 მარტს მ. დ-ლი იმყოფებოდა ყაზბეგის რაიონის ---ში. დაახლოებით 15 საათზე იგი შევიდა სათხილამურო ტრასის საბაგირო გზის გაჩერებასთან მდებარე კაფეში, სადაც ასევე იყო ---ის მოქალაქე, ქ. ---ში მცხოვრები გ. ხ-ვი. კაფეში ყოფნისას გ. ხ-მა მოიხსნა კუთვნილი ზურგჩანთა პირადი ნივთებით, დადო სკამზე და გავიდა საპირფარეშოში. მ. დ-მა ისარგებლა რა მისი არყოფნით, დაეუფლა გ. ხ-ის კუთვნილ ზურგჩანთას, გავიდა კაფედან და საბაგირო გზით დაეშვა ---ის მიმართულებით. როდესაც იგი ცდილობდა მიმალვას, დააკავეს თავად დაზარალებულმა და ყაზბეგის შინაგან საქმეთა ---ის მუშაკებმა. დაკავებისას მ. დ-ლს თან აღმოაჩნდა გ. ხ-ის კუთვნილი ნივთები: 50 აშშ დოლარად ღირებული ზურგჩანთა, 500 აშშ დოლარად ღირებული იაპონური წარმოების ციფრული ფოტოაპარატი „---ა”, 8 აშშ დოლარად ღირებული პირსახოცი და 5 აშშ დოლარად ღირებული დასაკეცი დანა. სულ მ. დ-მა დაზარალებულ გ. ხ-ვს მიაყენა 563 აშშ დოლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული დანაშაულისათვის მ. დ-ლს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 1 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. დ-ემ. მან ითხოვა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 აგვისტოს განაჩენში, დანიშნული სასჯელის მოხდის წესის ნაწილში, ცვლილების შეტანა, კერძოდ, სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით მ. დ-სათვის დანიშნული სასჯელის _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილის პირობითი მსჯავრით შეცვლა, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამასთან, დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მ. დ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით.

კასატორი _ მსჯავრდებულის ადვოკატი მ. დ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი მ. დ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მ. დ-მა დანაშაული ჩაიდინა 2006 წლის 9 მარტს, ამიტომ ბრალდება წარედგინა იმ დროს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე ვადით; დუშეთის რაიონულმა სასამართლომ მ. დ-ლი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქციით), რომელიც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; სასამართლომ ეს კანონი გამოიყენა იმ მოტივით, რომ, თითქოს მან შეამსუბუქა სასჯელი და სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მას უნდა მისცემოდა უკუძალა; სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც რაიონულმა, მირიან დვალის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის წესის განსაზღვრისას შეფასების გარეშე დატოვა და არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები _ მ. დ-მა ნებაყოფლობით სრულად აუნაზღაურა დაზარალებულს მიყენებული ზიანი და ამ უკანასკნელს არ მოუთხოვია მისი მკაცრად დასჯა; მ. დ-ლს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემობები; სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში დასმულ საკითხზე _ თუ რამდენად სწორად გამოიყენა რაიონულმა სასამართლომ კანონი მ. დ-სათვის სასჯელის განსაზღვრის დროს, რადგან ახალი კანონის შესაბამისი მუხლი სასჯელის სახედ აღარ ითვალისწინებს არასაპატიმრო ღონისძიებას _ ჯარიმას, ხოლო თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა დამძიმებულია 2-დან 3 წლამდე; ასევე არ გაითვალისწინა არც ერთი ინსტანციის სასამართლომ ის, რომ მ. დ-ლი არის ახალგაზრდა; წარსული არაფრით აქვს შებღალული; არ არის ნასამართლევი; შემჩნეული არ ყოფილა რაიმე სახის სამართალდარღვევაში ან სხვა სახის გადაცდომაში; აღიარა და მოინანია დანაშაული; გულწრფელად აღიარა, რომ დაუშვა საბედისწერო შეცდომა და აღარ ჩაიდენს ახალ დანაშაულს; სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში; ხასიათდება დადებითად; გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; ცხოვრობს მშობლებთან; დაზარალებულს მაშინვე დაუბრუნა მოპარული ნივთები; ფიზიკური ან მორალური ზიანი დაზარალებულს არ განუცდია, რადგან მას დაბრკოლება არ შექმნია დაბა გუდაურში დასვენების გაგრძელებაში, ვადაზე ადრე არ შეუწყვეტია ტურისტული ვიზიტი და მომავალ ვიზიტებზეც არ უთქვამს უარი; მ. დ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიას; ზემოჩამოთვლილი გარემოებები ყველა პირობას ქმნიდა იმისათვის, რომ მ. დ-სათვის განესაზღვრათ პირობითი სასჯელი სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.

ადვოკატის აზრით, მ. დ-ის დანაშაულის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისას სასამართლომ დაამძიმა მსჯავრდებულის მდგომარეობა, რადგანაც 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებდა ჯარიმასაც და თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა იყო 2 წელი; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი არასაპატიმრო ღონისძიებას საერთოდ არ ითვალისწინებს, მინიმალური ზღვარი გაზრდილია 3 წლამდე, ხოლო მაქსიმალური ზომის 1 წლით შემცირება არ შეიძლებოდა, მიჩნეულიყო მ. დ-ის მიმართ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად და ამ მოტივით მისცემოდა კანონს უკუქცევითი ძალა, რადგან მ. დ-ის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს ვერ დაენიშნებოდა სასჯელის მაქსიმალური ზომა _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; პირიქით, რომ არაფერი ითქვას არასაპატიმრო ღონისძიების _ ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობაზე, მ. დ-ლს არ შეიძლებოდა, დანიშვნოდა სასჯელის მინიმალურ ზომაზე _ 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე მეტი; ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რითიც შექმნეს განაჩენის შეცვლის საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის „ბ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატის აზრით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განაჩენი მირიან დვალის მიმართ უნდა შეცვალოს, ცნოს იგი დამნაშავედ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განუსაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მთლიანად ჩაუთვალოს პირობით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ადვოკატს მიაჩნია, რომ მ. დ-ის შემდგომი პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი არ არის სსკ-ის 39-ე მუხლში გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მისაღწევად; სრულიად საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს მის მიერ პატიმრობაში გატარებული დრო; იმ შემთხვევაში, თუ პალატა მიიჩნევს, რომ მას მსჯავრი უნდა დაედოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და შეუფარდებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, დაცვას მიაჩნია, რომ ამ სასჯელის ნახევარი მ. დ-მა უნდა მოიხადოს პატიმრობაში, ხოლო მეორე ნახევარი ჩაეთვალოს პირობით, გამოსაცდელი ვადის დანიშვნით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

მსჯავრდებული მ. დ-ლი საკასაციო საჩივრით ეთანხმება თავისი ადვოკატის მოთხოვნას, აღნიშნავს, რომ არასოდეს ჰქონია მიდრეკილება დანაშაულებრივი ქმედებისაკენ, დანაშაული ჩაიდინა მისთვის აუხსნელი უეცარი გადაწყვეტილებით, რასაც განიცდის და ინანიებს; პატიმრობაში გატარებულმა დრომ და პირობებმა დაარწმუნა, რომ ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასია თავისუფლება, რისთვისაც აუცილებელია წესიერი ცხოვრება და კანონთა დაცვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული მ. დ-ლი ითხოვს მის მსჯავრდებას საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, მისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და აღნიშნულის პირობითად ჩათვლას ან სასჯელის ნაწილის _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთის _ პატიმრობაში მოხდას, ხოლო მეორე ნაწილის _ პირობითი მსჯავრით შეცვლას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. დ-ემ იშუამდგომლა მსჯავრდებულ მ. დ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითYდა სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. მანვე მოითხოვა, რომ მსჯავრდებულს ეკმაროს პატიმრობაში გატარებული დრო და განთავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან, ხოლო სასჯელის დარჩენილი დრო ჩაეთვალოს პირობით, გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.

ადვოკატ მ. დ-ის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მ. დ-მა და მოითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

პროკურორმა ნ. ნ-ემ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ მ. დ-მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის _ ამოღების ოქმი, დაზარალებულ გ. ხ-სა და თავად მსჯავრდებულ მ. დ-ის ჩვენებები.

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის შესაბამისი მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელად განსაზღვრული იყო 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი სისხლის სამართლის კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი. ამასთან, შეიცვალა დანაშაულის კატეგორია. ამდენად, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ახალ სისხლის სამართლის კანონს აქვს უკუძალა და მ. დ-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული.

მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით პალატა მხედველობაში იღებს, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სათანადოდ გამოიკვლიეს მ. დ-ის პიროვნების მახასიათებელი მონაცემები, გაითვალისწინეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეც და ის გარემოებებიც, რაზეც აპელირებენ კასატორები. ამასთან, მსჯავრდებულს სასჯელი განესაზღვრა იმ დროს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, რაც ასევე მეტყველებს დანიშნული სასჯელის ზომიერებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენი მ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.