გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-17-კ-ს-01 19 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველსო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),ნ. კლარჯეიშვილი,ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: შპს «ე.» და «ფ. ქ.» დაზუსტებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიის გაუქმებამდე მათ მფლობელობაში არსებული მიწის ფართობისა და სამთო მინაკუთვნის დაყადაღება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორის სს «ე. ქ.» სარჩელი, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 1997 წლის 27 ივნისსა და 2 ივლისს შპს «ფ. ქ.” და შპს «ე.» გაცემული ლიცენზიები და სს «ე. ქ.» 59,5 ჰა სადავო მიწის ნაკვეთის მუდმივ სარგებლობაში გადაცემა კანონიერად იქნა მიჩნეული, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინებით.
2001 წლის 5 თებერვალს შპს «ე.» ქუთაისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეთა მიმართ და «წიაღის შესახებ», «მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ» კანონებისა და «წიაღის სარგებლობის ლიცენზირების წესის შესახებ» დებულების შესაბამისად მოითხოვა მისთვის ლიცენზიის გაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცემული ლიცენზიის ძალადაკარგულად ცნობის გამო მიყენდებული ზარალის – 979 000 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება. 2001 წლის 7 თებერვალს იგივე საფუძვლით, ანალოგიური სარჩელი აღძრა შპს «ფ. ქ.» და ფერადი ქვის დასამუშავებლად მოითხოვა მის სახელზე ლიცენზიის გაცემა ან ლიცენზიის გაუქმებით მიყენებული ზიანის – 574 000 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება. 2000 წლის 20 მარტს შპს «ე.» და «ფ. ქ.» წარმომადგენლებმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც შეამცირეს 5 და 7 თებერვალს წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის ლიცენზიის გაცემის დავალების ნაწილში და მოითხოვეს ლიცენზიის ძალადაკარგულად ცნობის გამო მიყენებული მატერიალური ზარალის, სულ 1 554 000 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრება. იმავდროულად მოსარჩელეებმა მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიის გაუქმებამდე მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და სამთო მინაკუთვნის დაყადაღება და დაყადაღებულ ქონებაზე მოპასუხეთათვის აუქციონის ან კონკურსის ჩატარების აკრძალვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 20 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შპს «ე.» და შპს «ფ. ქ.» შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო ლიცენზიის გაუქმების მომენტისათვის მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ფართობსა და სამთო მინაკუთვნს, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა სს «ე. ქ.» წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმე კერძო საჩივართან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის.
2001 წლის 29 მაისს შპს «ე. ქ.» დირექტორმა ა. პ-ძემ და შპს «ფ. ქ.» დირექტორმა ე. ლ-ავამ წერილობით მიმართეს საკასაციო პალატას, რომლითაც დაეთანხმნენ სს «ფ. ქ.» კერძო საჩივარს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის მოხსნის თაობაზე და იშუამდგომლეს სარჩელის უზრუნველყოფაზე საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
სს «ე. ქ.» კერძო საჩივრის, ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებების, საქმის მასალებისა და შპს «ე.» და «ფ. ქ.» შუამდგომლობის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეების შპს «ე.», «ფ. ქ.» შუამდგომლობა და სს «ე. ქ.» კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 20 მარტის და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 23 მარტის განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს «ე.» და «ფ. ქ.» მიწის ნაკვეთისა და სამთო მინაკუთვნის დაყადაღების შესახებ, ვინაიდან ყადაღის საკითხში მხარეები მორიგდნენ, სს «ე. ქ.» კერძო საჩივარს იზიარებენ მოსარჩელენი, ისინი უარს ამბობენ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე და თავადვე შუამდგომლობენ მათ სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოტანილი განჩინების გაუქმებაზე, რაც სამართლებრივად წარმოადგენს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპის რეალიზაციას და საკასაციო პალატას დასაშვებად მიაჩნია, რადგან კერძო სამართლის იურიდიული პირების – შპს «ე.» და «ფ. ქ.», ასევე სს «ე. ქ.» დისპოზიციურობა ადმინისტრაციულ პროცესში შეუზღუდავია.
ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სს «ე. ქ.» კერძო საჩივარს ამ დავის განხილვისას ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის არაგანსჯადობის ნაწილში, რადგან დავა თავისი იურიდიული ბუნებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივია, მოსარჩელე შპს «ე.» და შპს «ფ. ქ.» ითხოვს ლიცენზიის ძალადაკარგულად ცნობის გამო მათთვის მიყენებული ზიანის 155400 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებას. მოპასუხეები არიან ადმინისტრაციული ორგანოები: თერჯოლის რაიონის სოფ. .... საკრებულო, თერჯოლის რაიონის გამგეობა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ამ სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველო. ამდენად, დავა სამართლებრივად წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტით გათალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, რომელიც ამავე კოდექსის 26-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს უფლებამოსილმა სასამართლომ – ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ, ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის განჩინება ამ შემთხვევაში გამოტანილია არაგანსჯადი სასამართლოს – სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ, რაც საკასაციო პალატის აზრით, უხეში საპროცესო დარღვევაა და განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I და მე-3; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 390-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ე. ქ.» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 20 და 23 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს «ე.» და შპს «ფ. ქ.» იმ მიწის ნაკვეთისა და სამთო მინაკუთვნის დაყადაღების შესახებ, რომლებსაც ისინი ფლობდნენ ლიცენზიის ძალადაკარგულად ცნობის მომენტისათვის.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.