გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3გ-ად-208-კ-02 27 ნოემბერი, 2002 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინიტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),ნ. კლარჯეიშვილი,ბ. კობერიძე
დავის საგანი: მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურება.
აწერილობითი ნაწილი:
ო. ლ.-ე მუშაობდა ...-ის სატყეო მეურნეობაში ხის მჭრელად. 2001წ. 1 მაისს ხე-ტყის დამამზადებელ ბრიგადასა და ...-ის სატყეო მეურნეობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დამამზადებელ ბრიგადას ჩაბარდა ტყეკაფი, სადაც აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დამზადებულიყო 800 კუბური მეტრი ხე-ტყე. დამზადების ბრიგადას დამზადებულ და გამოტანილ ყოველ კუბურ მეტრ ხე-ტყეში აუნაზღაურდებოდა 28 ლარი თანხა. ხე-ტყის დამზადება დაიწყო მაისის თვეში. 2001წ. 21 ივნისს, მერისის სატყეო უბანში მუშაობის დროს, ო. ლ.-მ უბედური შემთხვევის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
2001წ. 13 დეკემბერს ო. ლ.-ის მეუღლემ – გ. ლ.-მ სარჩელი აღძრა რაიონულ სასამართლოში და ...-ის სატყეო მეურნეობისაგან მოითხოვა მისი მეუღლის შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება ერთდროული დახმარების სახით 10 წლის სამსახურეობრივი სარგო _ 38400 ლარის ოდენობით, ხოლო მასზე და მის 2 შვილზე, ს. და ი. ლ.-ებზე, ყოველთვიური სარჩოს _ 80 ლარის გადახდა. ასევე მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაუროება 20 ათასი ლარის ოდენობით.
მოსარჩელე დაეყრდნო “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებას და აღნიშნა, რომ სარჩოს სიდიდის განსაზღვრა უნდა მოხდეს სრულად ნამუშევარი ბოლო სამი თვის ფაქტობრივი ხელფასიდან. ვინაიდან ო. ლ.-ს სატყეო მეურნეობაში ნამუშევარი ჰქონდა მხოლოდ მაისის თვეში 18 დღე და გამომუშავებული თანხა შეადგენდა 240 ლარს, ეს სიდიდე ტოლი იქნება (240:18X24) 320 ლარისა. დაღუპულის კმაყოფაზე მყოფ პირებს უნდა დაენიშნოთ (320:4) 80 ლარი ყოველთვიური სარჩო 2001წ. 21 ივნისიდან, გარდა ამისა ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურეობრივი სარგოს ოდენობით სულ 38400 ლარი. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ მოხსნა სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და უარი განაცხადა თანხების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ ...-ის სატყეო მეურნეობა საბიუჯეტო ორგანიზაციაა და არ გააჩნია ამ დანიშნულებით გასაცემი სათანადო თანხები.
ქედის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე გ. ლ.-ის სარჩელი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ...-ის რაიონის სატყეო მეურნეობამ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ...-ის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ...-ის სატყეო მეურნეობას გარდაცვლილი ო. ლ.-ის კმაყოფაზე მყოფი პირების გულნაზ, ი. და ს. ლ.-ების სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა თითოეულს თვეში 60 ლარის ოდენობით, ხოლო ერთდროული დახმარების, გარდაცვლილის 10 წლის სამსახურებრივი სარგოს სახით დაეკისრა 2880 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 36-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა რაიონული სასამართლოს მიერ თანხების გაანგარიშება და აპელანტზე დაკისრება. კერძოდ, 36-ე მუხლის მიხედვით გაანგარიგება უნდა მოხდეს გარდაცვლილის სპეციალობის მიხედვით ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო 3 თვის სრულად ნამუშევარი, ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან. ლ.-ე იყო სეზონური ხისმჭრელი. იგი დაინიშნა 2001 წელს და გამომუშავება ჰქონდა მხოლოდ მაისის თვეში. მას ფაქტობრივად სამი თვე არ უმუშავია. ამიტომ სატყეო მეურნეობაზე დასაკისრებელი სარჩოს გამოანგარიშება უნდა მოხდეს 36-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით. მეურნეობაში მუშაკის მინიმალური ხელფასი შეადგენს 24 ლარს ე.ი. კმაყოფაზე მყოფ პირებს სარჩო უნდა განესაზღვროთ 24 ლარის ათმაგი ოდენობით, რაც შეადგენს 240 ლარს (24X10=240 ლ), ხოლო ზიანის ანაზღაურებისას თითოეული პირისათვის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება სარჩოს გაყოფით გარდაცვლილის ჩათვლით ყველა იმ პირთა რაოდენობაზე, ვისაც ეკუთვნის ზიანის ანაზღაურება, ანუ 240:4=60 ლარს. ე.ი. გ. ლ.-ს და მის ქალიშვილებს ზიანის ანაზღაურებისათვის ყოველთვიურ სარჩო განესაზღვრათ თვეში 60 ლარის ოდენობით.
პრეზიდენტის ბრძანებულების 39-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ასევე მიეცა ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურეობრივი სარგოს ოდენობით. 24X12 = 288; 288X10 = 2880 ლ. რის შესაბამისადაც ...-ის სატყეო მეურნეობას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარება 2880 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ.-მ, შემდეგი მოტივით მოითხოვა მისი გაუქმება და ქედის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება:
კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა შემოწმებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, ვინაიდან დარღვეული იყო საჩივრის შეტანის ვადა. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას მოპასუხეს არ წამოუყენებია პრეტენზია მოსარჩელის მიერ გაანგარიშებულ ზარალის ანაზღაურების სიდიდეზე. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული კანონი. კერძოდ, მარჩენალის დაკარგვის გამო ერთჯერადი დახმარებისა და ყოველთვიური სარჩოს დასანიშნი თანხის სიდიდის გაანგარიშგებისათვის სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 36-ე მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 36-ე მუხლის მეორე ნაწილი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების დადგომისას ზიანის მიმყენებელ ორგანიზაციაში რაიმე მიზეზით აღარ არსებობს დაზარალებულის პროფესია. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების 36-ე მუხლში მითითებული “ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასი” სულ სხვა სიდიდეა, ვიდრე სამი თვის საშუალო ხელფასი.
მოწინააღმდეგე მხარის _ აჭარის ა/რ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ...-ის სატყეო მეურნეობის წარმომადგენელი, მიუხედავად სასამართლოს მიერ არაერთი გამოძახებისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა ავადმყოფობის საბაბით, რის გამოც კასატორ გ. ლ.-ის წარმომადგენლის ნ. დ.-ის თანხმობით, საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. უსაფუძვლობის გამო საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს სსკ-ს 369-ე, 374-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლების დარღვევით, დაუშვებელი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და დაკმაყოფილების შესახებ. სახელდობრ, კასატორის მითითებით ქედის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტი _ აჭარის ა/რ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ...-ის სატყეო მეურნეობა, რომელმაც სააპელაციო საჩივარი 2002წ. 27 მარტს შეიტანა. კასატორის აზრით, სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გადაცილებით შეტანილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატას წარმოებაში არ უნდა მიეღო, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება რადგან:
ა) ქედის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის ოქმში არ არის მითითებული, რომ მოსამართლემ გამოაქვეყნა დასაბუთებული გადაწყვეტილება, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება უმართებულოა და გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა გადაწყვეტლების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან არ აითვლება;
ბ) ქედის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სრულყოფილად არ არის განმარტებული სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, წესი და ვადები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამიტომ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა ერთი წელი;
გ) ქედის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილება აპელანტს _ ...-ის სატყეო მეურნეობას ხელზე პირადად არ ჩაბარებია, არამედ გაეგზავნა 2002წ. 28 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2002წ. 27 მარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში, ამიტომ სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობაზე მითითება დაუსაბუთებულია და სააპელაციო პალატამ მოქმედი ადმინისტრაციული-სამოქალაქო საპროცესო ნორმების მართებული გამოყენებით, სწორად მიიღო წარმოებაში ...-ის სატყეო მეურნეობის სააპელაციო საჩივარი.
2. უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹48 ბრძანებულების არასწორი გამოყენება- განმარტების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: გარდაცვლილი ო. ლ.-ე იყო აჭარის ა/რ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ...-ის სატყეო მეურნეობის სეზონური მუშა, ხისმჭრელი და 2001წ. 21 ივნისს უბედური შემთხვევის შედეგად (ხის დაცემა) გარდაიცვალა. ...-ის სატყეო მეურნეობის 2001წ. 5 ივლისის ცნობის მიხედვით, გარდაცვლილ ო. ლ.-ს, როგორც სეზონურ მუშას, მუდმივი, სტაბილური ხელფასი არ ჰქონია, 2000 წელს იმუშავა მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო 2001 წელს მაისის თვეში იმუშავა მხოლოდ 18 დღე, რომლის გამომუშავებამ შეადგინა 240 ლარი. ...-ის სატყეო მეურნეობის 2002წ. 30 აპრილის ცნობის მიხედვით, ხის მჭრელის პროფესია (თანამდებობა) ამჟამად არ აქვთ, ხოლო მეურნეობაში მუშაკის მინიმალური ხელფასი შეადგენს 24 ლარს.
“შრომის მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹48 ბრძანებულების 36-ე მუხლის მიხედვით იმპერატიულად დადგენილია: “მარჩენალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირებს ზიანი აუნაზღაურდებათ ყოველთვიური სარჩოს გადახდით, გარდაცვლილის იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან”. განსახილველ შემთხვევაში გარდაცვლილი ო.ლ.-ე იყო რა სეზონური მუშა, 2001წ. მაისის თვეში ნამუშევარი ჰქონდა მხოლოდ 18 დღე და 3 თვე სრულად არ უმუშავია, ამასთან დღეისათვის მეურნეობაში ხისმჭრელის თანამდებობა აღარ არსებობს, ამიტომ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას ყოველთვიური სარჩოს “ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან” დაანგარიშების შესახებ, როგორც ზემოაღნიშნული ბრძანებულების 36-ე მუხლის პირველ აბზაცშია მითითებული და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ყოველთვიური სარჩოს განსაზღვრისას მართებულად იხელმძღვანელა ამავე მუხლის მე-2 აბზაცით: “თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს აღნიშნული იმავე ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს სარჩო განესაზღვრებათ ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობიდან.” რადგან ...-ის სატყეო მეურნეობაში მუშაკის მინიმალური ხელფასი 24 ლარს შეადგენს, საკასაციო პალატის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების 36-ე მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად, კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილ ო. ლ.-ის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის (მეუღლე, ორი ქალიშვილი) ყოველთვიური სარჩოს სახით თითოეულისათვის 60 ლარის განსაზღვრის შესახებ ვინაიდან, “ზიანის ანაზღაურებისას თითოეული პირისათვის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება სარჩოს გაყოფით გარდაცვლილის ჩათვლით ყველა იმ პირის რაოდენობაზე, ვისაც ეკუთვნის ზიანის ანაზღაურება”. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ო.ლ.-ის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის სარჩოს განსაზღვრისას სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების 36-ე მუხლის მე-2 აბზაცით და სარჩოს საერთო თანხა განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 240 ლარს (24 ლარი _ მინიმალური ხელფასი X 10), ხოლო კასატორ გ.ლ.-სა და მის ქალიშვილებს ზიანის ანაზღაურებისათვის ყოველთვიურად უნდა დაენიშნოთ თვეში 60 ლარი (240ლ : 4 = 60 ლარი).
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ასევე არ იზიარებს საკასაციო საჩივარს სააპელაციო პალატის მიერ პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების 39-ე მუხლის უსწორად გამოყენება-განმარტების თაობაზე. აღნიშნული მუხლის მიხედვით: “შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურებრივი სარგოს ოდენობით”. ვინაიდან გარდაცვლილი ო. ლ.-ე იყო სეზონური მუშა, 2000 წელს ჰქონდა ნამუშევარი მხოლოდ ორ თვეში სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო 2001 წელს მხოლოდ მაისში, ამასთან ხისმჭრელის პროფესია ...-ის სატყეო მეურნეობაში რადგან აღარ არსებობს და მეურნეობის მუშაკის მინიმალური ხელფასი 24 ლარს შეადგენს, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ ერთჯერადი დახმარების სახით სატყეო მეურნეობას სწორად დააკისრა 2880 ლარი (24ლ X 12თვე X 10წელი) და კასატორის მოთხოვნა 40629,60 ლარის ერთდროული დახმარების ანაზღაურების შესახებ აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელია.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, გ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილებაზე, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მართებული გამოყენება-განმარტებითა და საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით, 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება;
3. გ. ლ.-ე გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.