განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 20.12.2007
საქმის ნომერი
2კ-958აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

958აპ ქ. თბილისი

20 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის,პროკურორ _ ლ. ყ-ის,ადვოკატების _ ზ. მ-სა და თ. ა-ის,მსჯავრდებულ _ ი. ე-ის,თარჯიმანების _ ლ. ლ-სა და ი. ს-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გიორგი ჩირგაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით ი. ე-ვს, ბრალი დაედო საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „კ» პუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და დამზადება, ასევე _ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ი. ე-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, კუსტარული წესით, მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაამზადა 5,6 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი რევოლვერი. მან ასევე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა საბრძოლო ვაზნები, რომლებიც მიიტანა თავის საცხოვრებელ ბინაში და კუსტარული წესით დამზადებულ რევოლვერთან ერთად უკანონოდ ინახავდა 2005 წლის 4 დეკემბრამდე.

ი. ე-ვი მუშაობდა სამედიცინო გამაჯანსაღებელ ცენტრ „---ის» --- თერაპიის ---ად. 2005 წლის ზაფხულში მასთან სამკურნალო მასაჟების ჩასატარებლად მივიდა ქ. თბილისში, ---ის მე-- მ\რ-ნის, მე-- კორპუსის 22-ე ბინაში მცხოვრები, ბ. ბ-ვა. პირველი კურსის დასრულების შემდეგ, მასაჟის განმეორების მიზნით, ბ. ბ-ამ 2005 წლის 2 დეკემბერს მეორედ მიმართა ი. ე-ვს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას მასაჟის ჩატარება შესთავაზა თავის საცხოვრებელ ბინაში.

ი. ე-მა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, განიზრახა, ბ. ბ-სათვის მოესპო სიცოცხლე. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, თითქოსდა მასაჟის ჩასატარებლად, 2005 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 16 საათზე, ბ. ბ-ვა მიიყვანა თავის საცხოვრებელ ბინაში. ბინაში შესვლის შემდეგ ი. ე-მა ტანსაცმლის კარადიდან გამოიღო თავის მიერ კუსტარული წესით დამზადებული, დამუხტული ცეცხლსასროლი იარაღი, ხულიგნური ქვენაგრძნობით, უმიზეზოდ დაუმიზნა ბ. ბ-ას კისრის არეში და ერთხელ გასროლით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგ დაზარალებულის თხოვნით გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანით ის გადაიყვანეს თბილისის ¹-- კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ბ. ბ-ვა სიკვდილს გადაურჩა.

შემთხვევის ადგილის _ ი. ე-ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი _ კუსტარული წესით დამზადებული რევოლვერი და უკანონოდ შეძენილი საბრძოლო მასალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ივნისის განაჩენით ი. ე-ვს მოესხნა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „კ» პუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

ი. ე-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმით, ი. ე-ვს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 4 დეკემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ გ. გ-ამ და გ. ჩ-ემ. მათ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და ი. ე-ის მიმართ ახალი განაჩენის დადგენა სსკ-ის 124-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ი. ე-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჩ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, ეწინააღმდეგება საქმის მასალებს, დადგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევებით, რის გამოც უნდა გაუქმდეს, კერძოდ:

1-ლი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვისას უხეშად დაარღვია სსსკ-ის 443-ე მუხლის მოთხოვნა და განსასჯელის დაუსწრებლად დაკითხა დაზარალებული, ეს დარღვევა კი სისხლის სამართლის კანონის არსებითი დარღვევაა და განაჩენის გაუქმება უნდა გამოიწვიოს, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი» ქვეპუნქტისა; არასწორია განაჩენის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოწმეები _ დ. კ-ძე და ნ. ნ-ლი ადასტურებენ ი. ე-ის მიერ დანაშაულის განზრახ ჩადენას; მოწმე თ. ტ-ის ჩვენებით, მან გაიგო ბრახუნის ხმა და შემდგომ _ ი. ე-ის მიერ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე სასწრაფოში დარეკვა; საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არაფერია მითითებული დაზარალებულის სხეულზე, კერძოდ _ ბ. ბ-ას ჭრილობის ირგვლივ იარაღის ლულის ნაჭდევისა და დენთის ნაწილაკების კვალის შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ დაზარალებული ჩვენების ამ ნაწილში ცრუობს.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში არ არის გაანალიზებული სისხლის სამართლის საქმე, სწორად არ არის შეფასებული მტკიცებულებები და ი. ე-ის მიერ ჩადენილ ქმედებას სწორად არა აქვს შეფარდებული სისხლის სამართლის კანონი, კერძოდ:

განსასჯელმა ი. ე-მა არ აღიარა დანაშაული იმ სახით, როგორითაც მას ედავებიან; ი. ე-მა განმარტა, რომ იარაღი მისი დათვალიერებისას შემთხვევით გაუვარდა და ტყვია მოხვდა მის წინ მდგარ ბ. ბ-ას, რის შემდეგაც მან მაშინვე დარეკა სასწრაფო დახმარების ცენტრში, თავისი ხელით ჩაიყვანა დაჭრილი მანქანაში და გაჰყვა საავადმყოფოში, სადაც ნებაყოფლობით ჩაჰბარდა სამართალდამცავებს და მისცა ამომწურავი განმარტება მომხდარის თაობაზე; განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულისა და მისი დედის _ ლ. ვ-ას ურთიერთგამომრიცხავ, წინააღმდეგობრივ და ალოგიკურ ჩვენებებს; აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმე ლ. ვ-ვა წინასწარი გამოძიებისას, ი. ე-სათვის აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის შერჩევის დროს, თავისი ნებით გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და სასამართლოს ჩააბარა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ბრალდებულის განთავისუფლება, რადგან სჯეროდა, რომ ტრაგიკული ფაქტი მოხდა შემთხვევით, კარგად იცნობდა ი. ე-ვს, რომელიც იყო მისი შვილის საქმრო; აქედან ჩანს, რომ დაზარალებული და დედამისი ცრუობენ და ცდილობენ, ხელოვნურად დაუმძიმონ ბრალი ი. ე-ვს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, კასატორის განმარტებით, მსჯავრდებულმა საკმაოდ დამაჯერებლად ახსნა, თუ რა ვითარებაში, როდის და სად ნახა იარაღი და ისიც, თუ ვისი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს იარაღი; აღნიშნულის საწინააღმდეგო სხვა რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და, ამდენად, მისთვის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შერაცხვა ასევე დაუსაბუთებელი და აბსურდულია, როგორც სსკ-ის მე-19,108-ე მუხლისა; მსჯავრდებულს რომ სდომებოდა ბ. ბ-ას მოკვლა, მას ამ სურვილის განხორციელებაში ვერავინ და ვერაფერი შეუშლიდა ხელს; ხოლო ის, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის იყო სასიყვარულო ურთიერთობა, დადასტურებულია მოწმეების _ ვ. ს-ის, მ. ა-ას, დ. გ-ის, თ. ს-ის, ლ. შ-ის, ლ. თ-სა და ნ. ბ-ას ჩვენებებით; ერთის მხრივ, საქმეშია დაზარალებულისა და დედამისის არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო და მრავალჯერ შეცვლილი ჩვენებები, მეორეს მხრივ კი _ მსჯავრდებულ ი. ე-ის, მოწმეების: კ-ის, ნ-ის, ტ-ის, ს-ის, ბ-ას, გ-ის, ა-ას, ს-ის, თ-სა და შ-ის ჩვენებები, რომლებიც ემთხვევა ერთმანეთს და მთლიანად ასახავენ შემთხვევამდე, ასევე შემთხვევის შემდეგ მომხდარ გარემოებებს და არ ეწინააღმდეგებიან მსჯავრდებულის ჩვენებებს; აგრეთვე აღსანიშნავია ბ. ბ-ას მკურნალი ექიმის _ გ-ას ცნობა, რომელიც მიუთითებს დაზარალებულის დაჭრის შემთხვევითობაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი გ. ჩ-ძე აღნიშნავს, რომ სასამართლო არც კი გარკვეულა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მცდელობის მოტივი და განაჩენით დაამახინჯა საქმის ირგვლივ არსებული ყველა მონაცემი და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განაჩენის გაუქმებას და ი. ე-ის ქმედების სსკ-ის მხოლოდ 124-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადოკატმა ზ. მ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ დაზარალებული ბ. ბ-ვა სასამართლომ დაკითხა მსჯავრდებულის დაუსწრებლად, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევაა. დადგენილია, რომ ი. ე-მა გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და გაუგებარია, რატომ დაკვალიფიცირდა მისი ქმედება სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით, როცა მას ხელს არაფერი უშლიდა, მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა იგი. განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, არ არის დადგენილი მოტივი და გაზიარებულია მხოლოდ ბ. ბ-ას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომლებიც ეწინააღმდეგება სხვა პირთა ჩვენებს.

ადვოკატმა თ. ა-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ასევე _ თავისი კოლეგის მოსაზრებას და მიუთითა, რომ ი. ე-სა და ბ. ბ-ას შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს არანაირი მოტივი არ გააჩნდა, მოეკლა ბ. ბ-ვა. საქმის მასალები არ არის სათანადოდ გაანალიზებული და შეფასებული, რამაც გამოიწვია ყოვლად დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენის გამოტანა.

მსჯავრდებულმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და თავისი ადვოკატების შუამდგომლობას იმ მოტივით, რომ მკვლელი არ არის. იარაღი მომხდარის დღეს შემთხვევით იპოვა, მას ათვალიერებდა ბ. ბ-ას თანდასწრებით და შემთხვევით გაუვარდა.

სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ. ყ-მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ უსაფუძვლოა ი. ე-ის მითითება, თითქოს იმ დღეს იარაღი შემთხვევით იპოვა. დაზარალებულს არ შეუცვლია ჩვენება, მან იგი მხოლოდ დააზუსტა სასამართლოში. ბ. ბ-ას ცრუ ჩვენების მიცემის საფუძველი არ გააჩნდა. ამასთან წარმოუდგენელია, როგორ უნდა მომხდარიყო განსასჯელის ბადრაგირება დაზარალებულის სახლში ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე. პროკურორის აზრით, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და საქმე არ განხილულა საპროცესო კოდექსის არსებითი ხასიათის დარღვევით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ი. ე-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე გაიგზავნოს ახალი სასამართლო განხილვისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 8 ივნისის სხდომაზე დაზარალებული ბ. ბ-ვა, ავადმყოფობის გამო, დაკითხა მის საცხოვრებელ ბინაში. ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ 2005 წლის 4 დეკემბერს იმყოფებოდა ი. ე-ის ბინაში, იყურებოდა ფანჯარაში, გაიგონა კარადის გაღების ხმა, როდესაც შემოტრიალდა, დაინახა, რომ ი. ე-ვს ხელში ეჭირა პისტოლეტი, რომელიც მარჯვენა მხარეს ყელში მიაბჯინა და ესროლა, ალბათ იმისათვის ესროლა, რომ მის კომპიუტერში არსებული სურათების შესახებ არავისთვის ეთქვა (ს.ფ. 195). შემდეგ ბ. ბ-ვა შეკითხვებზე პასუხობს, რომ ახლაც არ შეუძლია დაიჯეროს, რომ ი. ე-ვს შეეძლო ეს ჩაედინა, არ იცოდა რატომ გაისროლა, უნდა მიიღოს მისგან პასუხი, თუ რატომ ჩაიდინა ეს (ს.ფ. 197).

დაზარალებულის მიერ ამ ჩვენების მიცემისას სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა განსასჯელი ი. ე-ვი, რაც სასამართლომ იმით ახსნა, რომ ბ. ბ-ვა ავადმყოფობის გამო წევს თავის ბინაში და გადაადგილება არ შეუძლია (ს.ფ. 201; 205).

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით ი. ე-ის ბრალის დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებად ჩათვალა სწორედ დაზარალებულ ბ. ბ-ას ჩვენება (ს.ფ. 226).

სასამართლომ დააღვია საქართველოს სსსკ-ის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებების გამოკვლევაში და გამოთქვან საკუთარი აზრი მათზე.

გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მკვლელობის მოტივი ვერ დგინდება და არ არსებობს ამ ხარვეზის შევსების შესაძლებლობა. ამის გამო, როდესაც არ არსებობს მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება, პირის მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 108-ე მუხლით (ს.ფ. 226).

აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ი. ე-ის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით (ს.ფ. 280).

ასევე, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ი. ე-ის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულად მიიჩნია დაზარალებულ ბ. ბ-ას ჩვენებით (ს.ფ. 279), თუმცა არ გამოასწორა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული კანონის დარღვევა და, საქართველოს სსკ-ის 533-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თავისი ინიციატივით, ხელმეორედ არ გამოიკვლია ეს მტკიცებულება _ არ დაკითხა დაზარალებული მსჯავრდებულის თანდასწრებით.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში შეიზღუდა მსჯავრდებულის უფლებები, მის დაუსწრებლად დაზარალებულის დაკითხვამ ხელი შეუშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას და, შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად დაირღვა.

საქმის ხელახლა განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობამ უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული გარემოებები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განაჩენი ი. ე-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.