შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 19.10.2007
საქმის ნომერი
2კ-710აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹710აპ ქ. თბილისი

19 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ჯ. კ-სა და გ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენით:

გ. კ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ჯ. კ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ქ. რუსთავის პოლიციის სამმართველოს შენობის ეზოში განთავსებული ვაზ-2107 ა/მანქანა უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრე გ. კ-ის.

2005 წლის 12 დეკემბერს ქ. მარნეულში, ---ის ქ.¹3-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 1100 ლარი, რომელიც ინახება გამომძიებელთან, უნდა დაუბრუნდეს გ. და ჯ. კ-ებს.

განაჩენით გ. და ჯ. კ-ების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ. მარნეულში, ---ის ქ. ¹3-ში მცხოვრები გ. კ-ლი დანაშაულებრივად დაუკავშირდა დედას, ჯ. კ-ის, რა დროსაც მათ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განიზრახეს, უკანონოდ შეეძინათ, შეენახათ და უკანონოდ გაესაღებინათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „-“. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. კ-იმ ჯ. კ-სთან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით _ 0,349 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---“, ხოლო ჯ. კ-იმ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით _ 0,191 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---“, სულ _ 0,530 გრამი.

2005 წლის 10 დეკემბერს, გ. კ-ლი, ჯ. კ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „---“ უკანონო გასაღების მიზნით, ქ. მარნეულში, წინასწარ დათქმულ ადგილას, შეხვდა აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფში სათანადო ლეგენდირებით ჩართულ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს ოპერატიულ თანამშრომლებს, რომლებსაც შესაბამისი დადგენილების საფუძველზე უნდა განეხორციელებინათ ნარკოტიული საშუალების საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც გ. კ-იმ უკანონოდ გაასაღა 0,349 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---“, რისთვისაც მას გადაუხადეს 400 ლარი, ხოლო ჯ. კ-იმ, ასევე ჯგუფურად, უკანონოდ გაასაღა 0,191 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---“, რისთვისაც მას გადაუხადეს 150 ლარი.

გ. კ-იმ ჯ. კ-სთან ერთად, უკანონოდ შეიძინა 1,416 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---“, რომელსაც ინახავდა უკანონოდ, ხოლო ჯ. კ-იმ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 2,074 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---“, რომელსაც ინახავდა უკანონოდ. 2005 წლის 12 დეკემბერს, 16.00 საათზე, ქ. მარნეულში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს გ. და ჯ. კ-ები. პირადი ჩხრეკის შედეგად გ. კარახმაზლის ჯინსის ქურთუკის გარეთა, მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს 1,416 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---“, ხოლო ჯ. კ-ის ხალათის გარეთა, მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2,074 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---“.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შევიდა დაზუსტება. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: გ. და ჯ. კ-ების ბინიდან ამოღებული 1100 ლარი და გაბილ კარახმაზლის ძმის სახელზე გაფორმებული ავტომანქანა უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

მსჯავრდებულები _ გ. და ჯ. კ-ები საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი; გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო კანონის წესის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში მსჯავრდებულების _ ჯ. და გ. კ-ების სასიკეთოდ უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების _ გ. თ-ის, ი. რ-ის, თ. ო-ის, თ. ნ-ის, მ. დ-ას, ხ. მ-ის, დ. ს-ის ჩვენებებით, ქიმიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით, პირადი ჩხრეკისა და ამოღების, წარმოდგენის ოქმებით, ნივთმტკიცებად ცნობის დადგენილებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულების _ გ. და ჯ. კ-ების მიერ მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების _ გ. და ჯ. კ-ების მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათი და ხარისხი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება და შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულებს _ გ. და ჯ. კ-ებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოერიცხოთ მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და შესაბამისად _ ამ მუხლით დანიშნული სასჯელები, რადგან ისინი ასევე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც თავისთავად მოიცავს ამავე მუხლის მეორე ნაწილს. აღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ჯ. კ-ის სასჯელად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მსჯავრდებულ გ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება: მსჯავრდებულ ჯ. კ-ის ამოერიცხოს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით. მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ გ. კ-ის ამოერიცხოს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით. მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.