განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 06.12.2007
საქმის ნომერი
2კ-948აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹948 6 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე. წ-სა და მსჯავრდებულ თ. რ-ის დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საბრალდებო დასკვნით, თ. რ-ეს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

თ. რ-ის ბრალდების საქმე განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რომელმაც 2006 წლის 8 ივლისის განაჩენით მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან (მითითებული რედაქცია) გადააკვალიფიცირა იმავე კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამასთან ერთად, იგი მსჯავრდებულ იქნა აღნიშნული კოდექსის ზემოთ მითითებული სხვა მუხლების საფუძველზე, ხოლო მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, მაგრამ საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 49-ე მუხლის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ამასთან, სასამართლომ იმავე განაჩენით, დააკმაყოფილა რა სამოქალაქო სარჩელის მოთხოვნა, მსჯავრდებულ თ. რ-ეს დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ვ. მ-ის სასარგებლოდ დააკისრა 100000 (ასი ათასი) ლარის გადახდა.

განაჩენით თ. რ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ მოქმედების განზრახ ჩადენა სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო, საზოგადოებრივ და ცალკეულ მოქალაქეთა კანონიერ ინტერესებს, რამაც გამოიწვია განსაკუთრებით მძიმე შედეგი; მანვე ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რასაც თან ახლდა ძალადობა და რაც გამოიხატა შემდეგში:

თ. რ-ეს, მუშაობდა რა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს --- განყოფილების ---ის თანამდებობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმჟამინდელი ხელმძღვანელისაგან დავალებული ჰქონდა ქალაქ ბათუმში, ---სა და ---ის ქუჩების გადაკვეთაზე, 1993 წლის 2 ოქტომბერს მომხდარი ვ. გ-ის მკვლელობის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარება და დამნაშავე პირთა დადგენა. მან ---ს რაიონის იმდროინდელ შინაგან საქმეთა განყოფილების ---სს, აწ განსვენებულ ჯ. ბ-სთან ერთად, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, გადაამეტა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. 1993 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 1 საათზე, მისი დავალებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის --- სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან --- სამუშაო კაბინეტში ამოაყვანინა ვ. გ-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თ. მ-ძე, რომლის მიმართ ვ. გ-ის მკვლელობის ფაქტის აღიარების მოთხოვნით ჯ. ბ-სთან ერთად გამოიყენა ფიზიკური ძალადობა, რა დროსაც მიაყენა მას სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი ხასიათის მძიმე დაზიანებები: ნეკნის ორმხრივი მოტეხილობები, თავის ტვინის შეშუპება, გამოწვეული ტრავმის შემდგომი ღვიძლოვანი ენცოპალოფატიით, ორმხრივი ტრავმის შემდგომი პლევრიტი, სისხლჩაქცევები ფილტვებსა და ღვიძლის კარის მიდამოში, სხეულის მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები. მის მიერ თ. მ-სათვის მიყენებულ ზემოაღნიშნულ დაზიანებათა გამო 1993 წლის 29 ოქტომბერს თ. მ-ძე მოათავსეს აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა იმავე წლის 2 ნოემბერს.

აპელანტი, სახელმწიფო ბრალმდებელი, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი თ. მ-ძე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას თ. რ-ის მიმართ, კერძოდ, მის ბრალეულად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მითითებული რედაქცია) 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით, 186-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

აპელანტი, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ. მ-ძე და მისი წარმომადგენილი რ. პ-ძე თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულ თ. რ-ის ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ, მისი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მითითებული რედაქცია) 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით და სასჯელად მისთვის 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.

აპელანტი, მსჯავრდებულ თ. რ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. კ-ძე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

საჩივრები განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2007 წლის 15 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში შეიტანა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ თ. რ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 110-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადააკვალიფიცირა იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მასვე მოუხსნა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად შერაცხული, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. წ-ამ და მსჯავრდებულ თ. რ-ის დამცველმა, ადვოკატმა კ. კ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. სახელმწიფო ბრალმდებელი თავისი საჩივრით ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და თ. რ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას ახალი განხილვისათვის იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებირვი შეფასება მისცა თ. რ-ის მიერ ჩადენილ ქმედებას, რაც სინამდვილეში წარმოადგენს განზრახ მკვლელობას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში. პროკურორის აზრით, თ. რ-ეს ჩადენილი აქვს აგრეთვე თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მისი გადამეტებაც მაკვალიფიცირებელ გარემოებებში; გარდა ამისა, საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევებით.

ადვოკატი კ. კ-ძე თავისი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ თ. რ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2007 წლის 15 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედებები, ხოლო განაჩენი ემყარება საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვებულ არასარწმუნო მტკიცებულებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ თ. რ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოცემულ დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლითა და მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში მიუთითებს, რომ თ. რ-ძე, მიუხედავად სათანადო უფლებამოსილების არქონისა, მონაწილეობდა ვ. გ-ის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ თ. მ-ის აჭარის --- სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორიდან --- სამუშაო კაბინეტში ამოყვანასა და ოპერატიული საქმიანობის განხორციელებაში, რასაც თან ახლდა ძალადობა და რაც აშკარად სცილდებოდა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს. აღნიშნულით არსებითი ზიანი მიადგა სახელმწიფოსა და თ. მ-ის კანონიერ ინტერესებს.

ასეთი ცალსახა დასკვნის გამოტანა იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომლებზედაც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება, მოცემულ შემთხვევაში, თ. რ-ძე მოქმედებდა მხოლოდ თავისი პირადი ინიციატივითა და ინტერესებით, თუ _ ხელმძღვანელობის რაიმე მითითებისა თუ სხვაგვარი დავალების საფუძველზე და რამდენად სავალდებულო იყო შესასრულებლად მისთვის ასეთი მითითება ან დავალება. ამ შემთხვევაში იგულისხმება თ. რ-ის მონაწილეობა ოპერატიული ჯგუფის მუშაობაში თ. მ-ის მიმართ, საამისოდ მის მიერ თავისი სამუშაო კაბინეტის დათმობა და ხსენებული ოპერატიული საქმიანობის ამ კაბინეტში წარმართვა, განკარგულებების გაცემა დაკავებული თ. მ-ის დროებითი დაკავების იზოლატორიდან მის სამუშაო კაბინეტში აყვანის თაობაზე და სხვა.

რაც შეეხება თ. მ-ის ცემის ფაქტსა და მის გარდაცვალებას, უნდა აღინიშნოს, რომ ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკავებული პოზიცია არის წინააღმდეგობრივი. ერთი მხრივ, სასამართლო განაჩენში ასაბუთებს, რომ დადგენილად მიაჩნია დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რომ ამ ძალადობას ახორციელებდა თ. რ-ძე, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დგინდება, კონკრეტულად რა დაზიანებები მიაყენა თ. რ-ემ დაზარალებულს. მეორე მხრივ, მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო აკეთებს დასკვნას იმის თაობაზე, რომ თ. რ-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ისეთი ქმედებისათვის, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია.

ცხადია, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. რ-ის მოქმედებით გამოწვეულ განსაკუთრებით მძიმე შედეგში აუცილებლობით იგულისხმება თ. მ-ის გარდაცვალება, ხოლო თვით მოქმედებაში _ თ. მ-ის ცემა, რადგან თ. რ-ის ქმედება სააპელაციო სასამართლომ დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 187-ე მუხლის მე-3 ნაწილითაც, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რასაც თან ახლდა ძალადობა.

ისმება კითხვა: თუკი დადგენილი არ არის, თ. რ-ემ კონკრეტულად რა დაზიანებები მიაყენა თ. მ-ეს, მაშინ რის საფუძველზე კეთდება დასკვნა იმის თაობაზე, რომ სწორედ მის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ, რაც ცემაში გამოიხატა, გამოიწვია თ. მ-ის სიკვდილი? უფრო მეტიც, საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს, რომ მის სამუშაო კაბინეტში, საიდანაც, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ნაცემი თ. მ-ძე გამოჰყავდათ ხოლმე, თ. რ-ძე მარტო იმყოფებოდა და მხოლოდ ის ახორციელებდა ოპერატიულ საქმიანობას თ. მ-სთან.

ლოგიკური და უდავოა, რომ მხოლოდ დროებითი დაკავების იზოლატორიდან სამუშაო კაბინეტში გადაყვანით თ. მ-ის სიკვდილი ვერ დადგებოდა, თუ არა მისი ცემა და ცემის შედეგად მისთვის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებების მიყენება, მაგრამ განაჩენით არ არის გარკვეული, ნამდვილად თ. რ-ძე სცემდა თუ არა თ. მ-ეს, ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, რა ხასიათისა იყო ეს ძალადობა და არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი უშუალოდ თ. რ-ის ქმედებასა და თ. მ-ის სიკვდილს შორის, რაც აუცილებელი პირობაა განსაკუთრებით მძიმე შედეგის შერაცხვისათვის.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, საქმეში არსებული მტკიცებულებები ობიექტურად არ არის გაანალიზებული, არ არის პასუხი გაცემული როგორც დაცვის მხარის საჩივარში, ასევე ბრალდების მხარის წარმომადგენელთა საჩივარში მოცემულ არგუმენტებზე, რომლებიც მხარეებს გამოთქმული აქვთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის საწინააღმდეგოდ.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, აგრეთვე, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სამართლებრივად არასწორია სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილშიც, ვინაიდან სასამართლოს დასაბუთება ამ ნაწილში არ ემყარება კანონიერ საფუძველს. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ თ. რ-ეს დაეკისრა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ 100000 ლარის გადახდა. განაჩენში არ არის მითითებული, აღნიშნული თანხიდან რა ნაწილი წარმოადგენს ფიზიკური ან მატერიალური ზიანის საზღაურს და რა ნაწილია მორალური ზიანის საზღაური. გარდა იმისა, რომ ამ მხრივ განაჩენში არ არის მოცემული რაიმე არსებითი დასაბუთება და, შესაბამისად, საჭირო მტკიცებულებებზე მითითება, განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში უკანონოა იმ მხრივაც, რომ, საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლისა და 85-ე მუხლის მიხედვით, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მორალური ზიანის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია, რადგან ასეთი ზიანი დანაშაულით უშუალოდ შეიძლება მიადგეს მხოლოდ დაზარალებულს.

განხილული გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თ. რ-ის ბრალდების საქმის განხილვისას დაუშვა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რაც განაჩენის გაუქმების საფუძველია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაცო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განაჩენი თ. რ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.

საქმის ხელახლა განხილვის დროს, კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების მეშვეობით, უნდა გაირკვეს და სარწმუნოდ დადგინდეს: კონკრეტულად რა ქმედებაა ჩადენილი თ. რ-ის მიერ; რა შინაარსისა და ხასიათისაა აღნიშნული ქმედება; მისი ჩადენისას იგი მოქმედებდა პირადი ინიციატივითა და პირადი მოტივით, თუ სხვა გარემოებების საფუძველზე; არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და თ. მ-ის საკვდილს შორის; თუკი დადგინდა ასეთი ქმედების არსებობა, უნდა გაირკვეს, რა იყო ქმედების მოტივი და მიზანი; მისი განზრახვა მოიცავდა თუ არა განსაკუთრებით მძიმე შედეგს, ანდა შეეძლო თუ არა გაეთვალისწინებინა შესაძლებელი შედეგი. მხოლოდ ამ საკითხების უტყუარად დადგენის შემდეგ შეიძლება მიეცეს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მომხდარ შემთხვევას, გაკეთდეს დასაბუთებული და კანონიერი დასკვნები თ. რ-ის ბრალეულობისა, თუ უდანაშაულობის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა. წ-სა და მსჯავრდებულ თ. რ-ის დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განაჩენი თ. რ-ის მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.