ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹963აპ ქ. თბილისი
6 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მარტის განაჩენით გ. ჩ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
მძღოლის მოწმობის შეძენისა და გამოყენების მიზნით, 2003 წლის მარტში, გამოძიებით დაუდგენელ რიცხვში, გ. ჩ-ლი მივიდა ---ის შს სამმართველოს საგზაო პოლიციის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც მას ჩამორთმეული ჰქონდა 1984 წელს მიღებული მძღოლის მოწმობა. ადმინისტრაციის შენობაში მას შეხვდა მისთვის უცნობი, პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირი, რომელმაც განუმარტა, რომ 1984 წელს მიღებული მართვის მოწმობა იყო შესაცვლელი, ამასთანავე, გააგზავნა მცხეთის ბანკში სათანადო ქვითრის ასაღებად. თავის მხრივ, გ. ჩ-მა იმავე დღეს უცნობ პოლიციელს წარუდგინა ქვითარი 30 ლარის გადახდის შესახებ, ადმინისტრაციის შენობაში გადაიღო ფოტო და ორი სურათი მისცა იმავე პოლიციელს, რომელმაც გ. ჩ-ლი დაიბარა მეორე დღეს მძღოლის მოწმობის გადასაცემად. შეთანხმებისამებრ, მეორე დღეს გ. ჩ-ლი მივიდა პოლიციის შენობაში, უცნობმა პოლიციელმა მას გადასცა მოწმობა, რომელიც გ. ჩ-მა გადაიღო სახლში ფერად ქსეროქსზე და მასში მიუთითა „Е» კატეგორია. იგი აღნიშნულ მოწმობას იყენებდა 2006 წლის 30 მარტამდე.
აღნიშნული ქმედებისათვის გ. ჩ-ლს განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა გირაოს შემტანს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-ემ. მან ითხოვა გ. ჩ-სათვის დაკისრებული ჯარიმის 500 ლარამდე შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: გ. ჩ-ლს განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი გ. ჩ-ის მიმართ ზედმეტად მკაცრია და უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულმა გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; ის უმუშევარია; მისი ოჯახის განიცდის მძიმე მატერიალურ გაჭირვებას; ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი; ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული; სასამართლომ მას ისე განუსაზღვრა 4000 ლარი ჯარიმა, რომ საერთოდ არ იმსჯელა გ. ჩ-ის ქონებრივ მდგომარეობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ლ. კ-ძე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ჩ-სათვის დაკისრებული ჯარიმის 500 ლარამდე შემცირებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა გ. ჩ-მა გამოიყენა ყალბი დოკუმენტი. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის ჩვენებებიც, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ თვითონ დაამზადა ყალბი მართვის მოწმობა, რომელიც გამოიყენა 2006 წლის 30 მარტს.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ჩ-სათვის ჯარიმის სახით სასჯელის 500 ლარამდე შემცირების თაობაზე, საკასაციო პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის _ მსჯავრდებულის ეკონომიკური მდგომარეობა და გ. ჩ-ლს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივებით უფრო მეტად შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებულ გ. ჩ-ლს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი _ ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენი შეიცვალოს: «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებულ გ. ჩ-ლს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი _ ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.