შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
227აპ 19 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ მ. მ-ის
ადვოკატ _ ე. ბ-ის
მსჯავრდებულ _ გ. ლ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ის დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ლ-ლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის (2005 წლის 16 დეკემბრის რედაქცია) გამოყენებით, 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; აგრეთვე _ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
იმავე განაჩენით გ. ლ-ლი გამართლდა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენის მიხედვით, გ. ლ-ლს მსჯავრი დაედო არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის, რაც მან ჩაიდინა აღნიშნული იარაღის მისაკუთრების მიზნით, აგრეთვე _ პირადი მოტივით დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 22 მაისს გ. ლ-ლი გათავისუფლდა თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამძებროს ქვეგანყოფილების ---ი გამომძიებლის თანამდებობიდან და აყვანილ იქნა თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს კადრების განკარგულებაში. 2005 წლის 20 ივნისს იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით, მივიდა აღნიშნული სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც თავი წარადგინა როგორც თბილისის ---ს შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა და მოითხოვა აღნიშნული რაიონის საგამოძიებო სამსახურის სახელზე იქ არსებული ექსპერტიზის ¹--\--, ¹--\--, ¹--\--, ¹--\--, ¹--\--, ¹--\--, ¹--\--, ¹--\--, ¹--\--, ¹--\--, ¹--\-- დასკვნები. მათი მიღების შემდეგ მან დასკვნის ასლებს მოაწერა ხელი მ. მ-ის გვარით. შემდეგ იგი მივიდა ---ტ კ. რ-სთან, წარუდგინა მას ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და ჩაიბარა მისგან ნივთმტკიცება _ “სტეჩკინის” სისტემის, უნომრო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდით, 30 ვაზნით და ექსპერტთან არსებულ ჟურნალში ნივთმტკიცების მიღება-ჩაბარებაზე მოაწერა ხელი კვლავ მ. მ-ის გვარით.
მანვე 2005 წლის 23 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით, კვლავ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კანცელარიას, საიდანაც მოტყუებით, მ. მ-ის გამოგონილი გვარით, კვლავ მიიღო თბილისის ---ს შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო სამსახურზე რიცხული ბალისტიკური ექსპერტიზის --\-- და --\-- დასკვნები, რისი გამოყენებითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა “მაკაროვის” სისტემის ¹-- ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც პირადი მოტივით, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა მასში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ გ. ლ-ლს მოხსნოდა ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ბრალდება და მისი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე: 2005 წლის 23 ივნისს გ. ლ-ლს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოდან არ წაუღია “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. მან მისთვის ბრალად შერაცხული ორივე იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მოახდინა 2005 წლის 20 ივნისს. 23 ივნისს აღნიშნული სამსახურის საშვთა ბიუროში მისი გვარის დაფიქსირება კი იმით აიხსნება, რომ ამ დროს გ. ლ-ლი იქ იმყოფებოდა ხელფასის საკითხის გარკვევის მიზნით. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური სამმართველოდან ამოღებულ დოკუმენტზე 23 ივნისის თარიღით შესრულებულ მინაწერს _ “ჩავიბარე დასკვნა და ნივთმტკიცება”, მ. მ-ის ხელმოწერით, იგი გ. ლ-ლს არ შეუსრულებია, რაც სასამრათლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და უსაფუძვლოდ დასდო მას მსჯავრი აღნიშნულში.
განაჩენზე ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია.
საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც, არ დააკმაყოფილა რა აპელანტის მოთხოვნა, 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. ლ-ის დამცველმა, ადვოკატმა ე. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ გ. ლ-ის სასიკეთოდ, კერძოდ: მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას. ადვოკატს მიაჩნია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ნაწილში მსჯავრდებულს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება აღნიშნული ქმედების არაერთგზის ჩადენის თაობაზე. ადვოკატი ასეთ პოზიციას ასაბუთებს შემდეგი მოტივებით: არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმ ვერსიის სარწმუნოდ მიჩნევისათვის, რომლის მიხედვითაც, გ. ლ-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოდან ორჯერ წაიღო ცეცხლსასროლი იარაღი _ 2005 წლის -- ივნისსა და -- ივნისს. მეორედ იგი აღნიშნული სამმართველოს შენობაში მივიდა სხვა მიზნით, კერძოდ, იმავე შენობაში არსებულ ბუღალტერიაში ხელფასთან დაკავშირებული საკითხის გასარკვევად. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კანცელარიის ჟურნალში -- ივნისის თარიღით გაკეთებული ჩანაწერი ვინმე მ. მ-ის სახელით დოკუმენტისა და ცეცხლსასროლი იარაღის მიღების შესახებ გ. ლ-ლს არ ეკუთვნის. აპელანტის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არაჯეროვნად გამოიკვლია აღნიშნული საკითხი და გ. ლ-ლს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ დასდო მსჯავრი მისთვის შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებში ჩადენის ბრალდებით. ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ დაყენებული საფუძვლიანი შუამდგომლობები, რამაც ხელი შეუშალა ჭეშმარიტების დადგენასა და გ. ლ-ის ქმედების კვალიფიკაციის სწორად განსაზღვრას.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა გ. ლ-მა და მისმა დამცველმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, ამასთან, ადვოკატმა ე. ბ-მა დააზუსტა აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა იმ მიმართებით, რომ გ. ლ-ლს უნდა მოეხსნას ბრალდება მისთვის შერაცხული ქმედების მის მიერ არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენის თაობაზე, რის გამოც მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე და ამის გათვალისწინებით, მის მიმართ სასჯელი უნდა განისაზღვროს აღნიშნული ნორმის სანქციით დადგენილ მინიმუმთან მიახლოებული ზომით. ადვოკატის მიერ დაზუსტებულ მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა გ. ლ-მა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად ადვოკატმა ე. ბ-მა მიუთითა იმ ძირითად მოტივებზე, რაც მოცემულია საკასაციო საჩივარში. ამავე დროს, კასატორს მიაჩნია, რომ გ. ლ-ლს ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლებისათვის არ გამოუყენებია სამსახურებრივი მდგომარეობა, ვინაიდან დანაშაულის ჩადენისას მას გამომძიებლის უფლებამოსილება აღარ გააჩნდა. საბოლოოდ ადვოკატმა ე. ბ-მა ითხოვა, რომ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული გ. ლ-ლი.
პროცესში მონაწილე პროკურორმა მ. მ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები უსაფუძვლოა. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებითაც დოკუმენტურად არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ გ. ლ-ლი ორჯერ იყო მისული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში _ 2005 წლის -- აპრილსა და -- აპრილს, რა დროსაც მოტყუებით მიიღო ექსპერტიზის დასკვნებიც და მათი მეშვეობით _ ცეცხლსასროლი იარაღებიც, რაზეც მეტყველებს ჟურნალებში ორივეჯერ მ. მ-ის სახელით გაკეთებული ჩანაწერი. გარდა ამისა, გ. ლ-მა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რისთვისაც მან გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მოწმობა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს შენობაში შესასვლელად. მართალია, მას გამომძიებლის თანამდებობა აღარ ეკავა, მაგრამ იგი აყვანილი იყო კადრების განკარგულებაში და კვლავ ითვლებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების თანამშრომლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ მ. მ-ის დასკვნით, არ არსებობს საფუძველი გ. ლ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შესაცვლელად.
პროკურორმა მ. მ-მა იშუამდგომლა საკასაციო პალატის წინაშე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა გ. ლ-მა ნამდვილად ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, რაც მან ორჯერ განახორციელა, რა დროსაც იგი პირველად დაეუფლა ,,სტეჩკინის’’ სისტემის უნომრო, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ხოლო მეორედ _ ,,მაკაროვის’’ სისტემის ¹-- ცეცხლსასროლ იარაღს, რომლებიც მანვე მიისაკუთრა. ასევე უდავოდ არის დადგენილი, რომ გ. ლ-მა ჩაიდინა დოკუმენტების, კერძოდ, სასამართლო_ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება პირადი მოტივით. გ. ლ-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს სადავოდ არც დაცვის მხარე ხდის.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ გ. ლ-ლი აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღებს დაეუფლა არა ცალ-ცალკე, არამედ _ ერთ ჯერზე და ერთდროულად, ვინაიდან ასეთი დასკვნისათვის არ მოიპოვება სარწმუნო საფუძველი. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ სინამდვილეში გ. ლ-ლი ორჯერ მივიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში _ 2005 წლის -- ივნისსა და -- ივნისს, რა დროსაც, ორივე შემთხვევაში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ცეცხლსასროლ იარაღებს, მათი მისაკუთრების მიზნით.
მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია გ. ლ-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების არაერთგზის ჩადენას. ამ მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების მიხედვით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მან განიზრახა სამსახურიდან მისი დათხოვნის გამო განაწყენებულმა. ამიტომ გაბრაზებულმა გადაწყვიტა, რაიმე გზით შური ეძია და გაემწარებინა ხელმძღვანელობა. მსჯავრდებულ გ. ლ-ის მოქმედების სუბიექტური საფუძვლისა და მოტივაციის სხვაგვარი ახსნისათვის საქმეში რაიმე მტკიცებულება არ მოიპოვება. აღსანიშნავია, რომ როგორც საბრალდებო დასკვნაში, ასევე განაჩენებში გ. ლ-ის მიერ ნივთმტკიცებებისა (ცეცხლსასროლი იარაღები) და ექსპერტიზის დასკვნების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ახსნილია არა ანგარებით, არამედ _ სხვა, პირადი მოტივით, თუმცა ამ მოტივის შინაარსი საბრალდებო დასკვნასა და განაჩენში ახსნილი არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ იგულისხმება სწორედ მსჯავრდებულ გ. ლ-ის ჩვენებაში მითითებული მოტივი. რადგან ორივე შემთხვევაში გ. ლ-ის მიერ ხსენებული დოკუმენტების მისაკუთრება მოხდა ცეცხლსასროლი იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასთან ერთად, ცხადია, რომ დოკუმენტებთან და ცეცხლსასროლ იარაღებთან მიმართებით მისი მოქმედება ერთი და იმავე სუბიექტურ საფუძველზე ხორციელდებოდა, ხოლო ეს საფუძველი იყო ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად აღმოცენებული ერთიანი განზრახვა, რომლითაც გ. ლ-ლი ხელმძღვანელობდა მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ორივე ეპიზოდში.
ამრიგად, მიუხედავად ქმედების განმეორებისა, ამჯერად სახეზეა არა დანაშაულის არაერთგზის ჩადენა, არამედ _ ერთი განგრძობადი დანაშაული ორი ეპიზოდით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ლ-ლს უნდა მოეხსნას ბრალდება არაერთგზის ცეცხლსასროლი იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შესახებ.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია აგრეთვე გ. ლ-ის მსჯავრდება იმ ბრალდებით, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განახორციელა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მართალია, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებრივი მოწმობა გამოიყენა აღნიშნული სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს შენობაში შესასვლელად, მაგრამ დოკუმენტები და ცეცხლსასროლი იარაღები მას არ მიუღია ხსენებული მოწმობის მეშვეობით. მათ მისაღებად შესაბამისი სამსახურის მუშაკებთან გ. ლ-მა თავი წარადგინა როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რითაც შეცდომაში შეიყვანა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მუშაკები და მიაღწია იმას, რომ მათგან მიეღო დოკუმენტები და ნივთმტკიცებები (ცეცხლსასროლი იარაღები). აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ გ. ლ-მა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა კი არ გამოიყენა, არამედ ამ მიზნით მიითვისა თანამდებობის პირის (გამომძიებლის) წოდება, რაც მას უკვე აღარ გააჩნდა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია ეს ქმედება ჩადენილ იქნეს რეალურად არსებული სამსახურებრივი მდგომარეობის, ანუ უშუალოდ იმ სამსახურებრივი უფლებამოსილებებისა და გავლენის გამოყენებით, რითაც აღჭურვილია პირი და არა _ არარსებული თანამდებობის პირის წოდების მითვისებით, რადგან ამ უკანასკნელს მითითებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნად არ მიიჩნევს ხსენებული კანონი. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ლ-ლს უნდა მოეხსნას აგრეთვე ბრალდება იმის თაობაზე, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ლ-ლს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველ ნაწილზე და შეფასდეს როგორც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით. მის მიმართ სასჯელიც აღნიშნული ქმედების მიხედვით უნდა განისაზღვროს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. ლ-ის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ლ-ის დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. ლ-ლს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე შერაცხული ბრალდება, ხოლო ამ ნაწილში მისი ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რომლითაც, იმავე განაჩენის მიხედვით, შთანთქმულია გ. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით, რის გამოც მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.