შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ 194აპ ქ. თბილისი
10 მაისი2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ ნ. ნ-ის,ადვოკატ _ ი. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 ივნისის განაჩენით ნ. ა-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და დამზადება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ. ა-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც შემდგომ გადააკეთა პისტოლეტად 9მმ კალიბრიანი ვაზნების გასასროლად, ერთი მჭიდითა და სამი ვაზნით და შეინახა ქურთუკის ქვეშ.
2006 წლის 11 იანვარს ნ. ა-მა აღნიშნული პისტოლეტი ჩაიდო შარვლის საქამრეში, ქურთუკის ქვეშ, გავიდა ქუჩაში და ფეხით მოძრაობდა თბილისში, ---ში, მე-- კვარტლის „ვ” კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი შეამჩნიეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, რომლებმაც შენიშნეს, რომ მას ჰქონდა იარაღი. იმავე დღეს, 16 საათსა და 20 წუთზე, ნ. ა-ნი დააკავეს თბილისში, ზემოაღნიშნული კორპუსის მე-2 სადარბაზოს წინ, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ჩამოართვეს ქურთუკის შიგნით, შარვლის საქამრეში, მარჯვენა მხარეს ჩადებული ცეცხლსასროლი იარაღი, 9 მმ კალიბრიანი თვითნაკეთი, შავი ფერის უნომრო პისტოლეტი და საბრძოლო მასალა _ 3 ცალი 9 მმ კალიბრიანი ვაზნა, განკუთვნილი „მაკაროვისა” და „სტეჩკინის” სისტემის ავტომატური პისტოლეტისათვის, რასაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
აღნიშნული დანაშაულისათვის ნ. ა-ნს მიესაჯა: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ხოლო დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით, ნ. ა-ნს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 11 იანვრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მა. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ. ალოიანის გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 ივნისის განაჩენი.
კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ს-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ნ. ა-ის მიმართ უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და არასრულად; არ აღმოფხვრილა წინააღმდეგობები მტკიცებულებათა შორის, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დასკვნებს, ეს კი, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლისა, განაჩენის გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ე. ს-ძე ითხოვს ნ. ა-ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის.
გარდა ამისა, პალატის სახელზე წარმოდგენილია ნ. ა-ის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ მას სადარბაზოსთან დახვდნენ უცნობი პირები და მოსთხოვეს ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ ოჯახის დარბევით. მათ დაუსახელეს მეუღლისა და შვილის სახელები, ბინის მისამართი და დაემუქრნენ ოჯახის აფეთქებით, თუ პოლიციას მიმართავდა. ორი დღის შემდეგ, მის მეუღლეს გადასცეს მუქარის წერილი იგივე მოთხოვნებით. ამის შემდეგ მან ე.წ. „---ის ბაზარში“ გაიცნო სამხედრო პირი წოდებით „კაპიტანი“, რომელსაც უამბო თავისი გასაჭირის შესახებ. სამხედრო პირმა სახელად გ. თავდაცვის მიზნით შესთავაზა იარაღის შეძენა და მისცა მობილური ტელეფონის ნომერი. ნ. ა-მა რჩევა გაიზიარა, დაურეკა გ-ის, რომელმაც უთხრა, რომ მეგობარს გასაყიდად ჰქონდა „მაკაროვის“ ვაზნებზე, პისტოლეტად გადაკეთებული ავტომატი. ეს იარაღი ნ. ა-მა შეიძინა, მაგრამ სახლში დაბრუნებისას დააკავეს პოლიციელებმა. მსჯავრდებული მიუთითებს, რომ ადვოკატების რჩევით დამალა სიმართლე, მაგრამ ამჯერად გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს პატიებას და აღნიშნავს, რომ გამოუცდელობისა და შიშის, აგრეთვე ოჯახის წევრთა დაცვის სურვილით ჩაიდინა დანაშაული და ითხოვს, მიეცეს საშუალება, რათა დროულად დაუბრუნდეს მეუღლეს და შვიდი წლის შვილს.
საკასაციო პალატის სხდომაზე ნ. ა-ის ადვოკატმა ი. გ-ემ, მსჯავრდებულის თანხმობით დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში საქმის შეწყვეტის შესახებ იმ მოტივით, რომ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას არ მოპოვებულა თუნდაც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ. ა-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დამზადებას. ამასთან, მსჯავრდებულმა აღიარა, რომ იარაღი შეიძინა თავისი ოჯახის დასაცავად, იგი მიჰქონდა შესანახად და მისი ტარების განზრახვა არ ამოძრავებდა. ადვოკატმა ასევე მოითხოვა ნ. ა-სათვის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის დანიშვნა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ. ნ-ემ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და რომ სააპელაციო პალატამ, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, სწორად მიიჩნია დადგენილად ნ. ა-ის მიერ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეების _ ა. ნ-ის, ლ. ჯ-ის, ნ. ჭ-სა და გ. გ-ის ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ნ. ა-ა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედება და ამ ქმედებისათვის მსჯავრდებულს დანიშნული აქვს მისი პიროვნებისა და ჩადენილის სიმძიმის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელი.
ამასთან, ნ. ა-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში, ვინაიდან საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა თავისივე დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, განაჩენი დასაბუთებულია თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი და იგი დგინდება მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, რაც ნ. ა-სათვის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში არ არის მოპოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში ნ. ა-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
ნ. ა-ნს საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.