განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹637აპ 12 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ლ-სა და მსჯავრდებულ ვ. ო-ის დამცველის, ადვოკატ ი. ს-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. ო-ნი, გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
განაჩენით ვ. ო-ნს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ. ო-ნი, რომელიც იყო რა ნასამართლობის მქონე ქურდობისათვის, 2006 წლის 3 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, იმყოფებოდა ქ. გორში. ---ის ქუჩაზე მან შენიშნა ამავე ქუჩის ¹56 საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებული ავტომანქანა “ვაზ-2107”, რომელიც ეკუთვნოდა გორის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ რ. ტ-ლს. ვ. ო-მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა აღნიშნულ ავტომანქანას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან გააღო ავტომანქანის კარი, დააზიანა დამქოქი მექანიზმი და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მას, ესე იგი ჩაიდინა ქურდობა არაერთგზის, რითაც დაზარალებულ რ. ტ-ლს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ო-ის დამცველმა, ადვოკატმა, ი. ს-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად ვ. ო-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, გამომდინარე შემდეგი მოტივებიდან: აშკარა წინააღმდეგობებია ბრალდების მოწმეთა ჩვენებებს შორის, ასევე მათ მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე და შემდგომში სასამართლოში მათ მიერვე მიცემულ ჩვენებებს შორის; ვ. ო-ნს გააჩნია მოწმეთა მიერ დადასტურებული ალიბი, რომელიც უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი სასამართლოს მიერ; სასამართლომ არ დაკითხა დაზარალებული, ხოლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა ობიექტური შეფასება.
ადვოკატ ი. ს-ის საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2007 წლის 16 თებერვლის განაჩენით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ამასთან, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში შეიტანა ცვლილებები მსჯავრდებულ ვ. ო-ის სასიკეთოდ. იქიდან გამომდინარე, რომ არც საბრალდებო დასკვნით და არც სასამართლოს გაანჩენით არ იქნა დადგენილი დაზარალებულ რ. ტ-სათვის მსჯავრდებულის ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რის გარეშეც შეუძლებელი იყო განსაზღვრა _ აღნიშნული ზიანი იყო თუ არა მნიშვნელოვანი. სააპელაციო სასამართლომ ვ. ო-ნი გაამართლა ბრალდების იმ ნაწილში, რომლის მიხედვით მან თავისი მოქმედებით დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), და იგი დამნაშავედ ცნო მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რეადქცია) საფუძველზე _ ქურდობის არაერთგზის ჩადენისათვის, ხოლო ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. ლ-ემ და მსჯავრდებულ ვ. ო-ს დამცველმა, ადვოკატმა ი. ს-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. სახელმწიფო ბრალდებული თავისი საჩივრით ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და ვ. ო-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ახალი განხილვისათვის, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაამართლა იგი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რეადქცია) შერაცხულ ბრალდებაში, ამასთან, მსჯავრდებულს დაუნიშნა აშკარად ლმობიერი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას.
ადვოკატი ი. ს-ლი თავისი საჩივრით ასევე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ვ. ო-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმავე მოტივების საფუძველზე, რაც მას წინათ მითითებული ჰქონდა ამ საქმეზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ვ. ო-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე რომ სააპელაციო სასამართლოს თავის განაჩენში შეფასების გარეშე აქვს დატოვებული ბრალდების მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობები საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე, რომლის გარკვევას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა ვ. ო-ის ბრალელუობის საკითხის სწორი გადაწყვეტისათვის.
მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ არ განახორციელა შესაბამისი საპროცესო მოქმედებები, რათა გარკვეულიყო _ ვ. ო-ის ქმედებით ნამდვილად იყო თუ არა გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი. ეს აუცილებელი იყო, რადგან სასამართლომ ვ. ო-ნი ბრალეულად ცნო ავტომანქანის ქურდობაში, რის გამოც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გარკვევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის, აქედან გამომდინარე, მისი ბრალის ხარისხის დადგენისა და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის თვალსაზრისით.
აღნიშნული გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში ვ. ო-ის ბრალდების საქმის განხილვისას არ იყო დაცული საპროცესო კანონით დადგენილი მოთხოვნები საქმის ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის თაობაზე, ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი მოკლებულია დასაბუთებულობას, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ შემთხვევაში დაშვებულია საქათველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რამაც გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე კანონიერი და სამართლიანი განაჩენის დადგენის თვალსაზრისით და რაც განაჩენის გაუქმების საფუძველია.
ზეომაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამრათლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 თებერვლის განაჩენი ვ. ო-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისავთის.
საქმის ხელახლა განხილვისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს სსსკ-ის მე-18 და მე-19 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელების მეშვეობით, ხოლო მიღებულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს ჯეროვანი შეფასება მათ ერთობლიობაში, რაც საფუძველი უნდა იყოს ვ. ო-ის მიმართ, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლით განსაზღვრული პრინციპების მკაცრი დაცვით, მისი ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ _ მ. ლ-სა და მსჯავრდებულ ვ. ო-ის დამცველის, ადვოკატ ი. ს-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 თებერვლის განაჩენი ვ. ო-ის მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი განხივლისათვის.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.