დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
234აპ. ქ. თბილისი
2 აგვისტო, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე გ. შ-ის, გ. ბ-სა და გ. თ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენით გ. შ-ლს, გ. ბ-ლს, და გ. თ-ეს, წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი ნიშანი; ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. შ-ლი, გ. თ-ძე და გ. ბ-ლი წინასწარ შეთანხმდნენ და 2006 წლის 16 იანვარს ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ქ. გორში მდებარე შპს „---” საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულ შენობაში კედლიდან გადაშვერილ შველერებს.
აღნიშნული ქმედებისათვის გ. შ-ლს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ. ბ-სა და გ. თ-ეს _ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; რამდენადაც გ. შ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებული იყო და შეეცვალა დაპატიმრებით, ნ. მ-ის მიერ გირაოს სახით შეტანილი 3000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
გ. შ-ლს სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან, გ. ბ-ლს _ 2006 წლის 31 იანვრიდან, ხოლო გ. თ-ეს _ 2006 წლის 1 თებერვლიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ-ის ადვოკატმა თ. მ-მა. მან ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება, მსჯავრდებულ გ. შ-ის მიმართ კანონის მოთხოვნათა ფარგლებში მინიმალური პირობითი მსჯავრის განსაზღვრა და სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისთვის ჯარიმის დაკისრება მსჯავრდებულის მიერ შეტანილი გირაოს თანხის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. მ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენის დადგენისას იხელმძღვანელა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 63-64-ე მუხლებით და არა _ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის იმავე მუხლებით; სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის მე-3 მუხლის მოთხოვნა, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები; უკანონოა გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა და მიმართულია მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესებისაკენ, რადგან სასამართლოს უწყებით, გორის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა დანიშნული იყო 2006 წლის 4 სექტემბერს, 14 საათზე; მითითებულ დროს მსჯავრდებული გ. შ-ლი გამოცხადდა სასამართლოში, რაც დაინახეს სახელმწიფო ბრალმდებელმა და სხდომის თავმჯდომარემ; ობიექტური მიზეზების გამო საქმის განხილვა გადაიდო საათნახევრით, მსჯავრდებულმა კი დროის ამ შუალედში დატოვა სხდომის დარბაზი და იმყოფებოდა სასამართლო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც მოსამართლემ, პროკურორის შუამდგომლობით, ის გამოაცხადა ძებნილად და გირაოს სახით შეტანილი თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაზეც არანაირი დადგენილება არ არსებობს; სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ამ ფაქტზე, რითაც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი თ. მ-ლი ითხოვს მსჯავრდებულ გ. შ-სათვის სასჯელის პირობითად ჩათვლას და მის დაჯარიმებას გირაოს სახით შეტანილი თანხის ოდენობით, რასაც ეთანხმება მსჯავრდებული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის _ თავად მსჯავრდებულთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით უდავოდ დასტურდება, რომ გ. შ-მა, გ. ბ-მა და გ. თ-ემ ჯგუფურად ჩაიდინეს ქურდობა.
საკასაციო პალატა იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ გირაოს სახით შეტანილი თანხა უკანონოდ გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ გ. შ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიბა _ გირაო გაუქმდა და იგი შეიცვალა დაპატიმრებით. ამავე განაჩენით, სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გ. შ-ის სახელით ნ. მ-ის მიერ გირაოდ შეტანილი თანხა _ 3000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში (ს.ფ. 200).
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. შ-მა დაარღვია მისთვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს პირობები.
სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ 2006 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გ. შ-ლი გამოცხადდა, რის შემდეგაც, ,,მოსამართლის განკარგულების გარეშე" გავიდა სხდომის დარბაზიდან. მასვე გაჰყვა ადვოკატიც. სახელმწიფო ბრალდებელმა მიუთითა, რომ განსასჯელმა უნებართვოდ დატოვა დარბაზი და დაახლოებით 20 წუთი არ გამოცხადდა. ამის გამო პროკურორმა იშუამდგომლა გ. შ-სათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრებით შეცვლის თაობაზე.
მოსამართლემ ადგილზე თათბირით დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, თუმცა არ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება და არ მიუთითა, რაში გამოიხატა გ. შ-ის მიერ მისთვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევა (ს.ფ. 195-196). ამ დროს გ. შ-ლი და მისი ადვოკატი დაბრუნდნენ სხდომის დარბაზში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილში, რომელზეც მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და რაც უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განაჩენითაც, აღნიშნულია გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის საფუძვლები, კერძოდ, არასაპატიო მიზეზით სასამართლოში გამოცხადებაზე თავის არიდება, ახალი დანაშაულის ჩადენა და სხვ. რამდენადაც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების უფრო მძიმეთი შეცვლის საფუძველი არ მიუთითა, სავარაუდოდ მან გ. შ-ის მიერ სხდომის დარბაზის უნებართვოდ დატოვება მიიჩნია სასამართლოში გამოცხადებაზე თავის არიდებად, თუმცა დარბაზის დატოვების მიზეზი არ გაურკვევია (საპატიო იყო თუ არა), მით უფრო, რომ განსასჯელი სხდომის დარბაზში მალევე დაბრუნდა. განსასჯელის ეს ქმედება ვერ ჩაითვლება სასამართლოსათვის თავის არიდებად და არ წარმოადგენდა აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრით შეცვლის საფუძველს. საგულისხმოა, რომ მიუხედავად მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრებით შეცვლისა, გ. შ-ლი დარბაზში დაბრუნებისას არ დაუპატიმრებიათ. ამასთან, იმავე დღეს გამოტანილ განაჩენში, რომლითაც გ. შ-ლს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, არ არის მითითებული, რომ გ. შ-ლი პატიმრობაში აეყვანათ სხდომის დარბაზში. ნაცვლად ამისა, აღნიშნულია, რომ ამ უკანასკნელს დანიშნული სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
პალატა ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ არის შემაჯამებელი ხასიათის და ამ დადგენილების შესახებ მითითებული იყო გ. შ-ის ადვოკატის სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, აპელანტი მიუთითებდა, რომ აღნიშნული დადგენილება უკანონო იყო.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გ. შ-ლს არ დაურღვევია მისთვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს პირობები. ამდენად, გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და ეს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს _ ნ/ მ-ლს.
სააპელაციო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სამივე მსჯავრდებული საქმის წინასწარი გამოძიებისას დააკავეს 2006 წლის 16 იანვარს (ს.ფ. 9-35) და მათ 2006 წლის 18 იანვარს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდათ გირაო. იმის გამო, რომ გ. შ-მა, გ. ბ-მა და ა. თ-ემ დადგენილ ვადაში არ უზრუნველყვეს გირაოს სახით განსაზღვრული თანხის შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა, მოსამართლის 2006 წლის 28 იანვრის ბრძანებებით, მათ აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდათ დაპატიმრება. ამის შემდეგ გ. ბ-ლი დააკავეს 2006 წლის 31 იანვარს, გ. შ-ლი _ 2006 წლის 1 თებერვალს, ხოლო გ. თ-ძე _ 2006 წლის 7 თებერვალს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2006 წლის 8 თებერვლის ბრძანებით, რამდენადაც გ. შ-ის მიმართ გირაოს სახით შერჩეული თანხის ოდენობა სრულად იყო შეტანილი, ეს უკანასკნელი სხდომის დარბაზშივე გათავისუფლდა პატიმრობიდან.
ამდენად, გ. შ-ლს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს საქმის წინასწარი გამოძიებისას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკავების დრო _ 2006 წლის 16 იანვრიდან იმავე წლის 18 იანვრამდე _ 2 დღე და 1 თებერვლიდან 8 თებერვლამდე _ 7 დღე, სულ 9 დღე, ხოლო გ. ბ-სა და გ. თ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაევალოთ დაკავების დრო 2006 წლის 16 იანვრიდან 18 იანვრამდე _ 2 დღე.
პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გ. თ-ეს სასჯელის მოხდა არასწორად დაეწყო 2006 წლის 1 თებერვლიდან, ნაცვლად 7 თებერვლისა, რის შესახებაც პალატა ვერ იმსჯელებს, სსსკ-ის 566-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება სააპელაციო პალატის განაჩენის სამართლიანობას, მსჯავრდებულებს დანიშნული აქვთ მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი სასჯელები, რომლებიც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო. ამის გამო, სასჯელების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს: გ. შ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს სახით შეტანილი თანხა _ 3000 (სამი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს _ ნ. მ-ლს;
გ. შ-ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკავების დრო _ 2006 წლის 16 იანვრიდან იმავე წლის 18 იანვრამდე და 1 თებერვლიდან 8 თებერვლამდე _ 9 (ცხრა) დღე;
გ. ბ-სა და გ. თ-ეს, თითოეულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოთ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკავების დრო _ 2006 წლის 16 იანვრიდან იმავე წლის 18 იანვრამდე _ 2 (ორი) დღე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.